თამარს ვაქებდეთ მეფესა!.. - კვირის პალიტრა

თამარს ვაქებდეთ მეფესა!..

14 მაისი წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეა. დღესასწაულს ვულოცავთ ყველას, ვისაც თამარის დროინდელი საქართველო ენატრება.

შარშან ზაფხულს "კვირის პალიტრის" რამდენიმე თანამშრომელი მოსალოცად ტაო-კლარჯეთში იყო წასული. ხახულის ტაძართან ბავშვები შემოეგებნენ. გურჯები ხართო? - ჰკითხეს. არაო, - უპასუხეს პატარებმა და მათთან ერთად ეკლესიაშიც შევიდნენ. ხოლო როცა "გურჯებმა" გალობა წამოიწყეს, ღვთისმშობლის დიდებაში მათ ერთი თორმეტიოდე წლის გოგონაც აჰყვა. მან მეორე საგალობელიც იგალობა, მესამეზე კი თქვა, - არ ვიციო. თურმე ისიც "გურჯი" ყოფილა და ვინაობას მალავდა. სახელი ჰკითხეს. თამარა მქვიაო...

საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ლამის ყოველ ციხე-კოშკს, ტაძარსა თუ ხიდს წმინდა თამარ მეფის აშენებულს ეძახიან. მრავალი ლეგენდაა ერის მეხსიერებაში შემორჩენილი.

აქიმდედოფალი. ფშავში, ერთ მაღალ მთაზე, რომელსაც "ხმელგორს" ეძახიან, დგას ფშაველთა მთავარი სალოცავი ლაშარის ჯვარი. მის პირდაპირ, არაგვს გაღმა, მთის კალთაზე, "ღელეს" რომ უწოდებენ, თამარის ხატის საბრძანისია. თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ევედრებიან და "აქიმდედოფალს" უწოდებენ, წამლის სახსრად ცხვარს სწირავენ, ზოგჯერ ციკანსაც უკლავენ. თამარის ხატი წინათ მდიდარი სალოცავი იყო, თავისი მამულები ჰქონდა, მის ცხვარ-საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ, დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა. ღელეობას (რომელიც 19 ივლისს, ლაშარობის კვირის თავზე იწყებოდა) პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს სწირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს წყალობა და დღეგრძელობა მიეცა.

სამხრეთ-დასავლეთი საქართველო. როცა მურღულის ხეობაში შესვლა დაიწყეს ოსმალებმა, მურღულელებმა ხეობის კარი შეკრეს და მტერს შეუთვალეს: - ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ მისი აღების ნებასო. სამწუხაროდ, დიდი სისხლის ფასად ოსმალებმა ბოლოს მაინც გაათათრეს მურღულის ხეობაც და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ წმინდა მეფე თამარი. XIX საუკუნეში იქაურები ამბობდნენ, - ოშკი, იშხანი, ხახული და ოთხთა ეკლესია თამარ მეფემ ააშენაო. მას ისეთი თეთრი რაში ჰყავდა, ერთ დღეში მოივლიდა ამ ტაძრების მიდამოებსო. თამარს, ოთხთა ეკლესიას რომ აშენებდა, ფული არ ეყო და თმის სამკაული გაყიდაო. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდეზე ხელისგულის გამოსახულებას - თამარ მეფის ხელის ნაშთიაო.

ერთმა ევფრატელმა ცეცხლაძემ უამბო ზაქარია ჭიჭინაძეს: თამარ მეფე კარჩხალის მთაზე დასახლებულა. მთის წვეროზე, ერთ ვაკე ალაგს "თავკალო" დაარქვეს. აქ მეფის ბრძანებით ტბა გააჩინეს, იქვე მშვენიერი კოშკი ააგეს, რომელსაც გარს სულ ირმის რქები ეკრა. სამეფო საქმეების მოლევის შემდეგ თამარი სტუმრებს იღებდა, რომელთაც აუცილებლად სამეფო ტანსაცმელი უნდა სცმოდათ, ეს ტანსაცმელი კი სოფელ ევფრატში ერთ დიდ სასახლეში ინახებოდა. თამარის ბრძანებით, კარჩხალიდან ევფრატამდე საურმე გზა იყო გაყვანილი. ერთხელ თამარს კოშკიდან ევფრატის ეკლესიის გვერდით ბრწყინვალე ცეცხლის სვეტი შეუნიშნავს. ჩამოსულა სანახავად. დიდად არ მოსწონებია. უთქვამს, - ჩემი აქ მოსვლის სახსოვრად ხერთვისში დიდი ეკლესია უნდა ავაშენოო. მართლაც, დაუწყიათ მშენებლობა, მაგრამ რად გინდა? ხელოსნები თავიანთ იარაღს 8 ვერსის მოშორებით, ევფრატის ეკლესიის გვერდით პოულობდნენ. მაშინ თამარს ხერთვისში ეკლესიის შენებისთვის თავი დაუნებებია, ევფრატის ეკლესია ამ ხეობის ქართველთა დედაეკლესიად გამოუცხადებია და შეუმოსავს განძეულით.

ოსმალები აიძულებდნენ გამუსლიმანებულ ევფრატელებს. თამარისეული ტაძარი დაენგრიათ. როცა ვერა გააწყვეს რა, ქართველებს ოსმალებისთვის უთხოვიათ: ეკლესიას დავაქცევთ, მხოლოდ ნება მოგვეცით, ის კედელი დავტოვოთ, ჩვენს მამებს გამჩენი ღმერთის საკვირველება რომ უნახავთო. ოსმალები დათანხმებულან. ამბობენ, ხეირი არავის დაჰყრია, ვინც ამ ტაძრის ქვებით სახლი აიშენაო. ერთი თქმულებით, ტბეთის ტაძარი (ააფეთქეს XX საუკუნის შუა წლებში), თამარმა ააშენა და აქვეა დამარხულიო. ამიტომაც ოსმალებს ქართველთა თხოვნით აღარ დაუნგრევიათ და ჯამედ გადაუკეთებიათ. "ამბობენ, ეკლესიაში რომ დიდი ქვა ძევს, მის ქვეშ მარხია თამარ მეფეო", - ბრძანებს ზაქარია ჭიჭინაძე.

სვანეთი. 1885 წლის "დროებაში" ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები "თამარობ"-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა და წინასწარმეტყველ იოანეს (ენაშ) ეკლესია ლატალში და ყველა ხატ-ჯვრებითა თუ სხვა სამკაულით შეუმკია.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარ დედოფალს ცხოვრების უმეტესი ნაწილი სვანეთში გაუტარებია, უშგულელები დღესაც დაბეჯითებით უჩვენებენ თამარ დედოფლის საზაფხულო და საზამთრო სადგომებს. სვანების თქმულებით, თამარ მეფეს ორი მერცხალი ჰყავდა: ერთი თეთრი, მეორე შავი. ორივე - ოქროს ყუთში ჩამწყვდეული. როდესაც ქვეყნისათვის წვიმა იყო საჭირო, მაშინ შავ მერცხალს ცას დაანახებდა და მოვიდოდა ქვეყნის გამაპოხიერებელი მშვიდობიანი წვიმა. როდესაც თეთრ მერცხალს დაანახებდა ცას, მაშინ კი თოვლი მოვიდოდა. ამიტომაც თეთრ მერცხალს ძვირად თუ დაანახებდა ცის სინათლეს, რის გამოც თამარის დროს დიდი თოვლი არ მოდიოდა. უშგულელთა თქმით, თამარ დედოფლის საფლავზე, უშგულში, ბევრი ნაძვია და ამიტომ ვერავინ გაიგო, სად მარხია.

კახაბერ კენკიშვილმა