"კვირის პალიტრასთან" ერთად თქვენს ოჯახში სააღდგომო საჩუქარიც შემობრძანდა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრასთან" ერთად თქვენს ოჯახში სააღდგომო საჩუქარიც შემობრძანდა

წელს თითქოს ადრე გაზაფხულდა, ადრე აყვავდნენ ხეები და მერე სულ შიშით ვუყურებდით, ავდარმა არ დაზაფროს, ქარიშხალმა ყვავილებისგან არ გაძარცვოს-მეთქი. გაზაფხულის ნაადრევი მობრძანება კიდევ ერთხელ მაშინ გავიხსენე, როცა უკვე მერამდენედ "კვირის პალიტრის" სასაჩუქრე ხატებისა და სანთლების საკურთხებლად მივყვებოდი სტამბაში მღვდელ-მონაზონ იოანეს. ჩვენც - ყველანი ხომ ამ აყვავებული, დაუცველი ხეებივით ვართ ათას თავსხმასა და ქარბორბალაში და ერთადერთ იმედად უფლისკენ მიმავალი გზა დაგვრჩენია.

გზადაგზა მამა იოანეს საუბარს ვუსმენდი: - რა ვიწროა მაცხოვრის გზა და როგორ ვიწროვდება თანდათან, როგორ გვინდა ხოლმე სარწმუნოება მოვარგოთ ჩვენს ცხოვრებას და არა პირიქით, სარწმუნოებას მოვარგოთ ჩვენი ცხოვრება...

სტამბაში ხატ-სანთლები უკვე გამზადებულია. სანთლებს მარადიულ ცეცხლზე აქვთ თავი მომწვარი. წელს "კვირის პალიტრა" მკითხველს სთავაზობს საბერძნეთიდან სამების საკათედრო ტაძარში ჩამობრძანებულ კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს. სანთლები კი ისევ წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ჩამოიქნა, იმ სახლში სადაც ადრე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ცხოვრობდა.

სანთლებს ვანთებთ და კურთხევა იწყება. მამა იოანეს ლოცვის ხმა სიმშვიდედ ეფინება აქაურობას. გულში ვლოცულობთ ყველა იმ ადამიანისათვის, ვის ოჯახშიც "კვირის პალიტრასთან" ერთად ჩვენი სააღდგომო საჩუქარიც შებრძანდება, ვინც ამ სანთელს აანთებს ხატის წინ.

მამა იოანე "კვირის პალიტრის" მკითხველსა და ყველა მართლმადიდებელს ლოცავს: - უფალმა დალოცოს, უფალმა მოგვცეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. თანაზიარი ვყოფილიყავით ამ დიდი დღესასწაულის სიხარულისა. ეს დღე ყოფილიყოს განახლებისა და სულიერი აღდგომის დღე უფალში ყველასათვის!

"კვირის პალიტრა" გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენთვის ახალი მფარველისა და დამცველის გაჩენის სურვილით გჩუქნით ხატ-სანთლებს, რომელთა მეშვეობითაც კიდევ ერთხელ შეავედრებთ უფალს საქართველოსა და მთელი დედამიწის გადარჩენას.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!