წმინდა ნიკოლოზის სასწაულები
19-12-2016
წმინდა ნიკოლოზის სასწაულები
გილოცავთ საქართველოს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს! გთავაზობთ რამდენიმე სასწაულს საკვირველმოქმედი წმინდანის ცხოვრებიდან.

გულსაკიდი ხატი


დიდი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზისა მამა გაბრიელს (ურგებაძე).
ერთხელ კაცთა ცილისწამებით შეწუხებულმა ბერმა ჩამოიკიდა გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი და ბათუმში ზღვაში შევიდა - უფალო, თუ სათნოა შენთვის ჩემი ცხოვრება, გადამარჩინეო. იმ დროს ზღვის ახლოს სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცებთან მოხუცი, თეთრწვერა, მელოტი კაცი მივი
და და უთხრა, - ზღვაში კაცი იხრჩობა და გამოიყვანეთო. როცა ჯარისკაცებმა გაბრიელი ზღვიდან გამოიყვანეს და გულზე ჩამოკიდებული ხატი უნახეს, ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზის ხატში სწორედ წეღანდელი ბერიკაცი შეიცნო - რუსეთში შინ მაქვს მისი ხატი, ნამდვილად წმინდა ნიკოლოზი იყოო.

გემის გადარჩენის ამბავი

ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა თაყვანისსაცემად მიემგზავრებოდა, მირონისკენ მიმავალ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი
ზეთი წაეღოთ წმინდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ათამაშებდა ხომალდს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვა­ში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. გემს მიუახლოვდა, დაიძახა: - გადააგდეთ ზღვაში ზეთიანი ბოთლი. იმ ქალის ხელით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.

მაშინვე შეასრულეს წმინდანის ნება. ბოთლიდან ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმინდანმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი ზურგის ქარმა დაუბრკოლებლად მიაყენა ლუკიის ნაპირებს. სასწაულებრივად გადარჩენილმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.
ხალიჩის ამბავი

ერთი კონსტანტინოპოლელი პატიოსანი ხელოსანი წმინდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო გამსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში ძალიან დაძაბუნდა და სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელ, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის მოახლოებისას, მოხუცმა Dშესჩივლა მეუღლეს, - ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავადო.
- შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი, გავყიდოთ და აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღე, - ურჩია ცოლმა.
მოხუცმა ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზად წმინდა ნიკოლოზი შემოხვდა დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:

- საით მიდიხარ, მეგობარო?
- ხალიჩა უნდა გავყიდო.

- როგორ ყიდი? - ჰკითხა მოხუცმა.
- ადრე 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი, რაც გინდა, ის მიბოძე, - უთხრა ხელოსანმა.
წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო: - შენ რა, საკუთარ თავს ელაპარაკებიო?!

- ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა ჩემი ხალიჩა მოხუცმა?
არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.
ამასობაში წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა: შენს ქმარს დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთვის მომეტანა - შემინახოსო, და ქალს გაშორდა.
ხელოსნის ცოლს ეგონა, ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვა და შინ დაბრუნებულს უსაყვედურა, - წმინდა ნიკოლოზისათვის მიცემული აღთქმა როგორ დაარღვიეო.

- ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? - ჰკითხა დაბნეულმა ცოლს. მანაც დაწვრილებით აუწერა მოხუცი. ხელოსანმა სიხარულით შესძახა, - წმინდა ნიკოლოზს უყიდია ჩემგან ხალიჩაო.
ორივემ მუხლმოდრეკით მადლობა შესწირა ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს.

"შეგცოდე, წმინდაო, შემინდე"


ერთ კონსტანტინეპოლელ ღვთის მოშიშ, მოგზაურობის მოყვარულ მოწყალე ადამიანს, თეოფილეს, გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა, ვინმეს დააწერინე მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები და პატრიარქ ათანასეს აჩვენეო. თეოფილე ასეც მოიქცა. პატრიარქი მოვიდა, ჯერ მაცხოვრის ხატს ეთაყვანა, მერე - ღვთისმშობლისას, წმინდა ნიკოლოზის ხატის დანახვაზე უკმაყოფილოდ თქვა, - მირონლუკიელი ნიკოლოზი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და განა შესაძლებელია მისი ამათ გვერდით ყოფნაო და ბრძანა, გაეტანათ ხატი, ფერმწერს კი აუკრძალა ხატების წერა. მერე მიუჯდა ტრაპეზს და შეექცა. თეოფანემ ნახა, რომ ღვინო გამოლეოდა. გვიანი იყო და ვეღარსად იშოვიდა. გავიდა იმ ოთახში, სადაც გაიტანეს წმინდა ნიკოლოზის ხატი და შესთხოვა, ეხსნა ამ უხერხულობისგან. უკან შესულს ღვინის ჭურჭელი სავსე დახვდა. მიართვა ღვინო პატრიარქს. იგი ძალიან ეგემრიელათ სტუმრებს.

მეორე დღეს კუნძულ გერდელადან მომავალ პატრიარქს ქარიშხალმა მოუსწრო და მორევში გადააგდო. გაახსენდა წმინდა ნიკოლოზი და შესძახა, - ვცოდე შენს წინაშე, წმინდაო ნიკოლოზ, მაპატიე და მიხსენი სიკვდილისაგანო. უმალ გამოეცხადა წმინდანი, ხელი ჩაავლო და უთხრა, - განა დაბალი წარმომავლობისა არა ვარ?! რატომ მიხმობო?

- შემინდე შეცოდება და ამიერიდან სულ გადიდებ, როგორც გაჭირვებულის მსწრაფლშემწეს, - მიუგო პატრიარქმა.

- საყვარელო ძმაო, ღმერთმა ჩემი ხელით გიხსნა დახრჩობისაგან. იარე მშვიდობით და მწყემსე ქრისტეს სამწყსო, - უთხრა წმინდანმა.
გადარჩენილმა პატრიარქმა გამოითხოვა თეოფანესაგან წმინდანის ხატი, საზეიმო ლოცვით დააბრძანა სოფიას ტაძარში. მერე მონასტერი და ეკლესიაც ააშენა მის სახელზე და იქ გადააბრძანა მღვდელმთავრის ხატი.

მოამზადა მანანა ჯანელიძემ
luxo
05 იანვარი 2017 11:22
ბედნიერია ის, სასწაულის რომ სჯერა,
მაგრამ მე რა ვქნა უფალო, რომ, რომ სავლე ვარ ჯერაც.

რედაქტორის რჩევით