დედა ელენეს ლექსი პატრიარქს - კვირის პალიტრა

დედა ელენეს ლექსი პატრიარქს

გთავაზობთ დედა ელენეს პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს.

უფალმა ჩვენ ერს კვლავ მოხედა მოწყალე თვალით

და მოგვივლინა თვისი რჩეული - ჩვენი მოსე, ჩვენი ილია . . .

ორმოცი წელი სისხლითა და ცრემლით მორწყულ

ეკლიან გზაზე სამწყსოს ტარება არ ადვილია.

ღვარცოფს, წამლეკავს, აღმა მიჰყვება - ის ჯვარცმულია,

ერის ცოდვების, მოუნანიებელ მძიმე ცოდვების კვლავ მტვირთველია,

უგულო ძეთა და ასულთაგან ჯვარს გაკრულია.

ორმოცი წელი მოგვიწოდებს "ერთად ღვთისაკენ"

მუხლჩაუხრელად გზას გვიკვალავს, წინ მიგვიძღვება

თავისუფლების მწვერვალისაკენ . . .

არასდროს გვტოვებს განსაცდელში ერის მამა, ჩვენი მოსე, ჩვენი ილია.

ესეც ალბათ ჩვენი გამოცდაა და განსაცდელიც ისევ ჩვენი გასავლელია.

ჰოი, ერო, ნუ იქნები.უმადური, დაუნახავი,

გაიგონე ხმა უფლისა, ყური მიუგდე რას გეუბნება თვითონ უფალი:

ნუ გარბიხარო ეგვიპტეში სულსწრაფი და მიუსაფარი,

გესმის? მე ვარო შენი მეკვაშირე, ღმერთია და ღვთისმშობელი შენი პატრონი.

გაიხსენე, ნუ გავიწყდება შენი ფესვები, შენი წარსული,

ნუ დაივიწყებ შენ წინაპრებს და მათ საფლავებს

ნუ მიაყრი უწმინდურობას, ფერფლსა და ნაგავს;

ყური მიაპყარ ერის მამის შეგონებას

და მოწოდებას ნუ მიიჩნევ მშვენიერ ზღაპრად;

ნუ დაიღუპავ თავს, ნუ მოჭრი იმ ტოტს, რომელზეც ზიხარ,

ნუ გაახარებ მტერსა და დუშმანს, მის წისქვილზე ნუ დაასხამ წყალს,

ფართო შარაგზით სიარულით მოიჯაყავ და წააგებ თავს.

ნუ გაიწვდი ხელს სამათხოვროდ, კაცურ კაცობას ნუ მიჰყიდი სხვას,

პატივი მიაგე სტუმარს და უცხოს,

ნურც შენ ღირსებას დაივიწყებ, ნურც საკუთარ თავს.

ნუ იხოხებ ფრენისათვის დაბადებული,

ნუ გააცუდებ მამის ამაგს და თავდადებას,

მამის უსაზღვრო სიყვარულსა და მოთმინებას,

ამდენ წყალობას, ამდენ საუნჯეს ნუ გაატან წყალს.

თვალიდან ლიბრი მოიშორე, ყურიდან ბამბა,

რომ დაინახო ვერდანახულიდა გაიგონოვერგაგონილი.

სხვაგვარად როგორ დაიმდაბლებ თავს,

ამპარტავნებასა და ცუდმედიდობას ნუ შესწირავ სამშობლოსა და საკუთარ ხალხს.

ეს ყველაფერი ძვირად დაგიჯდება, თუ ვერ გაარჩევ ავისაგან კარგს,

რაც სისხლით დავიცავით და დღემდე მოვიტანეთ

ნუ გაასხვისებ, ნუ დაკარგავ მას . . .

მიწას ნუ გაჰყიდი, იგი ჩემიაო - ამბობს უფალი,

თქვენ მხოლოდ მდგმურები ხართო აქ -

ვენახის ნასხლევს ნუ დაემგვანები, ნუ დაემყნობი ავს,

კარგს ეგ არაფერს არ მოიტანს, ნუ მოიტყუებ თავს.

მე ჩემ ერს მივმართავ, ჩემ სისხლსა და ხორცს,

ჩემი ზეცის, ჩემი მიწა-წყლის, დედა-ქართულის დამფასებელ ხალხს,

გაჰყევი მამა-პაპის გაკვალულ ვიწრო ბილიკს,

ნუ ეძებ იოლსა და ფართო გზას,

კვლავ უპატრონე, კვლავ რწმენით მიჰყევი

ფოლიანტებში დამარხულ განძს.

შეიტკბე, შეისისხლხორცე მოძმე და სახლიკაცი

ნუ დახშავ მისთვის შენი გულის კარს.

ნუ გააცუდებ ჩვენთვის თავდადებული მამის სიტყვას,

კრძალვითა და მოწიწებით მიეახლე მას,

მას - დიდ მამულიშვილს, ჭეშმარიტ ქრისტიანს,

მსოფლიოს დამლოცველსა და მართლაც რომ ღვთის კაცს . . .

უფალმა ბრძანა, კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი

და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო მას,

ბევრი უნახავს ისტორიას მასთან მებრძოლი და ბოროტის მჩენი,

განკითხვით მისკენ თითის გამშვერი,

მაგრამ უქმად დამაშვრალან, აცდენიანსასუფევლის კარს,

მრავალ მღვრიე წყალსა და ნიაღვარს ჩაუვლია,

თუმც ეკლესიისათვის ვერარა დაუკლია,

ჩვენდა იმედად დღესაც მკვიდრად დგას.

უწმიდესისაგან ასე გამიგია: ეკლესიაო ბურთსა ჰგავს,

რაც უფრო მაგრად დაჰკრავ, მით უფრო მაღლა აფრინდებაო!

მწამს, ამ სიბრძნისა მწამს.

მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე)

თბილისი, 20 ივნისი, 2017