"სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა" - შობას გილოცავთ
07-01-2018
"სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა" - შობას გილოცავთ
7 იანვარს (ძველი სტილით - 25 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: "ამდენი უსამართლობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის უკუნი სიბნელის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. საშინელი, პირქუში სატანჯველის, სიცრუისა და ძალადობის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა!.."

გილოცავთ
ქრისტეშობას და გთავაზობთ საშობაო ამბებს:

ბეთლემის ვარსკვლავი

მოგვებმა, აღმოსავლელმა ბრძენმა ვარსკვლავთმრიცხველებმა, უჩვეულო ვარსკვლავი იხილეს და მიჰყვნენ მას იერუსალიმამდე. უკვე მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული იყო რწმენა იმისა, რომ უახლოეს მომავალში სწორედ იუდეაში დაიბადებოდა მაცხოვარი სოფლისა. ვერგილიუსი, ქრისტეს შობამდე ორმოცი წლით ადრე, თავის პოემაში "ბუკოლიკები", წერდა: "მოდის ახალი
დრო, მოხდება მოვლენა, რომლისკენაც დიდი ხანია ისწრაფვის ისტორია - კოსმოსური, მსოფლიო მასშტაბის, რომელიც დროს ახლიდან აითვლის"
.

პირველი საუკუნეების ქრისტიანი მწერლები (ეგნატე ღმერთშემოსილი, ორიგენე და ევსები) ფიქრობდნენ, რომ მოგვებს მიუძღოდათ განსაკუთრებული, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილი ვარსკვლავი. წმინდა იოანე ოქროპირი (IV) და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (XI) თვლიდნენ, რომ ეს ღვთაებრივი გონიერი ძალა გამოეცხადათ ვარსკვლავის სახით. "როცა ვარსკვლავს გაიგებ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთ-ერთია ჩვენ მიერ დანახული. არა, ეს იყო ღვთაებრივი და ანგელოზებრივი ძალა, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოეცხადა. რადგანაც მოგვნი ვარსკვლავთმრიცხველობას მისდევდნენ, უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მიიყვანა თავისთან, მსგავსად პეტრე მეთევზისა, თევზის სიმრავლით განცვიფრებული გაჰყვა ქრისტეს. ის, რომ ვარსკვლავი ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისითაც კაშკაშებდა.

შობის მღვიმე

უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრობის ადგილად იქცა.

იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.
მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ ჰკიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.

ქრისტეს ბაგა

მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.

ქრისტეს შობის ტაძარი

ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.

ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.

ბეთლემის ღვთისმშობელი

ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო სახლს XIX საუკუნეში შეუწირავს. ხატი ოდიგიტრიის ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. უკვე ჩვენს დროში ბეთლემის ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ პალესტინელი ქრისტიანები მიაგებენ პატივს, არამედ მუსლიმანებიც. ტრადიციით, ამ ხატს, რომელიც მღვიმის შესასვლელშია დასვენებული, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა ქრისტე მაცხოვარი, შვილების მონიჭებას და ოჯახურ კეთილდღეობას ევედრებიან. ბეთლემის ღვთისმშობლის ხსენება 15(28) აგვისტოსაა.

მწყემსთა ველი

ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძრის აღმოსავლეთით გადაჭიმულ მწყემსთა ველზე საეკლესიო ნაგებობები და პატარა არქეოლოგიური მუზეუმია. ადრექრისტიანობიდან მოყოლებული, მწყემსთა ველი ქრისტიანთა თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა.

სახარება მოგვითხრობს, რომ ანგელოზი მწყემსებს გამოეცხადა მღვიმეში, სადაც ისინი ზამთრის ღამეს ფარას პარსავდნენ. ესმათ რა სასიხარულო ამბავი კაცობრიობის მხსნელის შობისა, მაშინვე ისწრაფეს და პირველებმა თაყვანი სცეს მესიას. ბიზანტიურ პერიოდში მღვიმეზე ტაძარი აღიმართა. მიწისზედა ნაწილის დანგრევის მერე ღვთისმსახურება ქვედა ნაწილში, ე.წ. კრიპტში გაგრძელდა. ტაძრის ერთ-ერთ კედელთან მონიშნულია იმ მწყემსთა საფლავი, რომელთაც ანგელოზის ხმა ესმათ.

