"მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი
"მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი
დიდება უფალს! აღსრულდა წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) წინასწარმეტყველების ნაწილი. ღირსი გაბრიელი ამბობდა, რომ ჯერ მის მოძღვრებს - მამა იოანეს (მაისურაძე) და მამა იოანე-გიორგის (მხეიძე) შერაცხავდნენ წმინდანებად და მერე მას, რომ ჯერ ბეთანიელი მამების საფლავი გაიხსნებოდა და მერე მისი. ამბობდა, წმინდა იოანე-გიორგის სხეული უხრწნელი იქნებაო: - მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ უხრწნელადა წევს საფლავში. რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში?!.. საფლავი რომ გაიხსნას, მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება ჩემი მოძღვარი -
გულზე სახარება ადევსო... 20 თებერვალს ბეთანიელი ბერების საფლავი გაიხსნა და წმინდა იოანე-გიორგის წმინდა სხეული დაუშლელი, უხრწნელი აღმოჩნდა. გულზე კი სახარება ედო... დიდება შენდა, ღმერთო!!!

წმინდა გაბრიელმა ბევრს უწინასწარმეტყველა მომავალი. ნათქვამი აქვს, რა ელოდება საქართველოს:

ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღვთისა და ერის წინაშე საკუთარი და
მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს. სანამ მეფე არ გვეყოლება, არაფერი გვეშველება...


*** ოთხისა დღისა მკვდარი ლაზარე ყარდა, როცა უფალმა აღადგინა, რაიმე აკლდა? საქართველოც დაიშლება, მაგრამ ლაზარესავით აღდგება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

*** 1989 წლის 8 აპრილს, მწუხრისას, სტუმრად მისულ ახალგაზრდებს გაბრიელ ბერი აღელვებული დახვდათ: - ახლა ჩემი კელიის წინ დემონები მოგროვდნენ, კარი ჩამიკეტეს და გასაღები დამიმალეს. როცა წავიდნენ, გასაღები კარებში ვნახე. ფრთხილად იყავით, ავია მოსალოდნელიო... ღამის სამ საათზე მონასტერში მამა გაბრიელმა ზარების რეკვა დაიწყო, თან იძახდა: - საქართველოში სისხლი იღვრებაო...

*** 1990 წლის იანვრის ღამეს მამა გაბრიელმა სამთავროს მონასტრის აივნიდან გახედა ზეცას. მთვარეს გარს ერტყა ფერადოვანი სარტყელი. დუმილით შეჰყურებდა ამ მომნუსხველ სანახაობას, შემდეგ კი, თქვა: - ეს არის ნიშანი საქართველოში განსაცდელის დადგომისა, ომებისა და მსხვერპლისა.

*** 1991 წლის გაზაფხულზე, მძიმე მარხვისას, სიონის ტაძრის ეზოში გოდებდა: - დიდი სისხლი დაიღვრება საქართველოში, ვაი, საქართველოო... ამბიონთან მისული მრევლისკენ შეტრიალდა და დაბალი ხმით თქვა: - მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა. ცოტა ხნის შემდეგ სინანულით დასძინა: - მაღლა ცაში უფალი სტირის ქართველი კაცის ცოდვით, ვეღარსად გაჩერდება ადამიანი, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ, განა ჩვენ წმინდა ქეთევანი გვეყოლებოდა, რომ შეშინებოდა?

*** ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამს რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან, საქართველო აღარ არისო, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და სასწაული მოხდება - მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო...
მამა გაბრიელი მრევლის წევრებთან ერთად
*** ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილული სახით მოიდრიკებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად. ცის და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

*** ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული კაცთათვის. ყველაზე დიდი მახე იქნება ის, რომ ადამიანი ხსნას დაელოდება კოსმოსიდან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება. ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ამის ჩამდენი მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფა, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება... ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს... ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველოს ღვთისმშობელი დაიფარავს და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ,
მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.
მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით...

ანტიქრისტეს ბეჭედი არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ, ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ... ეშმაკსაც შეგიძლია, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს... ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე უსირცხვილოდ ქუჩაშიც შიშველი ივლის... ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან, ქალები - კაცებად!.. ბოლოს, უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს: კაცებისთვის - შერცხვებათ თავისი კაცობის; ქალებისთვის - შერცხვებათ თავისი ქალობის; ღვთის შიში დაეცემა ერს და მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.
მამა გაბრიელი სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა.

*** ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა.

*** ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა. ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა, არ ეყო. დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა, - დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.”ჰო, კარგი,”- ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა: - გადი, აბა, გაიხედე. ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო. ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.”შემოვიდნენო, უთხრა ბერს. კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო,”- შესთავაზა მამა გაბრიელმა. ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით, ვაჟმა საჭმელი თეფშზე გადაიღო, მაგრამ უეცრად ლუკმა ყელში გაეჩხირა: წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო...

*** მამა გაბრიელის სასწაულების მოსმენისას მისმა სულიერმა შვილმა, ქეთევანმა გაიფიქრა: ნეტავ მთების გადადგმა თუ შეუძლიაო. ამ დროს ბერმა ჰკითხა:”გინდა, ეს მთები გადავაადგილო? ქალიშვილმა თავი დაუქნია, გულში კი გაივლო, - მაშინ ყველაფერი დაინგრევაო. მამა გაბრიელმა მის გულისთქმასაც უპასუხა, - არაფერიც არ მოხდებაო. მერე კი დაეჭვებულ სულიერ შვილს უთხრა:”რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ ის, რომ ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს, ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებააო!”


დიდება უფალს
23 ნოემბერი 2018 13:13
გაიგეთ, ზოგიერთებმა, რა თქვა მამა გაბრიელმა! -,,მოკლავენო''!- თავს კი არ მოიკლავსო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?