მოვიდა მაცხოვარი პირდაპირ ჩვენთან და ვითომ მე მეუბნება, - ხალხი უნდა მოაქციოო... - კვირის პალიტრა

მოვიდა მაცხოვარი პირდაპირ ჩვენთან და ვითომ მე მეუბნება, - ხალხი უნდა მოაქციოო...

4 იანვარი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადების დღეა. ვულოცავთ ჩვენს სულიერ მამას ამ კურთხეულ დღეს და შევთხოვთ უფალს მის დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

ამ დღესთან დაკავშირებით გვსურს, ხევის წმინდა სალოცავებზე მოგითხროთ. განსაცდელებით აღსავსეა მთიელი კაცის წუთისოფელი. განა თავით თვისით ძალმოსილობენ მთიელნი - თავიანთი სალოცავების მადლით. დიდია და უბრალო რწმენა მთის მკვიდრთა. მათ მიერ ცისა და მიწის გასაყარზე აშენებულ სალოცავებში რომ მიხვიდე, უნდა იღვაწო, უნდა დაიღალო, სული და სხეული მოიდრიკო და მერე ესაუბრო უფალს.

ბეთლემი. ზღვის დონიდან 3982 მ-ზე გამოუკვეთიათ ჩვენს წინაპრებს ბეთლემის გამოქვაბული. გადმოცემით, ის წმინდა გიორგის საბრძანებელია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აქ ინახებოდა უფლის აკვანი, მამა აბრაამის კარავი და სხვა სიწმინდენი. ამ კარვისთვის ჩამოუკვეთია ალამი წმინდა იოსებ მოხევეს და ერეკლე მეფისთვის მიურთმევია. 1948 წლის 7 იანვარს ბეთლემის მღვიმეში შესულ ქართველ მთამსვლელებს ეს სიწმინდეები აღარ დახვედრიათ.

მღვიმეში შემორჩენილი დაახლოებით მე-13 საუკუნის ჭედური ხატი (დროშა) და სხვა ნივთები, მღვიმის კარი და 5,5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლითაც გამოქვაბულში ადიოდნენ მლოცველნი, ახლა ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ბეთლემის გამოქვაბულის ქვემოთ, კლდის ძირში, 3732 მ-ზე მდებარეობდა წმინდა ნინოს მიერ დაარსებული მონასტერი, რომელიც ნიაღვრებს დაუქცევია. ამ მადლმოსილი ადგილის ახლომახლო ნადირობას ვერავინ ბედავდა, ეშინოდათ - ბეთლემი დაგვაბრმავებსო.

წმინდა სამება. ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის წმინდა სამებაა. საუცხოო ჩუქურთმითა და ჯვრებით შემკული ტაძარი სამების მაღალ მთაზე დგას. ალ. ყაზბეგის ცნობით, ის წინათ მოხატული ყოფილა და საკურთხევლის ცაზე პირიღვთისა იყო გამოსახული, რომელიც შემდეგ რუს მღვდელმთავრებს შეუთეთრებიათ.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, სამების მთაზე წმინდა ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს. სამების ტაძარში დაცული იყო ვერცხლით მოპერანგებული ორი ძველი, "სადარო" და "საავდრო"  ხატი. გვალვისას ან გაბმული წვიმისას გერგეტელები სამების ტაძრიდან სამების წყარომდე მიაბრძანებდნენ შესაბამის ხატს, განბანდნენ და მათი რწმენისამებრ, ან გაავდრდებოდა, ან კიდევ გადაიღებდა წვიმა.

თქმულება სტეფანწმინდაზე. სტეფანწმინდელებს წინათ ყუროს მთის ძირას, დავაკებაზე უცხოვრიათ. იქვე, მახლობლად, წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი, გვარად ფიცხელაური. ერისკაცობაში ღრუბელა რქმევია. ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ყუროდან ტალახს დაუწყია დენა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება, სეტყვისგან თავდასაცავად თავზე კოდი გადაუხურავს, კოშკში შევარდნილა და ზარების რეკვა აუტეხავს. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა, სოფელს კი, სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად, სტეფანწმინდა დაარქვეს.

სიონი. სოფელ სიონში ღვთისმშობლის ტაძრის აშენებას ხალხი თამარ მეფეს მიაწერს. ამ ორსართულიანი ბაზილიკის ქვედა სართული ლოდებით არის ამოყვანილი. კარის მარჯვენა მხარეს გამართული ქვის სავარძლების საზურგეებზე ჯვრებია ამოკვეთილი. ამ საკარცხულებზე ხევის უხუცესები ისხდნენ და თემის საქმეებზე ბჭობდნენ. ტაძარში სერგი მაკალათიას უნახავს გარბანის წმინდა გიორგის ხატი და "მღვთაების ჯვარი". ამ დიდი, ვერცხლით მოჭედილი ჯვრის შუაში ჯვარცმული მაცხოვარი იყო გამოსახული. წარწერის მიხედვით და ხალხური გადმოცემით, ეს ჯვარი სიონის ღვთისმშობლისთვის 1693 წელს შეუწირავს ბაიდურ არაგვის ერისთავს.

