ქართველთა სულიერ ფერისცვალებას დასაბამი 19 აგვისტოს, არმაზის კერპების მსხვრევის დღეს დაედო - კვირის პალიტრა

ქართველთა სულიერ ფერისცვალებას დასაბამი 19 აგვისტოს, არმაზის კერპების მსხვრევის დღეს დაედო

ჯვარცმამდე რამდენიმე თვით ადრე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა - მზესავით გაბრწყინდა.

მაცხოვარმა თავისი დიდების ის უმცირესი ნაწილი უჩვენა მოციქულებს, რომლის დატევაც მათ შეეძლოთ, რათა შემდგომში, როცა იესოს ჯვარზე ვნებულს ნახავდნენ, არ დაბრკოლებულიყვნენ და გახსენებოდათ მოძღვრის ღვთაებრივი ბუნება. უფალმა თავისი ფერისცვალებით გვიჩვენა, თუ როგორი იქნებიან ადამიანები ცათა სასუფეველში, როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.

ქართველთა სულიერ ფერისცვალებასაც დასაბამი ამ დღეს დაედო: წმინდა ნინოს ლოცვით, სწორედ 19 აგვისტოს დაიმსხვრა არმაზის კერპები. ვულოცავთ ყველას უფლის ფერისცვალების დღესასწაულს და ვუსურვებთ ჩვენს ერს სულიერ ფერისცვალებას და სულიწმიდის მადლის მოპოვებას - აი, სწორედ მაშინ გაბრწყინდება ივერია. მანამდე კი ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ქრისტიანთა სულიერი ფერისცვალების რამდენიმე მაგალითს:

ისლამის აღმსარებელმა სიკვდილის წინ ფერი იცვალა

...ბალკანეთში აღესრულა წმინდა გიორგი ზორზისი. ის წარმოშობით ქართველი იყო. ბავშვობაში ერთმა მუსლიმანმა იყიდა და ისლამის რჯულზე მოაქცია. შემდეგ მისი პატრონი მოკვდა. გიორგი 80 წლამდე მუჰამედის რჯულის აღმსარებლად დარჩა. მშვიდობიანად ცხოვრობდა, ვაჭრობდა და მხოლოდ თურქულად ლაპარაკობდა. ერთ დღეს ყადის ეახლა, მოიხსნა ჩალმა და უთხრა:”- მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდებიო. მოხუცს სამი დღე აცალეს გონს მოსვლა, უდრეკი იყო სიკვდილის წინ ფერნაცვალი ქართველი... ნაწამები გიორგი ღვთის წინაშე განმართლებული წარდგა.

"მამა, ჩემი კაცად მქცევი, მოკვდა"...

...წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) თავის ეპარქიაში მარტო სიარული უყვარდა. ერთხელ გზად ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა დაუპირა. წმინდა გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გარდასახა მშვენიერ ჭაბუკს და უთხრა:”- შვილო, ერთი საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული არა მაქვსო.”მისი სახელი თურმე ავაზაკსაც ჰქონდა გაგონილი და შეკრთა. წმინდა გაბრიელმა განაგრძო: -”შვილო, ასეთი საუცხოო ყმაწვილი ყაჩაღად როგორ გავარდიო? ბატონო, ჩემი საქმე წასულია, ავაზაკობის მეტი რა დამრჩენიაო,”- დანანებით უთხრა ყმაწვილმა. წმინდა გაბრიელმა ყმაწვილი თან წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად გაამწესა.

ეს ამბავი წმინდა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა. მისი წყალობით მოქცეულ ადამიანს მოუყოლია თავისი სულიერი ფერისცვალების ამბავი და უთქვამს: - მამა, ჩემი კაცად მქცევი, მოკვდაო.

"მამა გაბრიელ, ვიცი, კარს აღარ გამიღებ"

...ერთხელ მამა გაბრიელი (ურგებაძე) სამთავროს მონასტრის სამრეკლოსთან მშვიდად იჯდა. ამ დროს მოვიდა ლამაზი, თვალებშეღებილი შარვლიანი ქალი, მიეჭრა ბერს და ჩაუჯდა კალთაში, დაუწყო კოცნა: -”მამა გაბრიელ, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, როგორ მომწონხარ, მე კიდევ მოვალ და გინახულებო...

ზეცად თვალებაპყრობილი, თითქოსდა გაქვავებული მამა გაბრიელი მდუმარედ ისმენდა უაზრო ლაპარაკს. მერე უცბად შეხედა ქალს და უთხრა:”- ჰო, მაყვალა, კიდევ მოდიო. თავისი სახელის გაგონებამ კინაღამ გააგიჟა მაყვალა და ხვევნა-კოცნას მოუმატა. კარგა ხნის შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, წამოხტა, თვალი მოავლო იქ მყოფთ, ნელ-ნელა უკან დაიხია და ჭიშკრისაკენ გაემართა.

მაყვალა მეორე დღესაც მოვიდა. მაგრამ მოხდა სასწაული - მას წინადღით გამოჩენილ ქალთან არაფერი აკავშირებდა, გარდა სახელისა. გრძელი შავი კაბა ეცვა, თავს მანდილი მოეხვია. ტირილით თვალებდაწითლებული მიადგა ბერის სენაკის კარს და დაიწყო მოთქმა: -”მამა გაბრიელ, ვიცი, კარს აღარ გამიღებ. ვიცი, ვეღარასოდეს გნახავ. შემინდე ჩემი გუშინდელი საქციელი. შენ მე მკვდრეთით აღმადგინე... მადლობელი ვარ ყველაფრისათვისო.”

ამ სულისშემძვრელი სანახაობის მოწმეთ თვალები ცრემლით აევსოთ. შემდგომში მონაზვნები იხსენებდნენ: ერთხელ, მაყვალას მოსვლის წინადღეს, ბერი მოულოდნელად ადგა და შევიდა თავის სენაკში - არ ისურვა მასთან შეხვედრა, მისი წასვლის მერე მას აღარავინ მიუღია. მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშეო.

ლიტურგიისას მამა ანთიმოზი ერთიანად ცეცხლში გაეხვია

...სულიერად ფერნაცვალი მამები თაბორის ნათლით, ხელთუქმნელი ნათლით არიან გაბრწყინებულნი.

ერთხელ მამა ანთიმოზ ათონელი (გარდაიცვალა 1996 წელს) საღვთო ლიტურგიას ატარებდა. წირვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში იქვე მდგარმა მამა ვარლაამმა დაინახა, რომ მამა ანთიმოზი ერთიანად ცეცხლში გაეხვია. კელიიდან საბანი და პირსახოცი მოიტანა  ცეცხლის ჩასაქრობად, მაგრამ ანაზდად განეხვნა თვალნი და მიხვდა, რა ცეცხლიც "წვავდა" მამა ანთიმოზს. უკან დაიხია და ჯვარი გამოისახა.

"ღამით მესმის, როგორ მოძრაობენ პლანეტები",”- ჩაიჩურჩულა მამა ანთიმოზმა, თითქოს არ უნდა, ვინმემ გაიგოსო, - ჰყვებოდა ერთი ჟურნალისტი, - მას თავზე ნათელი ადგა. თვალები დავხარე - ვერ დავითმინე ხილვა".

მღვდელმთავარი იოანე მიწის ზემოთ ერთი მეტრის სიმაღლეზე იხილეს

...წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი) ერთხელ ჰონკონგის  ტაძარში პარაკლისს იხდიდა. ანალოგიასთან დადგა და ქადაგებდა. ამ დროს იგი მორწმუნეებმა ნათლით მოსილი იხილეს. ერთხელ, შვეიცარიაში, წირვისას, ერთმა მორწმუნემ, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, იგი ხელთუქმნელი ნათლით მოსილი და მიწის ზევით ერთი ფუტის სიმაღლეზე მდგარი იხილა.

"ყაჩაღთა მეთაური მოვედი ცოდვათა გამოსაგლოვად"...

...ეგვიპტეში, ერმოპოლის უდაბნოში, ერთი სასტიკი ავაზაკი ბინადრობდა. ერთხელ, თავისი ბანდის წევრებს უამბო, რამდენი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი. უეცრად ღვთის შიშმა დარია ხელი, მიატოვა ყველაფერი, მონასტერს მიაშურა და ბერად აღკვეცა ითხოვა. მოხუცი ხარ და ასკეტურ ცხოვრებას ვერ შეძლებო, - უთხრა იღუმენმა. თხოვნით რომ ვერაფერი გააწყო, ავაზაკი დაემუქრა: - იცოდე, მამაო, მე ყაჩაღთა მეთაური დავითი ვარ, მოვედი ცოდვების გამოსაგლოვად, მაგრამ თუ არ მიმიღებ, წავალ, ჩემს ხალხს მოვიყვან და ერთიანად გაგწყვეტთო.

იღუმენმა ის ბერად აღკვეცა.

წმინდა დავითი თავისი ასკეტური ცხოვრებით მაგალითად ექცა სხვა ბერებს. ერთხელ მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ამცნო, ღმერთმა ცოდვები მოგიტევაო. დავითმა არ დაიჯერა. მთავარანგელოზმა გააფრთხილა, - ურწმუნოებისთვის დამუნჯდებიო. როცა ვყაჩაღობდი და კაცის სისხლს ვღვრიდი, მაშინ არ შემიბორკე ენა და ახლა მამუნჯებ, როცა ჩემი უფლის მსახურება მსურსო?!”- შეჰღაღადა დავითმა. მაშინ მთავარანგელოზმა ბრძანა:”- მხოლოდ ლოცვის და უფლის დიდებისას აგეხსნება ენა, სხვა დროს კი უტყვი იქნებიო. მართლაც ასე მოხდა. შემდგომში წმინდა დავითს ღმერთმა სასწაულთქმედების მადლი უბოძა.

ფერისცვალება კაცისა, რომელიც 1905 წლიდან კომუნისტი იყო

...მამა სამსონი (სივერსი) 1950 წელს მორდოვეთში მსახურობდა. სწორედ მის თვალწინ მოხდა სულიერი ფერისცვალება კაცისა, რომელიც 1905 წლიდან კომუნისტი გახლდათ. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ანდრიას საშინელი სნეულება შეეყარა, სიმყრალის გამო ვერავინ ეკარებოდა. საბრალოს, ეშმაკებიც აწუხებდნენ - სხვადასხვა ცხოველის სახით ეჩვენებოდნენ. სნეულს სამჯერ გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და აღსარება-სინანულისკენ მოუწოდა. ანდრიამ ცოლს მღვდელი მოაყვანინა. ავადმყოფმა მამა სამსონს ოთახში შესვლაც  არ აცალა, თავისი ცოდვების ჩამოთვლა დაიწყო. ორი საათი იღებდა მისგან აღსარებას მოძღვარი, ზიარება კი მეორე დღისთვის გადადო.

მეორე დღეს სნეული ფეხზე დახვდა, თეთრ სამოსში გამოწყობილიყო. მიკვირს, სად გაქრა ჩემი სნეულება, საოცრად დავმშვიდდი, - წარმოთქვა კაცმა. ზიარების მერე დასასვენებლად წამოწვა და საუკუნოდ შეისვენა.

შეძრწუნდა ილია, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედა

..ათენში ერთი ყმაწვილი ცხოვრობდა, სახელად ილია, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა და ამის გამო ახალგაზრდებში პოპულარული იყო. ქეიფსა და ლხენაში ატარებდა ცხოვრებას, არც არავისი ეშინოდა და არც არავისი ერიდებოდა. 1902 წელს ახლო მეგობარი მოუკვდა. დაკრძალვაზე დიდი ყურადღებით მოუსმინა წესის აგების ლოცვებს, აღელდა და მღვდელს ჰკითხა, - იმქვეყნიური ცხოვრება თუ არსებობსო. მღვდელმა მას რწმენის საფუძვლები გააცნო.

შეძრწუნდა ილია, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედა. მონახა მოძღვარი. აღსარება თქვა და აღთქმა დადო, - ქრისტიანულად ვიცხოვრებო. მალე მთელი თავისი ქონება დაარიგა, ყველას, ვისთვისაც ეწყენინებინა, მუხლმოდრეკილმა შენდობა სთხოვა, გამოასწორა, რისი გამოსწორებაც შეიძლებოდა, ოთახში შავი ფარდები ჩამოაფარა, განმარტოვდა და 15 წელი უმკაცრეს მარხვა-ლოცვა-მღვიძარებაში გაატარა.

მრავალი ქრისტიანი იღებდა მისგან სულიერ ნუგეშს. მისი მოწაფეები სახელგანთქმული მოძღვრები შეიქნენ. თვითონ კი 45  წლისა ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

კახაბერ კენკიშვილი