მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაეფარა წმინდა ხატს... - კვირის პალიტრა

მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაეფარა წმინდა ხატს...

21 სექტემბერს (ახ. სტ.) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია. ვულოცავთ ამ წმინდა დღეს მკითხველს და გთავაზობთ აწყურის ღვთისმშობლის ხატის ისტორიას, ხატისა, რომლითაც ქართველებმა პირველად იხილეს თავიანთი მფარველი ღვთისმშობელი მარიამი.

...მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო იესოს სწავლების საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. გადაწყვიტა კიდევაც წამობრძანება, მაგრამ  მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და უთხრა: "დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდე".

მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ზედ მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.

წმინდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, "რომელ არს სოფელ მეგრელთა", და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა "ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდება" და სახარების ქადაგება დაუწყია. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

დადგა განშორების დრო. არ ეთმობოდა მრევლს მოძღვარი. სთხოვეს, სასოდ და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაგვიტოვეო. წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და დედა ღვთისას სახე მეყსეულად გამოისახა მასზე.

გზად მომავალ წმინდა ანდრიას არაერთი წარმართული კერპი დახვედრია აღმართული. ულოცია წმინდანს ღვთისმშობლის ხატთან და ყველა კერპი დამხობილა.

მალევე ანდრია მიადგა სოსანგეთს (ახლანდელი აწყური), სადაც არტემისსა და აპოლონს სცემდნენ თაყვანს.

იმ მხარეს ერთი ქვრივი ქალი, სახელად სამძივარი, განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც წმინდა ანდრიას მისვლისას მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაება და ტირილი. დაღამდა და მწუხარებით გათანგულებმა ციხიდან გამომავალი დიდი ნათელი იხილეს. გათენდა თუ არა, სამძივარმა მაშინვე გაგზავნა ხალხი ამბის გასაგებად. აუწყეს, ციხეში უცხოტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ, შემოქმედსა და დამბადებელს, კაცთა სიცოცხლის მომნიჭებელს და მკვდართა აღმადგინებელს; აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. სამძივარმა მონებს წმინდა ანდრია მოაყვანინა.

"ვინ ხართ? - ჰკითხა ქალმა, - საიდან მოდიხართ ან რას ქადაგებთ?"

წმინდა ანდრიამ მიუგო, - მოციქული ვარ ჭეშმარიტი ღმერთისა, რომელიც "წამისყოფით აღადგენს მკვდარს" და რომ ყველა, ვინც კი მას ირწმუნებდა და ნათელს იღებდა, ყოველგვარი სენისგან განიკურნებოდა და რასაც ითხოვდა, ყოველივე მიეცემოდა.

ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი. მოციქულმა წმინდა ხატი სხეულზე დაასვენა მიცვალებულს, ილოცა და ყრმას ხელი გაუწოდა. ისიც, თითქოს ახლა გაიღვიძაო, საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე.

ხალხით გაივსო სოსანგეთი. ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა. დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი - იესუ, კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი, რომელთაც ეთაყვანებოდნენ. "შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში თქვენს ღმერთებთან, - შესთავაზა მოციქულმა, - დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცველნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი".

...დილით კერპნი დამსხვრეულნი ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა - მზესავით გაბრწყინებული. ყველამ ერთხმად ადიდა ქრისტიანთა ღმერთი.

მესხნი შეევედრნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვებინა. მოციქული დაჰყვა მათ თხოვნას...

VII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჰერაკლე კეისარი შემოიჭრა. მან თაყვანისცა ხელთუქმნელ ხატს და, როგორც "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, აწყურის დიდი საყდრის შენებაც დაიწყო. ეკლესია განუსრულებიათ "მორწმუნეთა კაცთა" და საეპისკოპოსო კათედრად უქცევიათ.

წმინდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა. დაინგრა აწყურის საყდარიც. თურმე სწორედ იმ დღეს ღვთისმშობლის ხატი ლიტანიით შეაბრძანეს და შუა ტაძარში დაასვენეს. მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაეფარა წმინდა ხატს...

ეგებ ეს მიწისძვრა გაფრთხილება იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა...

1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. ირანს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". გამოიძიეს მიზეზი. ზოგიერთმა გაიხსენა, - საქართველო რომ დავლაშქრეთ, ერთი საყდრიდან დიდი პატივით შემკული ფიცარი წამოვიღეთ, ჯერ კიდევ მგზავრობისას ვნახეთ მის მიერ მოხდენილი სასწაულნი - საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდა; ეს რისხვაც უეჭველად მისგან მოგვევლინა. სჯობს, მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათო. იპოვეს ხატი, მაგრამ მის წაღებას შიშით ვინ გაბედავდა! ბოლოს, ხატი უხედნელ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გაუშვეს.

ღვთის განგებით, ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. "და იქმნა დიდებული სასწაული", - განათდა, განბრწყინდა მთელი სამცხე, მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანი სცეს წმინდა ხატს.

გავიდა ორი წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია. მესხებმა მოასწრეს და ხატი გადამალეს. მტერმა პირობა მისცა, რომ აწყურს არ ააოხრებდა. შეცდნენ მესხნი და მიართვეს კლიტენი, მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა და "მიეტევნეს ვითარცა მხეცნი". მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხატი კი იაყუბ ყაენს მიართვეს. ყაენმა ხატი სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედითაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა ქრისტიანმა იხილა, მოიპარა ხატი,  თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა, - თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგწევო. ეს ამბავი მანუჩარ ათაბაგს მოუთხრეს. გახარებულმა ათაბაგმა კაცნი გაგზავნა და წმინდა ხატი დაიხსნა. ეს 1486 წლის 25 სექტემბერს მომხდარა.

1535-1545 წლებში სამცხე იმერეთს ეკუთვნოდა. შემდეგ ოსმალომ წაართვა. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფემ სამხრეთისკენ გაილაშქრა, სამცხე ვეღარ დაიბრუნა, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ციხისჯვარში დაასვენა, 1553 წელს კი იმერეთში გადააბრძანა. 1562 წელს ბაგრატის ძე, იმერთა მეფე გიორგი II და ქაიხოსრო ათაბაგი დაზავდნენ და იმერლებმა ღვთისმშობლის ხატი მესხებს დაუბრუნეს.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომ მეფისეულ სიგელში. მეფეს სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტეანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერვინ დაუჭიროს..." შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის, გაურკვეველია.

წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს.

სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია განუყოფელი კვართი მაცხოვრისა - სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგნი, მცხეთის საყდრისგან გამოყოფას ცდილობდნენ. და რას მიაღწიეს?! სამცხე გავერანდა, დაცარიელდა მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან. სამცხის მიწა დატოვა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა. სწორედ ამის შემდეგ იყო (როგორც შენიშნავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე), რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა ძირითადად გამაჰმადიანდა, გათათრდა და დაეკარგა ქართველ ერს. წმინდა ხატი იქ ქრისტიანობასა და ქართველებს იცავდა. მართლმადიდებელი მესხნი მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა სოფლები: ვარძია, ანანური, აწყური... მესხებმა თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო, როცა მესხეთს ქრისტიანი პატრონი გამოუჩნდებოდა და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ სამყოფელს, განათდებოდა და გაბრწყინდებოდა მესხეთი და შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ შვილებს.

არ ვიცით, აღდგება თუ არა აწყურის საყდარი, არც ის ვიცით, ინებებს თუ არა ღვთისმშობლის ხატი (ალბათ, უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის ნათქვამი, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.

კახაბერ კენკიშვილი