"მოდიოდა ნინო მთებით"… - კვირის პალიტრა

"მოდიოდა ნინო მთებით"…

27 იანვარს საქართველოს ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, ჩვენი წმიდა დედის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს, რადგან სწორედ მან - კაპადოკიელმა ქალწულმა, ქრისტეზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო ჩვენში ქრისტეს დაუღამებელი ნათლის ლამპარი აენთო.

წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგი კაპადოკიელის ახლო ნათესავი და კეთილმორწმუნე მშობლების მხოლოდშობილი ასული იყო - მამა,ზაბულონი, რომის მხედართმთავარი და ფრანკთა განმანათლებელი გახლდათ; ხოლო დედა, სოსანა - იერუსალიმის პატრიარქის, იობენალის და. 12 წლისა იყო წმიდა ნინო, როდესაც მისი მშობლები იერუსალიმში წავიდნენ, ქონება კი გაყიდეს და გლახაკებს დაურიგეს. ზაბულონი პატრიარქის კურთხევით გაშორდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, გავიდა იორდანეს გაღმა და მას შემდეგ, ღვთის გარდა, არავის უხილავს. სოსანა კი შემონაზვნდა და პატრიარქმა უძლური დედების მსახურად დაადგინა. 12 წლის ასული მშობლებმა იერუსალიმის პატრიარქს მიანდეს, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარა.

სწორედ მისგან შეიტყო წმ. ნინომ მცხეთაში დამარხული კვართის შესახებ. გამოიკითხა და გაიგო, რომ ეს ქალაქი ქართლშია, ჩრდილოეთის ქვეყანაში. მას შემდეგ ჩაისახა მის გულში ყოვლისმომცველი სურვილი, ენახა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართი და ეხილა მიწა, რომელიც ღირსი გახდა, ეს განძი თავის წიაღში მიეღო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც შეისმინა მისი ვედრება, ძილში ეჩვენა და უთხრა: ჩრდილოეთის ქვეყანაში წადი და იქადაგე სახარება ჩემი ძისა. მე ვიქნები შენი შემწე და მფარველი. ქალწული ნინო შეძრწუნდა. მაშინ, ჩვენების ჭეშმარიტების დასტურად და ნუგეშად, დედაღვთისმშობელმა ხელში მისცა ჯვარი ვაზისა. ნინოს გამოეღვიძა და ნახა, რომ ჯვარი ხელში ეჭირა. მოციქულთასწორმა სიხარულის ცრემლებით დაალტო და თავისი თმებით შეკრა იგი.

ასე დაიწყო განსაცდელებით აღსავსე გზა, რომელიც ქართლის მოქცევითა და სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულდა.

დილით ნინომ ყოველივე უამბო ბიძას, რომელმაც ქრისტეს საფლავზე წაიყვანა დისშვილი, აკურთხა და ისე წარავლინა სამოღვაწეო-სამოციქულო გზაზე. და დაადგა ქართლისკენ მიმავალ სავალს ასული პირმშვენიერი და სულით ძლიერი. ორჯერ სიკვდილიც ემუქრებოდა - ჯერ სომხეთში, დიოკლეტიანესა და თრდატ სომხეთის მეფის მიერ დევნის გამო, მერე კი მირიან მეფისგან, რომელიც ნანა დედოფლის მოქცევამ განარისხა. მაგრამ უფალი სხვა ხვედრისთვის ამზადებდა ქალწულს და ორივეჯერ იხსნა განსაცდელისგან: პირველად ვარდის ბუჩქმა შეიფარა დევნილი და სასოწარკვეთილმა, მარტო შთენილმა იხილა, როგორ აჰყავდათ წამებულთა სულები ანგელოზებს ზეცად. ხმაც შემოესმა: "ესრეთვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს იგი ეკალი, რომელი არს გარემოს შენსა, ყოველ იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოით კერძო." მეორედ უფალმა მზე დაუბნელა ქართლის მეფეს, რათა მას საცნაურ-ეყო საკუთარი სულის სიბნელე, ხოლო კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი ქალწულის მიერ მოტანილ ვაზის ჯვარს გაეფანტა.

ფარავნის ტბასთან დასასვენებლად შეჩერებულ წმ. ნინოს მაცხოვარი გამოეცხადა და დამაშვრალი კიდევ ერთხელ გაამხნევა, განაძლიერა, განამზადა მომავალი ღვაწლისათვის. მანაც ფიცხელი გზებით იარა, უამრავი ჭირი და შიშიც გამოიარა, მაგრამ შიშსა და ჭირზე ძლიერი იყო მაცხოვრის სიყვარული, ღვთიმშობლის სასოება და კვართის მოლოცვის სურვილი.

მცხეთაში მის შემობრძანებას უდიდესი სასწაული მოჰყვა - იმ დღეს მცხეთელების რელიგიური დღესასწაული იყო - მთელი მოსახლეობა კერპებს სცემდა

თაყვანს.

წმიდა ნინო ცრემლებით ლოცულობდა. სწორედ ჩვენი ერის სულიერი უმეცრების გამო დაღვრილმა წმიდანის სიყვარულით გაჯერებულმა ცრემლებმა შემუსრა კერპები, აღმოაცენა სასწაულმოქმედი წყარო, ხოლო წმიდანში დავანებულმა მადლმა მის მიერ სალოცავად შერჩეული მაყვლოვანი დღემდე შემოგვინახა.

სწორედ ამ მაყვლოვანში იცხოვრა 6 წელი, უფლის კვართზე ამოსული კვიპაროსის მახლობლად, მეფისეულ ბაღში. მიწაზე დაფენილ ძაძაზე იწვა და დაფლეთილი სამოსი ემოსა, მაგრამ უამრავი სასწაული აღასრულა, სნეულთა განკურნებით დაწყებული, სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულებული, რომლითაც ქართლის ეკლესიის შენებაც დასრულდა - უფლის წმიდა სამოსელი მცხეთაში სწორედ მაშინ გამობრწყინდა,

როდესაც ელენე დედოფალმა იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარი იპოვა. ამ სასწაულის შემდეგ ჯვრებიც აღმართეს თხოთის მთაზე, უჯარმას და არაგვის გადაღმა, სადაც წმ. ნინოს ცრემლებმა წყარო აღმოაცენა.

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და, მისი ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. მის საფლავთან მოედინება წყარო, დღესაც უამრავ სასწაულს რომ აღასრულებს. ხოლო მისი თმებით შეკრული ვაზის ჯვარი სიონში ინახება და ყოველ 27 იანვარს ყოველ მორწმუნეს შეუძლია, ემთხვიოს მას.

და კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი: მისთვის დამახასიათებელი ფორმა - დადრეკილი მხრები, ჯვარმა მას შემდეგ მიიღო, რაც მეფის რუსეთმა ქართული ეკლესიები გაძარცვა და, სხვა სიწმინდეებთან ერთად, წმ. ნინოს ჯვარიც ქართულ მიწას მოაშორა; როდესაც საქართველომ სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობა დაკარგა, თითქოს ბარბაროსების მიერ გაძარცვულ სავანეებსა და ქართულ სულზე მოტირალი ქალწულის ჩამოშლილი თმებიაო, თითქოს ჩვენი ტანჯვისა და უგუნურების დანახვა გულს უპობსო, ისე დახრილა წმიდა მოციქულთასწორის მიერ ჩვენთვის ზეციურ კურთხევად მოტანილი ღვთისმშობლისეული ვაზის ჯვრის მხრები - იქნებ, ჩვენი ცოდვებიც ამძიმებს, ჩვენი, ამდენი სიწმინდე რომ მოგვებარა და პატრონობა ვერ შევძელით.

მარიამ ბურჯანაძე   (სპეციალურად საიტისათვის)