მამაწმინდა. გორისციხელები 13 ივლისს ზეიმობდნენ მამაწმინდობას. მამაწმინდის ხატები და ჯვრები ძნელად მისასვლელ გორისციხის კოშკში ინახებოდა. დღესასწაულზე გამოაბრძანებდნენ ხატებს, გაემართებოდნენ მაღალ მთაზე აღმართული მამაწმინდის წვერის ეკლესიისკენ. ძველად თურმე აქ ინახებოდა მამაწმინდის განძი. მამაწმინდას ძლიერ და სასწაულმოქმედ ხატად მიიჩნევდნენ, გვალვასა და სხვა შემთხვევებში გამოაბრძანებდნენ და მფარველობას ევედრებოდნენ.

"ხედენიშის წმინდა გივარგის" სალოცავში, 20 ივნისს დიდი ხატობა იმართებოდა ხოლმე. თქმულებით, ხედენიშში ღვინით წვიმდა და თეთრი პურით თოვდა, მაგრამ ერთ უგუნურ დედაკაცს ხედენიშობას ეს ადგილი ბავშვისთვის წაუბილწვინებია. ხატი გაჯავრებულა და მიწაში ჩასულა. ხალხს იქაურობა გადაუთხრია, მაგრამ ხატი ვერ უპოვიათ. ბოლოს, ხატს მიწიდან ამოუძახია: - ნუ იღლებით, რამდენ თოხსაც დაჰკრავთ, იმდენად სიღრმეში ჩავდივარო. ამ ნათხარს "გორაის ტბას" ეძახდნენ.

ივანობა. ყაზბეგიდან 5 კმ-ის დაშორებით, დარიალისკენ, თერგის ნაპირას, ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. ივანობას ხატობაში "ბერადშეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ.

სპარსანგელოზი. თერგისა და სნოს ხეობებს შუა, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, დგას ხევის ძლიერი სალოცავი "სპარსანგელოზი", რომელსაც ადრე ათანგენის წვერისანგელოზსაც უწოდებდნენ. ის ძლიერ ხატად არის მიჩნეული და მის სახელს მოხევეები დღესაც ფიცულობენ.

ამ წმინდა სალოცავებთან ერთად, ჩრდილოეთიდან მომავალ რუსულ ნიაღვარს წინ კარად აღმართვია და ძალისამებრ აკავებს დარიალის ხეობაში ახლად აშენებული უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსი. ინებოს ღმერთმა, ჩვენი უწმინდესის ლოცვით ეს კარი საიმედოდ ჩაირაზოს.

მეორედ მოსვლის ნიში. აჩხოტის ველზე აღმართულია პატარა ნიში, რომლის აგების ისტორიასაც თვითონ უწმინდესი მოგვითხრობს: "მამაჩემს ესიზმრა: ვითომ მე და მამაჩემი ვიდექით წყაროთხიდთან, სადაც ერთდება სნოს წყალი და თერგი. მთელი ეს მინდორი სავსე იყო ხალხით. მეორედ მოსვლაა. ხალხი გაიპო შუაზე, - მობრძანდება მაცხოვარიო. მოვიდა მაცხოვარი პირდაპირ ჩვენთან და ვითომ მე მეუბნება, - ხალხი უნდა მოაქციოო... ამის შემდეგ მომივიდა აზრად, რომ მეორედ მოსვლის პატარა ნიში დაგვედგა".

დიდი იყო და არის მოხევეთა რწმენა; მათი რწმენის ნაყოფი, მათი შესაწირი ბოლო ჟამის საქართველოსთვის გახლავთ ხევის მკვიდრი, ჩვენი პატრიარქი. მოხევეებს ახლაც ახსოვთ, როგორ წარუდგინა მათ კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა გიორგი ღუდუშაურის ვაჟი - ეს იქნება თქვენი პატრიარქიო. მოხევეებს ახსოვთ ის ნეტარი დღე, როცა უწმინდესი ილია II, როგორც პატრიარქი, პირველად აბრძანდა ხევში. ამ დღეს, სულთმოფენობას, სამებობას, მან სიყვარულის დღესასწაული”დააარსა.

ინებოს ღმერთმა და გერგეტის წმინდა სამების ტაძრიდან მოგვბეროს ნიავწლილმა ღვთაებრივი სიყვარულისა და მისი მადლით აღივსოს საქრისტიანო საქართველო, რათა მისი უნჯი (საკუთარი) ყმები ერთობით ვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას. ამინ.

კახაბერ კენკიშვილი