"ჭეშმარიტად, მოუსმინეთ ყველამ საქართველოს პატრიარქს და გაიგეთ ამ იუმორის სიბრძნეც!.." - კვირის პალიტრა

"ჭეშმარიტად, მოუსმინეთ ყველამ საქართველოს პატრიარქს და გაიგეთ ამ იუმორის სიბრძნეც!.."

ჩვენი უწმინდესის აღსაყდრებიდან 33 წელი გავიდა

"საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ"...

1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ეკლესიის ახალამორჩეული საჭეთმპყრობლის ილია II-ის სიტყვები ნუგეშად და იმედის სხივად მოევლინა ქართველობას. ღვთივკურთხეული ივერიის სულიერება იმ უმძიმეს პერიოდში სუდარაგადაფარებულ მიცვალებულს ჰგავდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ტაძრებში აღევლინებოდა წირვა-ლოცვა და ღვთისმსახურება. ქართველ ერს სჭირდებოდა სულიერი ორიენტირი და ნათლის სვეტი, რომელიც ბნელეთიდან თავს დააღწევინებდა. ახალმა პატრიარქმა შეძლო თითქმის შეუძლებელი - ძალად თავს მოხვეული კერპების მოთაყვანე სამწყსო უფლის მადლით ტაძრის ბილიკზე გაიყვანა!..

33 წელი გავიდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ქართველ ერს წამით არ დაუკარგავს იმის განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა ჭეშმარიტად მოამაგე, პატრონი, რომელსაც საკუთარ ჯვართან ერთად დამაშვრალ ქედზე ნატვირთი ჰქონდა სამშობლოს სვე-ბედზე ზრუნვა. ღვთივსათნო ცხოვრებითა და უდიდესი სიყვარულის მადლით პატრიარქმა, ერის სულიერმა მამამ, საკუთარ ფრთებქვეშ შემოიკრიბა უძღები შვილების გზააბნეული სულები და უფალს მიუყვანა. აკი, ამიტომაც მოეფინა სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები და მისივე ძალისხმევით ქართველმა ერმა შექმნა თავისი სულის ავტოპორტრეტი - სამების საკათედრო ტაძარი...

ბევრმა არ იცის, რომ მისი სათნო ღიმილის მიღმა უძირო დარდი და ცრემლი იღვენთება მამულის მომავალზე ფიქრში. ბევრმა არ იცის, რამდენ ტკივილს და სიმწარეს მალავს მისი გული, როგორ განიცდის ჩვენს უკუღმართობას და უღმერთობას, მაგრამ უდიდესი სულგრძელობის მეოხებით არც ერთი ჩვენგანი არ ემეტება დასაღუპავად და დღენიადაგ ლოცულობს ჩვენი სულების გადასარჩენად. რით ვპასუხობთ მის ზრუნვას და ლოცვას? გულში ჩავიხედოთ და გამოვტყდეთ:

როცა ძალიან გაგვიჭირდება, მხოლოდ მაშინ გვახსენდება მისი ნუგეში და ლოცვის მადლი, მხოლოდ მაშინ მივდივართ მასთან ვედრება-მუდარით. არადა, ჩვენი პატრიარქი ყოველდღე გვევედრება: - დიდგორის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ჩვენი საომარი დღეს ჩვენს ფესვებსა და სულიერებაზე ზრუნვაა და არანაკლები გმირობა სჭირდება ამ ბრძოლის მოგებას, მოდით და ერთად გადავარჩინოთ სამშობლოო...

სულიერებისგან დაცლილი მსოფლიო, ვისაც კი თუნდაც ერთხელ უხილავს ან უგრძნია  ჩვენი პატრიარქის საოცარი მადლმოსილება, შეძრულია, - ბედნიერები ხართ, რომ ასეთი სულიერი წინამძღოლი გყავთო... ამ ცოტა ხნის წინ, სვეტიცხოვლობაზე ჩამოსული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ: - უწმინდესი ილიას სახით ჩვენ ძველი დროის ბერი ვიხილეთ და ქართველებმა კიდევ არ უწყით, რა არამიწიერი წყალობა მოუმადლებია თქვენთვის უფალს, როცა ასეთი მწყემსმთავარი მოგივლინათო!..

ქართველებმა კიდევ არ უწყითო... ამ სიტყვებმა მაინც მოგვცეს იმის ძალა, რომ ჩვენს პატრიარქს ოდნავ მაინც შევეხიდოთ უმძიმესი ჯვრის ზიდვაში!..

ის ერთადერთი გახლდათ, რომელიც 2008 წლის სისხლიანი აგვისტოს დღეებში შევიდა მტრის მიერ ოკუპირებულ ძირძველ ქართულ მიწაზე და მამულს გმირულად თავშეწირული ქართველი ბიჭების ცხედრები გააპატიოსნა. ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან  ქედმაღლურად მოლაპარაკე რუსთა გენერალი ბორისოვი ქართველების სულიერ მამას თავდახრილი, მოწიწებით დასდევდა და მორჩილად აღასრულებდა მის ყველა სიტყვას...

ბევრ ჩვენგანს ახსოვს კადრები, თუ როგორ იგლოვა მდუღარე ცრემლით ჩვენმა პატრიარქმა სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ტრაგედია. არავის უნახავს, მაგრამ რუსთავ-მარნეულის მთავარეპისკოპოსის, მეუფე იოანეს მონათხრობიდან ვიცი, როგორი ტკივილითა და ცრემლით გადაიტანა 9 აპრილის უბედურება ერის სულიერმა მამამ...

აი, აქ არის მისი ჭირისუფლობა და სიყვარული ერისა და სამშობლოსადმი. ამ ტკივილითა და დარდით ლოცულობს დღენიადაგ ჩვენი პატრიარქი და ამ ლოცვით უდგას სული დღემდე საქართველოს!..

ერთ-ერთი ქადაგებისას პედაგოგებს სთხოვა, - ბავშვებს მოეფერეთ და ორიანი არ დაუწეროთო(!)... სითბო და სიყვარული ასწავლეთ უპირველესადო... განა არ ჩანს ამ სიტყვებში მისი ზრუნვა და ფიქრი საქართველოს მომავალზე?.. იცით, რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე მოვიდა ამ ქადაგების მერე, ქართული სულისთვის ასე უცხო უნარ-ჩვევებისა და ლოტოტრონების ცოდვიანი ორომტრიალიდან ეკლესიის წიაღში?..

განა ჩვენი პატრიარქი არ იყო პირველი ზართა დამრისხებელი, ჩვენი კატასტროფული დემოგრაფიით შეძრულმა რომ გამოაღვიძა მიძინებული ერი? განა მისმა მასობრივმა ნათლობამ არ მოჰგვარა ოდნავი შვება ერის მომავალს?..

განა პატრიარქი არ ზრუნავს ქართულ სოფელზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ჩვენს უმდიდრეს ისტორიაზე?.. გადაავლეთ თვალი მის ეპისტოლეებს და  ქადაგებებს, მის ბრძნულ შეგონებებს და იოლად დარწმუნდებით ამაში...

მაინც ებრძვიან, ფარული მზაკვრობით, ცხადი ღვარძლითა თუ ბოღმით, მიზანმიმართული დაჟინებითა და სიძულვილით. ვერ აუტანიათ მისი შეუვალი ავტორიტეტი და ის სიყვარული, რომელსაც ერი ავლენს პატრიარქის მიმართ...

"ღვთივკურთხეულნო ივერიელნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა! თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის -  ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება. უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს...

შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო, ძვირფასო სამწყსოვ! შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ!" - 33 წლის წინ, სვეტიცხოველში ნათქვამი ჩვენი პატრიარქის ეს სიტყვები გავიაზროთ, როგორც უფლის წყალობა, ჩვენდა სანუგეშოდ აღვლენილი. აქ არის ჩაქსოვილი გადარჩენა და გაბრწყინება ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა!

P.S. 25 დეკემბერი ჩვენი უწმინდესი პატრიარქის აღსაყდრების დღე-სასწაულია(!). ამ პატარა წერილით შევეცადეთ, ის დიდი სიყვარული მცირედ მაინც გამოგვეხატა საქართველოს სულიერი მამისადმი, რაც ყველა შეგნებულ ქართველს გულში სანთლად უნთია. მას ეს არასოდეს მოუთხოვია ჩვენგან. ისედაც ხომ ვიცით ქართული სიბრძნე - შვილმა ერბო-კვერცხი რომ ხელისგულზე მოიწვას, მშობლის ამაგს ვერასოდეს გადაიხდის. ის არაფერს ითხოვს, მხოლოდ შესთხოვს უფალს, რომ გონება გაგვინათოს ქართველებს, დედაეკლესიას რომ მივეახლოთ ჭეშმარიტი სიყვარულით და "საქართველო გაბრწყინდება" მარტო სადღეგრძელოებში კი არ გვიტრიალებდეს ენის წვერზე, არამედ ერის სულიერ წინამძღოლს გავყვეთ ბოლომდე. ეს არის დღეს მისი სავედრებელი და სათხოვარი.

P.P.S. უსაზღვრო ტკივილებთან ერთად ჩვენი პატრიარქი უფაქიზესი იუმორითაც გამოირჩევა, რომელშიც საოცარი სიბრძნე იმალება და ამასთან ღიმილით გადმოცემული ნუგეში იმედიანი მომავლისა. დღეს, ამ ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების ეპოქაში, ნემსი ვეღარ იმალება ყუნწში თვალის გაუყრელად და საოცრად ლამაზი იუმორით შეაზავა ქართველობამ უწმინდესთან დაკავშირებული ერთი ღიმილიანი ამბავი:

უახლოეს გარემოცვას პატრიარქისთვის ტელეფონი მიუტანია და უთქვამს, - უწმინდესო, ეს აპარატი არ ისმინება და შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთო... მას კი სათნო ღიმილით განათებია სახე: - წაიღეთ, შვილო, უკან, მთელი სიცოცხლე იმას ვლოცულობ, რომ ვინმემ მომისმინოს და ეს აპარატი არ გამომადგებაო(!)... ჭეშმარიტად, მოუსმინეთ ყველამ საქართველოს პატრიარქს და გაიგეთ ამ იუმორის სიბრძნეც!..

"კვირის პალიტრა" მრავალრიცხოვან მკითხველთან ერთად, მოკრძალებითა და სიყვარულით ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 33 წლისთავს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ქართველი ერის სანუგეშოდ.