მარიამობას გილოცავთ! - კვირის პალიტრა

მარიამობას გილოცავთ!

28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მივეგებებით. სადღესასწაულოდ განვადიდებთ წმინდა ქალწულის ამსოფლიდან გასვლას, რომელსაც მიძინება ეწოდა...

მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომისა და ზეცად ამაღლებს შემდეგ, ყოვლადწმინდა ქალწულმა კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა დედამიწაზე, იესოს ზეცად ამაღლების შემდგომ იგი იერუსალიმში, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა, მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ანუგეშებდა და განამტკიცებდა. მის სანახავად და მისგან მადლიანი სიტყვის მოსასმენად სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ ქრისტეს მიმდევრები.

წმინდა ქალწული ხშირად დადიოდა ქრისტეს საფლავზე და თავის ღვთაებრივ ძეს შესთხოვდა, მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელაც მლოცველ დედა ღვთისას ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან განსვლის ჟამი მოახლოვდა. სიხარულით აღივსო მარიამი. უფალს შესთხოვა, კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად გასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველად იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან განსვლის ჟამის დადგომის შესახებ. სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ აღთქმაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილებმა იხილეს, როგორ შემოერტყა სახლს ნათელი ღრუბელი. უფალმა აღასრულა თავისი ყოლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმიდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, არ იყო მხოლოდ თომა მოციქული. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა ისინი, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.

როდესაც მოიწია ჟამი ღვთისმშობლის მიძინებისა, წმინდა ქალწულმა თავის ძეს ყოველი დაბადებული შეავედრა, შემდეგ ზიარება მიიღო იაკობ მოციქულისგან. მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა – თავად უფალი იესო ქრიტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწული სარეცლიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულნი შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთსმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავს ძეს და უფალს: "შენი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცავ..."

ანდერძის თანახმად, მოციქულებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული გეთსიმანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსიმანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.

სამი დღის მანძილზე ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსიმანიაში მივიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთისმშობლის მიძინების ხილვისა. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომა მოციქულს წმინდა ქალწულის ნეშტის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს, მისი პატიოსანი გვამი აღარსად იყო. იგი ხორციელად იქნა აღყვანებული ზეცად. ეს სწორედ თომა მოციქულის წყალობით განცხადდა. მოგვიანებით მოციქულებს თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ანგელოზთა თანხლებით და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.