"ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენზედა" - კვირის პალიტრა

"ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენზედა"

"მათ დღეთა შინა" ნათელ-იღო იესომ ხელთაგან იოანე ნათლისმცემლისა. შთაფლვისას ჩვენი ძველი, ცოდვისმიერი ვნებები დამარხა, ამოსვლისას კი ამოიყვანა "კაცი ახალი". სწორედ ნათლისღებისას განცხადდა ყოვლადწმიდა სამება, რადგან ძემ ნათელიღო, მამა დაემოწმა, ხოლო სული წმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა, რათა ყველას ეხილა, რომ იგია ღმერთი, მაცხოვარი ერისა და აღთქმული მესია. ნათელ-იღო და ჩვენც დაგვიწესა ნათლობის საიდუმლო, რათა ჩვენც, ვინც პირველი ადამის წყალობით შვილნი რისხვისანი ვიყავით, "შვილ ღმრთისა" გავხდეთ. ჩვენი შთაფვლაც ხომ ქრისტესთან ერთად ჯვარცმას ნიშნავს. აკი თავადვე უწოდა მოწაფეებთან საუბრისას ნათლობას ჯვარცმა(მათე, 20).

მან, უცოდველმა, ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნება იტვირთა და ისევე ამოიყვანა ცოდვათა მორევიდან, როგორც მწყემსმა კეთილმა ცხვარი წყმედული. წყალში ჩავიდა, რადგან წყალი ძველთაგანვე განწმენდისა და სიცოცხლის სიმბოლოი ყო. ჩავიდა და სამყაროს ყველა სტიქია აკურთხა, რის შემდეგაც ბუნებამ კვლავ შეიძინა მადლის მიერ ნიჭთა შენახვის ძალა. მდინარეში ჩასული უფლის მხილველი იორდანე, ჯვარცმული უფლის მხილველი მზის მსგავსად, უკუიქცა და, იქიდან მოყოლებული, ყოველ 19 იანვარს უკუღმა იწყებს დინებას.

ამოვიდა წყლიდან, გაიხსნა კარი და გაისმა მამის ხმა :"ესე არს ძე ჩემი საყვარელი". რადგან ბევრს იოანე ნათლისმცემელი ეგონა მესია, ეს ხმაც იოანესადმი თქმული რომ არ ჰგონებოდათ, სულიწმიდა ხილულად, მტრედის სახით გარდამოხდა მაცხოვარზე. რატომ მტრედის სახით?-იმიტომ, რომ ფრინველებს შორის მტრედია ყველაზე უმანკო, მშვიდი და სიწმინდის მოყვარული; იმიტომ, რომ წარღვნის შემდეგ სწორედ მტრედმა მოუტანა ნოეს ზეთისხილის რტო, რითიც წარღვნის დასასრული და ახალი ცხოვრების დაწყება ამცნო.

ნათლისღებისას გარდამოსულმა სულიწმიდამ, ზეთისხილის რტოს ნაცვლად, ღმრთის შვილობა მოართვა ადამიანებს და ბოროტების და ცოდვის წარღვნის დასასრული ამცნო.

ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო მოცემული რამდენიმე წინა სახე ნათლობისა:

პირველი სახე ნათლობისა კაცობრიობისათვის წარღვნა იყო. სწორედ წყალთა რღვნით განწმინდა ღმერთმა ნოეს დროს ქვეყნიერება ცოდვისაგან;

მეორე სახე - ისრაელის ერის მეწამულ ზღვაში გავლა და უდაბნოში სიარული ღრუბელთან ერთად, სადაც ღრუბელი სულიწმიდის სიმბოლოა, ხოლო ზღვა-წყლისა;

მესამე იყო მოსეს სჯულის მიერი განბანა არაწმიდებისაგან;

მეოთხე - იოანე ნათლისემცემლისეული, მოსამზადებელი ნათლობა;

მეხუთე - უფლისმიერი - წყლით დასულიწმიდით (ცეცხლით), რაც იმას ნიშნავს, რომ მონათლული, მაგრამ უზნეო წესით მაცხოვრებელი ადამიანი ცეცხლით შეიძლება დაისაჯოს;

