"არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა..." - რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს - კვირის პალიტრა

"არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა..." - რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი, ანუ ვნების კვირის პარასკევი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

"იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა, იუდას შემწეობით, შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს".

ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს ვესაუბრეთ.

- მამაო, ვინაიდან წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა, - კაცობრიობის მხსნელი ჯვარზე გააკრეს - ქრისტიანები ერთმანეთს მაინც ასე ეუბნებიან - მრავალს დაესწარი?

- ნებისმიერ დღეს მრავალს დაგვასწროს უფალმა და გასაჭირსა და სიხარულშიც უნდა ვმადლობდეთ უფალს... ვინაიდან ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე აიყვანა, ამ შემთხვევაში "მრავალს დაესწარი" ალბათ უფრო სასიხარულო დღეებს მიესადაგება, გვიახლოვდება ქრისტეს აღდგომა, ბრწყინვალე დღესასწაული და სწორედ მაშინ ვუთხრათ ერთმანეთს ეს და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.

- ახლა წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ...

- წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმე დღეა და რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე: ქვეყნად მოსული გამომხსნელი, რომელიც ამ წუთისოფელში შემოვიდა და როგორც იოანე მახარებელი ამბობს, "თვისთა თანა მოვიდა იგი და თვისთა იგი არაშეიწყნარეს," - მოკლეს, ჯვარს აცვეს თავისი მაცხონებელი, ამიტომ ეს არის გლოვის დღე. მაგრამ რას გლოვობს ადამიანი, - ღმერთის სიკვდილს? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ სწორად არ გვაქვს გაცნობიერებული მაცხოვრის აღდგომა თავისი ჯვარცმით. ეს დღე უნდა იყოს დასაბამი ჩვენი ცოდვების შემსჭვალვის. ცოდვები უნდა შევმსჭვალოთ, - "ძველი კაცი ჯვარცმულ არს," გარდაიცვალოს და "ახალი კაცი" დაიბადოს, ანუ ჩვენში ცოდვისმიერი უნდა დავტოვოთ და აზროვნება ახლებურად დავიწყოთ. გავიგოთ მაცხოვრის გამომხსნელობის მნიშვნელობა და შესაბამისად ვიცხოვროთ. გაგრძელება