რას გვეტყვი, მამაო? - კვირის პალიტრა

რას გვეტყვი, მამაო?

- მყავს სამი ნათლია. გარკვეულ მიზეზთა გამო, მსურს ერთ-ერთ მათგანთან გავწყვიტო ნათესაური კავშირი. არის თუ არა შესაძლებელი ეს, თუნდაც ისე, როგორც ჯვრის აყრა. წინასწარ გიხდით მადლობას.

- "ჯვრის აყრასთან" პარალელის მოტანა არასწორია. უფრო სწორი იქნებოდა, რომ ნათლია მიგვემსგავსებინა ხორციელ მშობელთან (დედასთან, მამასთან), რადგან ნათლია სულიერი მშობელია. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს ხორციელ მშობლებს, რომ ისინი თქვენი მშობლები არ არიან, გაებუტოთ, გაწყვიტოთ მათთან კავშირი და აღარ ნახოთ (ზოგიერთი ასეც იქცევა), მაგრამ ისინი მაინც თქვენს მშობლებად რჩებიან და ამას ვერაფერი შეცვლის, ვერც სხვა მშობლის ამორჩევა. ასევეა ნათლიის შემთხვევაშიც. ის მაინც რჩება თქვენს სულიერ მშობლად. ასე რომ, გირჩევთ შეეშვათ ამგვარ რაღაცებზე ფიქრს, არასწორი ანალოგიების ძიებას, იყოთ ქრისტიანი, რაც ნიშნავს იყოთ მიმტევებელი. მართალიც რომ იყოთ (და ეს კი მხოლოდ ღმერთმა იცის) ნათლიასთან, სხვასთან რამეში ჩაჭრილი მაინც იქნებით, ამიტომ მიუტევეთ, თუ გინდათ, რომ ღმერთმა საკუთარი შეცდომები მოგიტევოთ. თუ არადა, დაივიწყეთ ქრისტიანობა და დარჩენილი ორი ნათლიაც!

- ამბობენ, წირვის დროს შენ წინ მდგომი ადამიანისთვის სანთლის ასანთებად მარცხენა ხელით გადაწოდება არ შეიძლება, რამდენად მართალია ეს?

- უფრო მეტს გეტყვით. არც მარჯვენა ხელით გადაწოდება შეიძლება! და საერთოდ რაზე დარდობთ და რას აქცევთ ყურადღებას? თქვე დალოცვილებო, რაღა წირვის დროს გინდებათ სანთლების დანთება. ან წირვის დაწყებამდე დაანთეთ, ან წირვის დამთავრების შემდეგ. რატომ უშლით მორწმუნეებს ლოცვის დროს ხელს თქვენი, ვითომ, მორწმუნეობით! წირვაზე იყუჩეთ და გულით ილოცეთ იმ ლოცვებით, რაც გესმით და შემდეგ თუ გნებავთ, ორივე ხელით დაანთეთ სანთლები!

- როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვებს?

- ლოცვას არა აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფალს, ან უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად მაცხოვარი ბრძანებს ასეთ მლოცველთა შესახებ: "ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან".