"ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო" - წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები - კვირის პალიტრა

"ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო" - წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები

უფალმა ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი

მე-6 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა ბარბარე - მდიდარი და დიდებული წარმართის, დიოსკორეს მხოლოდშობილი ასული. მამას ძალიან უყვარდა შვილი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის სახსოვრად დარჩენოდა და მისი გასაოცარი მშვენების შემხედვარეს სურდა, გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა. სწორედ ამიტომ ააგო კოშკი, რომელშიც გამოკეტა ბარბარე და წარმართი აღმზრდელის გარდა, არავის უშვებდა მასთან.

დატყვევებული გოგონა სარკმლიდან შეიმეცნებდა სამყაროს - დღისით და ღამით ღვთის შექმნილი ბუნების მნახველი მიხვდა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი ერთი ღმერთია და არა ის კერპები, რომლებზეც აღმზრდელები მოუთხრობდნენ. ამიტომ დაიწყო შეევედრა იმ ღმერთს, რომლის სახელიც კი არ იცოდა, განეცხადებინა ჭეშმარიტება. უფალმაც შეისმინა მისი და ალექსანდრიის ხუცესს უბრძანა, ილიოპოლში ჩასულიყო ბარბარესთვის ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მის ჩასვლამდე მამამ ბარბარეს კოშკიდან გამოსვლის ნება დართო, თავად კი შორს გაემგზავრა საქმეზე. ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო და მათგან შეიტყო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ხოლო უფლის ნებით ალექსანდრიიდან ჩასულმა ხუცესმა მონათლა იგი.

დიოსკორეს ბრძანებით ბაღში აბანოს აშენებდნენ, რომელსაც ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა, - მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად. ბარბარემ კი, რომელიც ბაღში დასეირნობდა, მშენებლებს მესამე სარკმელიც გააკეთებინა, ხოლო შინ დაბრუნებულ მამას ყოვლადწმიდა სამების შესახებ უქადაგა. განრისხებული დიოსკორე შვილს მოსაკლავად გამოენთო, მაგრამ ბარბარე გაექცა გამძვინვარებულ მამას და კლდის ნაპრალს შეაფარა თავი. მამამ მაინც მიაგნო დევნილს, თმით ჩამოათრია ქალაქში და ქალაქის მმართველს მიჰგვარა. ქალწული იმდენად ლამაზი იყო, რომ მოხიბლულმა მმართველმა ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება, მაგრამ ვერ შეძლო და გაწბილებულმა ბარბარეს გაშოლტვა ბრძანა. დაუნდობლად ნაგვემ ქალწულს უხეში ჯვალოთი უწმენდნენ ჭრილობებს. ბოლოს საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ მხურვალედ მლოცველ მოწამეს თავად უფალი გამოეცხადა და სრულად განკურნა. ქალაქის მმართველმა ეს სასწაული კერპებს მიაწერა და ბარბარეს მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მაშინ ხეზე მიაბეს და რკინის კავებით დაუგლიჯეს სხეული, მერე მკერდი ჩამოათალეს, შემდეგ ტანსაცმელი შემოაძარცვეს და ისე გაატარეს ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ანგელოზმა თავისი მოსასხამით დაუფარა ქალწულს სხეულის სიშიშვლე. ბოლოს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, - მარტვილი თავად მამამ გაიყვანა დასასჯელად და საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი მხოლოდშობილ ასულს, რომელიც ერთ დროს ესოდენ უყვარდა. როგორც კი ასულს მახვილი დასცა, მაშინვე ზეციდან გარდამოსულმა ელვამ დასწვა მკვლელი, ხოლო ფერფლი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ქალაქის მმართველს კი სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც არ დარჩენილა.

მას შემდეგ 16 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ქრისტიანები დღესაც დიდ პატივს მიაგებენ ქრისტესთვის წამებულ ქალწულს, დიდმოწამე ბარბარეს, რომელიც ყრმათა მფარველად ითვლება, და მას ავედრებენ საკუთარ შვილებს.

kvirispalitra.ge გილოცავთ ბარბარობას და წმინდა ბარბარეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.

XVII საუკუნეში რუსეთში, ძმათამკვლელი ომის დროს, წმინდა მიქაელის მონასტრის წინამძღვარმა ძილში იხილა, რომ წმინდა ბარბარეს ლუსკუმა ზეთით იყო ავსებული. წმინდა მოწამემ კი უთხრა, - ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო. როცა წინამძღვარს გაეღვიძა, თქვა: -”ზეთით ავსებული ლუსკუმა იმას ნიშნავს, რომ მონასტერს ღვთის წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელებსაც გადაურჩებაო. ასეც მოხდა.

1666 წელს ჯარისკაცებმა - ანდრიამ და თეოდორემ წმინდა ბარბარეს ლუსკუმიდან  შეწირული ძვირფასეულობის მოპარვა გადაწყვიტეს. ღამით ტაძრის კარი შეამტვრიეს. როცა ლუსკუმას მიუახლოვდნენ, საშინლად იქუხა და ლუსკუმიდან ნაპერწკლები გამოიფრქვა. შეშინებული ქურდები მიწაზე დაემხნენ.

ერთი მათგანი მაშინვე დაყრუვდა, მეორე კი გაგიჟდა. როცა დაყრუებული გონს მოვიდა, მიხვდა, ღვთის სასჯელი ეწიათ. ხელი არაფრისთვის უხლია, თავის შეშლილ მეგობართან ერთად იქაურობას გაეცალა. მან ცოდვა მოძღვრის წინაშე აღიარა და გულწრფელი სინანულით აღვსილმა წმინდა ბარბარეს შენდობა სთხოვა.

გაგრძელება