მეექვსე ნათლობა აღესრულება მონათლულის მიერ სინანულისა და ცრემლის გზით, მთელი ცხოვრების მანძილზე;

მეშვიდე - ინათლება სისხლითა და მოწამეობით, რადგან უფლის ფერდიდან, წყალთან ერთად, სისხლიც გარდამოხდა. ისევე, როგრც ზღვაში გასვლის მერე იწყება ისრაელისთვის ორმოცწლიანი ხეტიალი, მწირობა დ აბრძოლა ,ხოლო ნათლისღების მერე - იესოს ორმოცდღიანი მარხვა უდაბნოში, ასევე იწყება ნათლისღების შემდეგ ქრისტიანისათვის საცდურითა და ჭირით აღსავსე გზ ასასუფევლისაკენ. მოსანათლის წყალში სამგზის შთაფლვაც ორ რამეს მოასწავებს: ჯოჯოხეთში ქრისტეს ყოფნას სამი დღის განმავლობაში და იმას, რომ ეს საიდუმლო ყოვლად წმიდა სამების ძალით აღესრულება. პავლე მოციქულის სიტყვებით, შთაფვლის შემდეგ "ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯვარს აცვა" და "დავეფლვენით მისთა ნანათლის-ღებითა სიკვდილად", რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ღვთისკენ სავალ გზას განწმენდილნი დავადგეთ. ჩვენ ხორციელი, ცოდვილი ცხოვრებისათვის ვკვდებით და სულიწმიდის მიერ სულიერ და წმიდა ცხოვრებაში აღვდგებით. მთავარი ისაა, რომ ნათლისღებისას მონათლულის გულიდან ეშმაკი განიდევნება ანუ ჩვენი ბუნება ჯვარცმა-ნათლისღებით აღიდგენს იმას, რაც ადამში ცოდვით დაცემით ჰქონდა დაკარგული.

ერთისგან სიკვდილი მივიღეთ, ასევე ერთისგან უნდა მივიღოთ უხრწნელება და სიცოცხლე. რადგან პირველი ადამისგან ერთხელ ვიშვით, აუცილებელია მეორე ადამისგან - ქრისტესგან, ერთხელ სულიერი შობაც. უფალმა თავისთვის ტანჯვა და სიმძიმე განიკუთვნა, ჩვენ კი თავის ვნებებთან ზიარება ტანჯვის განუცდელად მოგვანიჭა. ნათლისღება არის კარი ზეცისა, რომელიც "რაკი ასე ფართოდ გაიღო, ჩვენს შესვლას ელოდება (წმ.გრიგოლ პალამა)". ამიტომაც ამბობს უფალი: "უკუეთუ ვინმე არ აიშვას მეორედ, ვერხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა" (იოანე,3,3). და რადგან ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, უფალმა "ორადი განწმენდაც დაგვიწესა - წყლით და სულიწმიდით. სულიწმიდით, რომელიც განაახლებს და აღადგენს ჩვენში ხატსა და სახეს ღმრთისას; და წყლით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ განწმენდს ჩვენს სხეულს ცოდვისაგან და გვიხსნის ხრწნილებისაგან" (წმ. იოანე დამასკელი).

ძველი აღთქმის საშუალებით უფალი მესიის გამოჩინებისათვის ამზადებდა ძველ ისრაელს; ხოლო ახალი აღთქმისა და საიდუმლოებების საშუალებით სასუფევლისათვის გვამზადებს ახალ ისრაელს. და რადგან ყოველი ქრისტიანის დანიშნულება "სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა" (წმ. სერაფიმე საროველი), ამიტომ ნათლისღებითა და მირონცხებით განწმენდილ სულს, სულიწმიდის ბეჭედსა და მადლს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. იგი მყუდროში დანთებული სანთელივითაა, რომელიც ჩირაღდნად უნდა აინთოს და ქრისტესა და მოყვასის სიყვარულში დაიფერფლოს. ამიტომაცაა ესოდენ მნიშვნელოვანი უფლისმიერი ნათლისღება და ამიტომაც უგალობს ეკლესია: "განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენზედა".

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისთვის)