ათასი წელი და ცოტაც მეტი - კვირის პალიტრა

ათასი წელი და ცოტაც მეტი

14 ოქტომბერს  საზეიმოდ აღინიშნება სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის აგებიდან ათასი წლისთავი

მიწიდან ზეცამდე აწეულმა ნათლის სვეტმა მთელი მცხეთა ფეხზე დააყენა

ბევრი დიდი და ლამაზი ტაძარი შეიძლება აიგოს, მაგრამ ვერც ერთი სვეტიცხოველს ვერ გაუტოლდება, რადგან აქ არის დაკრძალული უდიდესი სიწმინდეები საქრისტიანოსი - კვართი უფლისა და ელია წინასწარმეტყველის ხალენი. სწორედ სვეტიცხოვლიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. სვეტიცხოვლის ტაძარი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.

მეფე მირიანის დროს ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვა: "საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღმრთოო." სვეტიცხოვლის დღევანდელი  ტაძარი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ყველა საუკუნე თავის კვალს აღბეჭდავდა მასზე. არაერთხელ შემუსვრილა სვეტიცხოვლის ტაძარი მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად. მაგრამ კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით. ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოდ წარმოჩნდება. იგი სიწმინდე და მატიანეა საქართველოსი.

წმინდა ელიას ხალენი

მას მერე, რაც წმინდა ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აიყვანეს, მან თავისი მოსასხამი - ხალენი მოწაფეს, ელისეს გადმოუგდო და წინასწარმეტყველების მადლი წმინდა ელისეზე გადავიდა... გავიდა საუკუნეები და წმინდა ელიას ხალენი მცხეთაში მოხვდა. ალბათ, ისრაელიდან ნაბუქოდონოსორს გამოქცეულმა ებრაელებმა ჩამოიტანეს (586 წელს ქრისტეშობამდე). "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ხალენი იმ ადგილას დაფლეს და დამალეს, რომლის სიახლოვესაც შემდეგ მაცხოვრის კვართი დაიკრძალა.

როგორც ვიცით, წმინდა ელია, მართალ ენუქთან ერთად, ბოლო ჟამს მოევლინება კაცობრიობას, ამხელენ ანტიქრისტეს და მისგან სიკვდილს იხილავენ. როგორც ბრძანებს "ქართლის ცხოვრება", ელიას ხალენი ბოლო ჟამს გამოჩნდება. რას ნიშნავს ელიას ხალენის ფლობა? იმას ხომ არა, რასაც იოანე-ზოსიმე ბრძანებს ქართულ ენაზე: “"რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა"? გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელიას ხალენის განსასვენებელი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსში უნდა იყოს. ეს სათავსი ამჟამად წმინდა ელიას სახელობის ეკლესიად იწოდება. იქვე არის წმინდა ნინოს დროინდელი, ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა.

კვართი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის ძეს ყრმობისას კვართი მოუქსოვა. გადიოდა წლები და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც. ის ეცვა მაცხოვარს მაშინაც, როცა პირველად გამოვიდა საქადაგოდ,  მაშინაც, როცა დამაშვრალს ნავში მიეძინა და მაშინაც, როცა გოლგოთისკენ ჯვარი მიჰქონდა... ხოლო როცა იესო ჯვარს აცვეს, ჯალათებმა გაიყვეს მისი სამოსელი და წილი ყარეს კვართზე, რომელიც მცხეთელ ურიებს ერგოთ.

მცხეთელი ჰურიანი

იერუსალიმიდან გამოქცეული ებრაელები ქართლში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში ჩნდებიან; ისინი ბოლოს ოთხ მძლავრ სათემოდ ჩამოყალიბდნენ. მათაც მოსწერა ანა მღვდელმა წერილი, რომლითაც მოუწოდა, ჩასულიყვნენ იერუსალიმში და ერთად დაესაჯათ იესო ნაზარეველი. მცხეთის ოთხი თემიდან ოთხი კაცი გაემგზავრა: ელიოზ მცხეთელი, ლონგინოზ კარსნელი, მიხაელი და თალენავი. ელიოზს დედა ჰყავდა მღვდლის ტომიდან და გასათხოვარი და, რომელსაც სიდონიას ეძახდნენ. გამგზავრების წინ მოხუცმა დედამ  შესთხოვა ელიოზს, იესოს დასჯაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან სწორედ იგი იყო ჭეშმარიტი მესია.

მცხეთელი ებრაელები მაცხოვრის ჯვარცმას შორიდან უყურებდნენ; როცა იესო ჯვარს აცვეს,  მცხეთაში ელიოზის დედამ იგრძნო მაცხოვრის სიკვდილი და მწუხარებით შესძახა: ”"მშვიდობით მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ მოჰკალით უბადრუკნო მაცხოვარი თქვენი"... და სული განუტევა.

იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს ცრემლმორეული სიდონია მიეგება და დედის სიკვდილი ამცნო, ელიოზმა კი მას მესიის კვართი გადასცა. გულანთებული სიდონია კვართს ეამბორა, გულში ჩაიკრა და ისიც გარდაიცვალა. ვერ გამოაცალეს სიდონიას ხელთაგან კვართი და ასე დაკრძალეს. მრავალი წლის მერე მეფე არმაზელმა სცადა სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის ხელში ჩაგდება, მაგრამ დაბრმავდა.

KvirisPalitra.Geწმინდა ნინო და სვეტი-ცხოველი

მცხეთაში ჩამობრძანებულმა წმინდა ნინომ ქრისტეს სჯულზე მოაქცია ჰურიათა მღვდელი აბიათარი. დედა ნინომ  აბიათარისგან შეიტყო უფლის კვართის ამბავი, მან იპოვა მაცხოვრის კვართისა და სიდონიას განსასვენებელი, მაგრამ,  ღვთის ნებით, ჯერ მისი გამოჩენის დრო არ იყო და ამიტომ არ გაამხილა ეს ადგილი.

როცა გაქრისტიანებულმა მეფე მირიანმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა, ღვთის განგებით, ამისთვის შერჩეული ადგილი დაემთხვა უფლის კვართისა და სიდონიას განსასვენებელს.

მოჭრეს სურნელოვანი ლიბანის ხე და ახალი ტაძრისთვის შვიდი სვეტი გამოთალეს, რომელთაგან ერთი სვეტის აღმართვა ხუროებმა ვერასგზით მოახერხეს.  ის ღამე წმინდა ნინომ მოწაფეებთან ერთად წაქცეულ სვეტთან ლოცვაში გაატარა. გამთენიისას ზეციურმა ნათლით მოსილმა  ჭაბუკმა აზიდა სვეტი, რომელიც ნაძვის ხის მონაკვეთ ძირზე  დაემყარა. მიწიდან ზეცამდე აწეულმა ნათლის სვეტმა მთელი მცხეთა ფეხზე დააყენა.

მეფე მირიანმა პირველი ქრისტიანული ტაძარი კვართის განსასვენებელ ადგილას ააშენა. მეფე რევის სვეტისთვის ქვითკირის ღობე შემოუვლია, რომელიც მის შვილიშვილს, მეფე მირდატს აუმაღლებია და ზედ ცხოველმყოფელი სვეტისგან დამზადებული  ჯვარი აღუმართავს.  მირდატის დროს სვეტისგან კიდევ მრავალი ჯვარი გაუკეთებიათ.

ქვითკირის სვეტს ჩრდილოეთ მხარეს, ძირში პატარა ღიობი ჰქონდა დატანებული, საიდანაც თავიდანვე უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მირონი და გადმოცემით, შაჰ-აბასის პაპის, შაჰ-თამაზის შემოსევისას, სვეტიცხოვლის ტაძრის შებილწვის მერე შეწყდა. მხოლოდ ერთხელ, 1805 წელს წამოსულა სამირონეში წმინდა მირონი, რომელიც მცხეთელ დეკანოზს, ივანე მაღალაშვილს ჩამოუტანია პატრიარქისათვის. მირონს დიდი სურნელება ჰქონია და სნეულთ კურნავდა თურმე, მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო მირონის დენა რამდენიმე დღეში შეწყვეტილა და მეტად აღარ წამოსულა.

უფლის კვართი განუყოფელია

უფლის კვართი საქართველოშია. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: ”"თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა და შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს".

ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ დედოფლის იძულებით ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა. იმავე ღამეს სვეტიცხოველი მოხუცებული ბერიკაცის სახით გამოეცხადა ტაძრის ქადაგს და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, სვეტიცხოვლის ტაძრის გარდა.”

გავიხსენოთ, რომ უფლის მეორედ მოსვლას წმინდა სიდონია უფლის კვართით ხელში შეეგებება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქვეყნის აღსასრულის ჟამს ჩვენი დედაეკლესია ერთიანი და განუყოფელი იქნება და ვაი, მათ, ვინც მის გაყოფას, მისგან განდგომას დააპირებს!

სვეტიცხოვლის სასწაულები

ისევ სვეტიცხოველს და მის სასწაულებს მივუბრუნდეთ. როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული, ჰაერთა ზედა საკვირველად დაკიდებული სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარშემო სოფლების მოსახლენი არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისაკენ დაიძრნენ, სადაც სასწაულები ხდებოდა. პირველი, ვინც სვეტიცხოველთან მიახლებით განიკურნა, დაბადებიდან ბრმა იყო. როგორც კი შეეხო წმინდა სვეტს, მისგან ნათელი გამოკრთა და კაცს მაშინვე თვალი აეხილა.

იმ დროს, როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ურიის სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა - მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ და წუხდნენ, რომ მათი შვილი წმინდა სვეტთან მიახლებას ვერ შეძლებდა: "აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო და მივეახლოთ უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა". უეცრად ყრმა წამოჯდა და ითხოვა, სასწრაფოდ მიეყვანათ იქ, "სადა არს ცეცხლის სვეტი, რომელმან ჯოჯოხეთის უფსკრულიდგან ამომიყვანა". გახარებულმა მშობლებმა შვილი სამეფო ბაღში წაიყვანეს.

იქ შეკრებილ მეფე მირიანს, დედოფალ ნანასა და მთელ ერს ყმაწვილმა უამბო, ”სიკვდილისთანავე როგორ მოხვდა ჯოჯოხეთში და როგორ იტანჯებოდა,  ვიდრე ნათელი არ გამობრწყინდა: "ციდან ჩამოეშვა ნათლის სვეტი, რომლის თავზეც იდგა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. მან ბრძანა: დაუბრუნეთ მის მშობლებს, რამეთუ "მელმის გული ტკივნეულობისა მათისა". მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნეს".

კახაბერ კენკიშვილმა