"იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა..." - თაბორის მთის სასწაული - კვირის პალიტრა

"იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა..." - თაბორის მთის სასწაული

ფერისცვალება საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღნიშნავს. ამ დღეს ქრისტემ თაბორის მთაზე წაიყვანა თორმეტ მოციქულთაგან სამი: პეტრე, იაკობი და იოანე-რწმენა, სასოება და სიყვარული – და მათ წინაშე იცვალა ფერი, რათა თავისი ღვთაებრივი ბუნება და ნათელი ეჩვენებინა. მოციქულებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჯვარცმა ქრისტესგან ღვთისმიერი მიუწვდომელი სიყვარულის გამო მისივე ნებით გაღებული მსხვერპლი იყო. წაიყვანა და "იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი" (მათე, 17, 1-2). თაბორის მთაზე მოციქულებმა უფალთან ერთად ზეციური ნათლით მოსილი ელია და მოსე წინასწარმეტყველებიც იხილეს, რომლებიც მაცხოვარს მოსალოდნელი ვნებისა და ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ.

გაოგნებული მოციქულები დიდხანს ვერ მოდიოდნენ გონს. ბოლოს პეტრემ სთხოვა მაცხოვარს: "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ". ამის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ და მოისმა ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ". შიშისაგან პირქვე

დამხობილი მოწაფეები ქრისტემ წამოაყენა. და მათ ნახეს, რომ ქრისტეს სახე აღარ უბრწყინავდა, ხოლო მოსე და ელია აღარსად ჩანდნენ. მაცხოვარმა გააფრთხილა მოციქულები, არსად ეთქვათ ნანახის შესახებ, ვიდრე არ აღესრულებოდა ჯვარცმა და აღდგომა.

თაბორისეულმა ნათელმა დაათმენინა პეტრეს ჯვარცმა, იაკობს მან დააძლევინა სიკვდილის შიში და იოანეს გული სწორედ მან აავსო დღემდე მიუწვდომელი და განუმეორებელი სიყვარულით - ეს ნათელი მიუძღოდა წინ სამივე მოციქულს ცხოვრების გზაზე; ამ ნათელმა გაუნათა სასუფევლისკენ სავალი მილიონობით ქრისტიანს და სწორედ იგი აღავსებს ქრისტეს აღმსარებლის გულს ნუგეშითა და სასოებით უმძიმესი განსაცდელების ჟამს.

ამ ნათლის მადლი არ მოგკლებოდეთ. გილოცავთ ფერისცვალებას!