"მოქვის სახარება" განსაცდელშია! - კვირის პალიტრა

"მოქვის სახარება" განსაცდელშია!

"მოქვის სახარება" არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მოქვში, ისტორიულ ოდიშში, დღევანდელ აფხაზეთში, ყველაფერი ქართულ ენაზე იწერებოდა

1300 წელს აფხაზეთში, ისტორიული ოდიშის, მოქვის ეპარქიაში დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით შეიქმნა ახალი ქართული ხელნაწერი, შემდგომში "მოქვის სახარებად" წოდებული უნიკალური ძეგლი. ხელოვნების ამ შესანიშნავმა ქმნილებამ გაუძლო უამრავ განსაცდელს, იმოგზაურა ქართულ ემიგრაციასთან ერთად ევროპაში და ბოლოს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის - ექვთიმე თაყაიშვილის ხელით დაბრუნდა სამშობლოში.

ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული "მოქვის სახარება" განსაცდელშია! წიგნი ნადგურდება! სახარების მინიატიურები ფურცლოვან ოქროზეა შესრულებული. დროთა განმავლობაში ოქრო საღებავთან ერთად ცვივა, შესაბამისად, ქრება უნიკალური მინიატიურებიც.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დახმარების მსურველთათვის, სახელწოდებით "მოქვის სახარება", სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. "მოქვის სახარების" გადარჩენას  მთელი ერის ძალისხმევა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ რეალურ მტკიცებულებას იმისას, რომ XIV საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ერს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უკიდურესად უჭირდა, ჩვენ გვქონდა უდიდესი კულტურა, უიშვიათეს ხელნაწერებს ვქმნიდით, უნიკალურ მინიატიურებს ვხატავდით. ნადგურდება ქმნილება, რომელიც მდიდრულად არის დასურათებული და 162 მინიატიურას შეიცავს.

რაც მთავარია, "მოქვის სახარება" არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მოქვში, ისტორიულ ოდიშში, დღევანდელ აფხაზეთში, ყველაფერი ქართულ ენაზე იწერებოდა.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა"  "მოქვის სახარების" ბედით დაინტერესდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა: "სამწუხაროდ, ჩვენამდე საეკლესიო სიძველეების ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. უნიკალური მემკვიდრეობის დაკარგვა-განადგურებას ხელი შეუწყო საუკუნეების განმავლობაში უმძიმესმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და თემურ ლენგის ბარბაროსულმა ძარცვამ. როგორც ცნობილია, მან შემოსევების დროს 14 ურმით გაზიდა ბიბლიოთეკა საქართველოდან, რითაც, ფაქტობრივად, გააქრო ჩვენი ისტორიის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

აქამდე მოღწეულ ხელნაწერ წიგნებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე სახარება, რომელთაც განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება აქვს. მათ შორის გამოიყოფა უხვად დასურათებული ჯრუჭის მეორე სახარება, გელათის სახარება და მოქვის სახარება.

სამწუხაროდ, თითქმის განადგურებულია მოქვის სახარებაში დართული მოქველი ეპისკოპოს დანიელის მინიატიურა, მხოლოდ სილუეტიღა არის დარჩენილი; არადა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მომგებლის, ანუ დამკვეთის პორტრეტია შემორჩენილი. თავის დროზე, ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა ეს ხელნაწერი, გადაიღო კიდეც, რითაც ფასდაუდებელი საქმე გააკეთა. სწორედ ამ ფოტოებით ბევრი რამ შემორჩა ისტორიას, თორემ რიგი ფრაგმენტებისა უკვე წაშლილია".

"მოქვის სახარების" "ავადმყოფობა" განსაკუთრებით თვალში საცემი გამხდარა ბოლო ათწლეულში. დიაგნოზი უცნობია.

ბუბა კუდავა: "აშკარად რაღაც შედის რეაქციაში საღებავებთან და ხვრეტს ეტრატს. გახვრეტილი ადგილები ზუსტად მიჰყვება ნახატის, ფერების ხაზს.  ჩვენთან შეუძლებელია პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა, რადგან არც საამისო აპარატურა გვაქვს და არც სპეციალისტები გვყავს. უკვე მოვამზადეთ დიაგნოსტიკის პროექტი, რომლის განხორციელებასაც 24 ათასი დოლარი სჭირდება. პროექტი იუნესკოს გავუგზავნეთ და დახმარება ვთხოვეთ".

ქვეყანაში, სადაც ზოგჯერ სრულიად არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებზე იხარჯება უზარმაზარი საბიუჯეტო თანხები (მაგალითად, ბოლო დროს გაირკვა, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა იუმორისტული ტელეგადაცემა "ღამის შოუ"), 24 ათასი დოლარის გადახდა ძნელი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ფული საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი საგანძურის გადასარჩენად, როგორიც "მოქვის სახარებაა".

KvirisPalitra.Geსხვათა შორის, დაჯერება გამიჭირდა, როდესაც ერთ-ერთი არქივის მცველმა მითხრა, რომ მისი ხელფასი 400 ლარსაც ვერ აღწევს. როდესაც უნიკალურ საგანძურს დარაჯობ, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც მცირედ მოდუნებას. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოუსწორებელი ზარალი მიადგეს ისტორიულ მემკვიდრეობას. თუ იუნესკო უარს განაცხადებს პროექტის დაფინანსებაზე და ჩვენც თვალს ავარიდებთ პრობლემას, გამოდის, უნიკალურ ხელნაწერს სასიკვდილოდ ვიმეტებთ!

ბუბა კუდავა: "ძალიან გვეხმარება საგრანტო პროექტები. ამჯერადაც ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აღებული გრანტით შევიძინეთ თანამედროვე დიგიტალიზაციის ლაბორატორია, სადაც გადავიღებთ ხელნაწერთა ციფრულ ვერსიებს. ალბათ, პირველ რიგში "მოქვის სახარებას" გადავიღებთ და ამის შემდეგ ხელნაწერი კვლავ ხელშეუხებელი გახდება. ცხადია, ასლი ორიგინალს ვერ შეცვლის ვერც სამეცნიერო და ვერც ემოციური თვალსაზრისით, მაგრამ მეცნიერთა და რესტავრატორთათვის იქნება შესანიშნავი დამხმარე საშუალება".

P.S. ლათინები ამბობდნენ, წიგნებს თავიანთი ბედი აქვსო. ქართულმა წიგნებმა ერის ისტორიული ბედიც გაიზიარეს და მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, აქამდე მოვიდნენ იმისათვის, რომ ამაყად გვეთქვა, ვინ ვართ! ახლა მათი ბედი ჩვენს ხელშია. თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, "მოქვის სახრება" გადარჩება.

ვისაც აქვს სურვილი, გაიღოს თანხა "მოქვის სახარების" გადასარჩენად, დარეკოს მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან ნომერზე: 700 685.