მოგვების საჩუქარი

სამმა აღმოსავლელმა ბრძენმა, რომელთაც სახარება მოგვებს უწოდებს, ახალშობილ მესიას მიართვეს: ოქრო, როგორც მეფეს; გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური, როგორც ადამიანს. მოგვებს ერქვათ ბალთაზარი, გასპარი და მელქიორი.

მოგვების საჩუქრებს სათუთად ინახავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უფლის დედამ სიწმინდე იერუსალიმის ეკლესიას გადასცა, სადაც ის ღვთისმშობლის სარტყელთან და შესამოსელთან ერთად, 100 წელი ინახებოდა, შემდეგ იმპერატორმა არკადიმ კონსტანტინოპოლში გადაასვენა. მოგვიანებით ნიკეაში მოხვდა, იქიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. დედაქალაქის დაცემისას (1453) საგანძური ათონის წმინდა პავლეს მონასტერში გადაასვენეს. XV საუკუნეში მონასტერი აღადგინა სერბეთის მთავარმა გიორგი ბრანკოვიჩმა. მისი ქალიშვილი მარა (მარიამი) სულთან მურად II-ის ცოლი იყო. მისმა შვილმა მაჰმუდ დამპყრობელმა 1453 წელს იერიშით აიღო კონსტანტინოპოლი. ქალაქის აღებისას დედოფალმა სიწმინდე გადაარჩინა - იმპერატორის საგანძურში ნაპოვნი ოქროს საკმევლისა და მურის ნაწილი ათონის მთაზე მიაბრძანა. სურდა, თვითონვე მიეტანა საგანძური მონასტერში, მაგრამ მოესმა ხმა უფლის დედისა, რომელიც მას და ყველა დედაკაცს უკრძალავდა ათონის ტიპიკონის დარღვევას და მთაწმინდაზე ფეხის დადგმას.

მოგვების ოქრო მცირე ზომის 28 ჩამოსაკიდი ფირფიტაა, თითოეულზე გამოსახულია უწვრილესი ფილიგრანული ორნამენტი, საკმეველი და მური კი 70 ცალი პატარა ბურთულაა. მოგვების განძს სასწაულმოქმედების მადლი აქვს და მრავალი ეშმაკეული განუკურნავს.

ბეთლემელი ყრმანი

მეფე იროდის ბრძანებით მოწყვეტილ ბეთლემელ ყრმებს უძველესი დროიდან პატივს მიაგებენ, როგორც მოწამეებს, ქრისტესთვის და ქრისტეს ნაცვლად ვნებულებს.

განრისხებულმა მეფემ, რომელიც თავის ხელისუფლებას იცავდა, ბრძანა, ბეთლემსა და მის საზღვრებში, ორ წლამდე ასაკის ყველა პატარა მოეკლათ. იმპერატორმა ავგუსტუსმა გაიგო, დახოცილ ყრმათა შორის იროდის პატარა ვაჟი ანტიპატრიც იყო და თქვა: "სჯობს იყო იროდის ღორი, ვიდრე შვილი". ნეტარი იერონიმე წერს, ბეთლემში "მრავალი ათასი" ყრმა ამოწყვიტეს, მართლმადიდებლური გადმოცემით - 14000 ადამიანი. წმინდა ეპისკოპოსების: ლიონელის (202) და კვიპრიანე კართაგენელის (258) ნაშრომებიდან ჩანს, რომ მათ დროს ბეთლემელ ყრმებს უკვე წმინდანებად თვლიდნენ. მათი ნაწილნი ინახებოდა ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში. შემდეგ გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და ქალკოპრატიას ღვთისმშობლის ეკლესიაში დაასვენეს. თუმცა XII საუკუნის II ნახევრიდან პილიგრიმთა ჩანაწერებში კვლავ ვხვდებით ბეთლემელ ყრმათა ნაწილებს.


კახაბერ კენკიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები