"თავნი მოციქულთან ვადიდნეთ" - დღეს პეტრე-პავლობაა
"თავნი მოციქულთან ვადიდნეთ" - დღეს პეტრე-პავლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

პეტრე - გალილეველი მეთევზის შვილი, თავადაც მეთევზე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი. სახელი მისი სიყრმითგან-სვიმეონ...
პავლე - ბენიამინის ტომიდან, წარჩინებული ოჯახის შვილი, მოქალაქეობა - რომისა, სჯული - ფარისევლისა; შობის ადგილი - კილიკიის ქალაქი ტარსუ. პეტრესაგან გასხვავებით, ზედმიწევნით განსწავლული მამულის სჯულში. სიყრმითგან სახელი მისი - სავლე...

ამ ორ ადამიანს, თითქოს, უფსკრული აშორებდათ ერთმანეთისგან
მანამ, სანამ ქრისტე არ იქცა მათ გზად და ბჭედ. უფლისმიერი მოშურნეობა და ჭეშმარიტების საოცარი სიყვარული აერთიანებდათ. უფლისმიერი განგებულებით, თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლის დასასრულს ერთმანეთს შეეწეოდნენ რომში ქრისტიანთა განათლებასა და გაძლიერებაში; ორივე ერთ დღეს აღესრულა - ზოგი გადმოცემით, ზუსტად ერთ დღესა და დროს, ზოგი გადმოცემით კი -
ერთი წლის შუალედით.

პეტრე ანდრია მოციქულის ძმა იყო და მასთან ერთად მისდევდა მამის ხელობას - გალილეის ტბის ზვირთებში მოიპოვებდა ყოველდღიურ პურს არსობისას. მაგრამ ერთ დღეს ქრისტემ გამოიარა ნაპირთან და პეტრესა და ანდრიას უთხრა: "მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა." ამ წუთებიდან მოყოლებული, პეტრე, მხურვალე სიყვარულითა და კადნიერებით სავსე, აღარასოდეს მოშორებია უფალს: თაბორის მთაზე, ფერისცვალებისას, თუ იაროსის ასულის მკვდრეთით აღდგინებისას, ზეთისხილის ბაღებში ქრისტეს შეპყრობისას თუ ქრისტეს სამსჯავროს მოლოდინში, მღვდელმთავრის ეზოში...

კადნიერება ტყუილად არ გვიხსენებია - სიყვარული იყო იმდენად ძლიერი და მხურვალე, რომ გააბედინა და ზღვის ტალღებზე მოსიარულე მაცხოვარს შესთხოვა: "უფალო, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა..." და წყალზე მოსიარულე მაცხოვრის გზას შეუდგა... ქრისტეს სასწაულების აღსრულებისას თორმეტ მოციქულთაგან გამორჩეულ სამ მოციქულს შორის იყო, ხოლო ქრისტეს ტანჯვის დაწყებისას - ერთადერთი, რომელმაც უფლის დაცვა გაბედა: მახვილით მოკვეთა ყური მოსულთაგან ერთ-ერთს; ერთადერთი გაჰყვა შეპყრობილ უსაყვარლეს მოძღვარს, რათა ენახა, რა ბედი ეწეოდა მას... მას, ერთადერთს, გაუმხილა უფალმა, რომ მისი საყვარელი მოძღვარი განკაცებული ძე ღვთისა იყო, ამიტომაც უწოდა მას ქრისტემ პეტრე და კლდე, რომელზედაც აღაშენებდა ეკლესიას და ვერ მოერეოდნენ ამ ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი... იმდენად უყვარდა, რომ ადამიანური სისუსტეც კი დაივიწყა და, საკუთარ სიყვარულს მინდობილმა, დაარწმუნა ქრისტე, მე არასოდეს გაგცემო შენ... მაგრამ ადამიანური ნების უძლურება რომ დაენახებინა მისთვის, ამ ნების ამარა დატოვა უფალმა და აღუთქვა: ამინ გეტყვი შენ, მამლის ხმობამდე სამგზის უვარმყოფო მე. აღსრულდა განგებულება ღვთისა და, ამიტომაც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მამლის ყივილის გაგონება უდიდეს ტკივილს აყენებდა პეტრე მოციქულის გულს...

