წმინდა მარიამს ანგელოზები ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ - კვირის პალიტრა

წმინდა მარიამს ანგელოზები ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ

ყველა განცვიფრდა, როდესაც ნახეს, როგორ აიარა სამი წლის მარიამმა თხუთმეტი საფეხური დაუბრკოლებლად

4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს

მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი - 80 დღე. მართალ ანას ახალშობილი მარიამი რჯულის აღსასრულებლად მიჰყავს იერუსალიმის ტაძარში, რათა წარადგინოს უფლის წინაშე.

რჯულისამებრ, ახალშობილის მშობლებს ღმერთისთვის უნდა შეეწირათ ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე (გვრიტი ერთგულების სიმბოლოა, მტრედი კი მრავალნაყოფიერი ფრინველია).

ყოვლადწმინდა მარიამის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი საოცარი შემთხვევა: ექვსი თვის მარიამი მართალმა ანამ მიწაზე დასვა, სურდა, გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. სასწაული მოხდა: მარადის ქალწულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ დედასთან დაბრუნდა. გაოცებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, ადიდა უფალი და აღთქმა დადო: შენ მიწას ფეხს არ დააკარებ, სანამ უფლის სახლში არ მიხვალო.

როდესაც წმინდა მარიამი ერთი წლისა შესრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მეგობრები და სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა. მამის თხოვნით სტუმრებმა ასე დალოცეს მარიამი: "ღმერთო, მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა".

წმინდა მარიამი ყველას აოცებდა გონიერებით. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა. ბრძენი მშობლები მას ღვთის სამსახურისთვის ამზადებდნენ და უყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის აღთქმული იყო, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან.

"ისმინე, ასულო, და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა", - ბრძანებს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა კიდეც ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უნდა დატოვოს მშობლების სახლი და სამუდამოდ უფლის სახლში გადავიდეს საცხოვრებლად.

მართალ იოაკიმესა და ანას ტაძარში მიჰყავთ ასული. მარიამი შედის "წმიდათაწმიდაში". ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო.

ადამის მოდგმას აურაცხელ ცოდვათა გამო აეკრძალა სამოთხეში შესვლა, ღვთის წიაღში ადამიანთა დაბრუნების საწინდარი სწორედ დედა ღვთისას დაბადებაა.

საღვთო გადმოცემაში შემონახულია დაწვრილებითი ცნობები ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანების შესახებ.

მართალი იოაკიმესა და ანას სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ნათესავები, მეზობლები, მარიამის თანატოლ ქალწულთა გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველანი გაემართნენ იერუსალიმისაკენ - ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე. ძველი აღთქმის კანონიკის მიხედვით, ტაძარში მსხვერპლშემწირველებს შვიდდღიანი მარხვა უნდა დაეცვათ და ლოცვით განწმენდილიყვნენ. ამ კანონის აღსრულების შემდეგ ანთებული სანთლებით ხელში გაემართნენ ტაძრისკენ, იოაკიმესა და ანას ხელში ეპყრათ სამი წლის მხოლოდშობილი ასული - მიმადლებული მარიამი. მათთან შესახვედრად ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ. საოცარი დღე იყო, ყველას უნდოდა, მონაწილეობა ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანებაში.

ტაძარში შესასვლელი კიბე თხუთმეტი საფეხურისგან შედგებოდა. წმინდა იოაკიმემ და ანამ ღვთისმშობელი პირველ საფეხურზე დააყენეს. ყველა განცვიფრდა, როდესაც ნახეს, როგორ აიარა სამი წლის მარიამმა თხუთმეტი საფეხური დაუბრკოლებლად. კიბის თავში ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღვდელმთავარი ზაქარია დაუხვდა. მან პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით "წმიდათაწმიდაში" შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ შესვლის უფლება წელიწადში ერთხელ. ღვთივჩაგონებით სალოცავად ადგილიც მიუჩინა.

მოხუცმა მშობლებმა, როდესაც ასული ზეციური მამის ნებას დაუმორჩილეს, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და შინ დაბრუნდნენ. აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს, რომელმაც სიბერეში ღვთაებრივი საჩუქარი მიმადლა მათ. ხარობდნენ, რომ უფალმა ღირსი გახადა, ეს საჩუქარი მათთვის მიეძღვნა.

ტაძრად მიყვანების შემდეგ, სამი წლის მარიამი განამწესეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. მღვდელმთავრის კურთხევით უფროსი ქალწულები მას წმინდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. პატარა მარიამი ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა, დანარჩენ დროს კი სავანეში ატარებდა.

ქალწული მარიამის ყოფნა ტაძარში განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით გამოირჩეოდა. მისი ცხოვრებისეული წესი ღვთისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას აღძრავდა. დადგენილი კანონისამებრ, ალიონზე დგებოდა და, გადმოცემის მიხედვით, დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილით, შუადღისას და ნაშუადღევს.

მარადის ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ყოფნა ტაძარში სულიწმიდის მიერ იყო ნაკურთხი. ხელსაქმედ ჰქონდა სელისა და მატყლის დართვა, უმეტესწილად საღვთისმსახურო შესამოსელს აბრეშუმით ქარგავდა.

ასე იზრდებოდა წმინდა მარიამი უფლის სახლში. მას მალე გარდაეცვალა მოხუცი მშობლები. ყოვლადწმინდა მარიამმა ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.

მანანა ჯანელიძემ