პავლეს - მამულის სჯულისამებრ აღზრდილს, ქრისტე და ქრისტიანები ჭეშმარიტი ღვთის მგმობელებად მიაჩნდა. ამიტომაც, განსაკუთრებული სისასტიკით სდევნიდა მათ. იერუსალიმიდან ლტოლვილი ქრისტიანების დიდმა ნაწილმა დამასკოს შეაფარა თავი. ეს რომ გაიგო, წერილები წამოიღო მღვდელმთავართაგან, რომელნიც განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებდნენ მას, და დამასკოსაკენ გაემართა, რათა იქ დაესაჯა უფლის სახელის შეურაცხმყოფელნი - ქრისტეს მიმდევრები. მაგრამ გზად ზეციური ნათელი იხილა და გაიგონა ხმა: "საულ, საულ, რაისა მდევნი მე?" და როდესაც ჰკითხა: "ვინ ხარ შენ, უფალო?" პასუხად მოისმინა: "მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი". ამ ხილვის შემდეგ სავლე დაბრმავდა და უფლის ქალაქში მხლებელთა დახმარებით შევიდა. იმ სასწაულებრივი გამოცხადებისას ქრისტემ ისიც აუწყა, რომ სწორედ დამასკოში განეცხადებოდა დანარჩენი. მოციქულ ანანიას უფალმა უბრძანა, მოენათლა ქრისტიანების სიძულვილით განთქმული სავლე, რადგან იგი იყო "ჭურჭელი რჩეული". ანანია დაემორჩილა უფლის ნებას, სავლემაც აღიარა ქრისტე, მოინათლა და, უფლის ნათელთან ერთად, მიწიერი მზის ნათელიც იხილა კვლავ - მას მეყვსეულად აეხილა თვალი. სწორედ ნათლობისას ეწოდა სახელად პავლე. გადმოცემის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მას თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, ქრისტეს რჯულში განსწავლიდა და სამოციქულო ღვაწლისათვის ამზადებდა.

ორივემ უმძიმესი გზა გაიარა მიწიდან ზეცამდე - გზა ქრისტესმიერი მოციქულისა: დევნილება, პყრობილება, ცემა, ტანჯვა, შეურაცხყოფა... მაინც ვერაფერი აბრკოლებდა მათ ძლევამოსილ სვლას - სწორედ მათმა ქადაგებამ რომში საბოლოოდ შეურყია ძირი ნერონის ბოროტების იმპერიას... სასწაულებრივი ნიშები ემოწმებოდა მათ სიტყვას: სნეულებსა და განრღვეულებს კურნავდნენ, მკელობლებს სვლას უმართავდნენ, შეცოდებულებს სჯიდნენ, მკვდართ აღადგენდნენ... და, რაც მთავარია, თავიანთი უდიდესი სიყვარულითა და უსაზღვრო რწმენით სავსე ქადაგებებით ათასობით და ათი ათასობით ადამიანს მოაქცევდნენ...

წმიდა პეტრე რომში შეიპყრეს, წმინდა პავლე - კესარიაში... ერთი, პეტრე, როგორც იუდეველი, ჯვარს აცვეს - ოღონდ, თავად პეტრეს თხოვნისამებრ, თავდაყირა, რადგან მიაჩნდა, რომ არ იყო ღირსი ქრისტესმიერი აღსასრულით აღსრულებისა; მეორეს, პავლეს, როგორც რომის მოქალაქეს, თავი მოჰკვეთეს. სხეულიდან, სისხლის მაგივრად, რძე გადმოდინდა.

ასე აღესრულნენ ისინი - "პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, პავლე - ფხიზელი მესაჭე ქრისტეს ეკლესიისა" (წმიდა იოანე ოქროპირი).
ამ ორი უდიდესი მოციქულის მადლი შეგვეწიოს ღვთისკენ სავალ გზაზე.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები