"კარიბჭის ღვთისმშობელი" - კვირის პალიტრა

"კარიბჭის ღვთისმშობელი"

IX საუკუნეში ბიზანტიაში ხატმბრძოლობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. ქალაქ ნიკეაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ქვრივი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს (გადმოცემის თანახმად, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი).

ერთხელ მის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები, რომლებმაც დაინახეს ხატი და ერთ-ერთმა მათგანმა ღვთისმშობლის გამოსახულებას გამეტებით ჰკრა მახვილი. მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის ღაწვიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გარდამოდინდა (ხატს დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა). ქვრივმა დაუჩოქა მზვერავებს და სთხოვა, გათენებამდე დაეტოვებინათ ხატი მისთვის. მთელი ღამე ლოცვაში გაათენა, მეორე დღეს კი სასწაულმოქმედი ხატი ზღვის ტალღებსა და უფლის ნებას მიანდო. ხატი ტალღებზე ზეაღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა. ქვრივმა იცოდა, რომ წამებით სიკვდილი ელოდა, ამიტომ თავის ვაჟს განრიდება უბრძანა. შვილი დაემორჩილა დედას და მოკლე ხანში ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. სწორედ მან მოიტანა მთაზე სასწაულმოქმედი ხატის ამბავი.

XII საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაში აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა, ხოლო დღის შუქზე არ ქრებოდა. ამ საოცარ ნათელს ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატი გამოსცემდა. მამებმა სცადეს, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ მან არ ისურვა და განეშორა ბერებს. მიუხედავად ათონელ მამათა გულმხურვალე სინანულისა, ხატი გამოეცხადა გაბრიელ ქართველს, რომელიც განმარტოებულ სენაკში მოღვაწეობდა, და უთხრა: "აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა, შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას".

მეორე დღეს ივერთა სავანის მამები ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა, გაიარა წყალზე, ვითარცა ხმელზე და ფასდაუდებელი საუნჯე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც წმ.გაბრიელ ქართველმა ხატი პირველად დააბრძანა, საკვირველმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებას კურნავს. სამი დღე პარაკლისებს უხდიდნენ, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საკურთხეველში დააბრძანეს, მაგრამ მეორე დილას ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა ხატი საკურთხეველში რამდენჯერაც დააბრუნეს, იმდენჯერ სასწაული განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელმა კვლავ წმ.გაბრიელის პირით ამცნო თავისი ნება ქართველ მამებს: "არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს, ვიყო თქვენი მფარველიც და დამცველიც." მას შემდეგ ხატი მის გამორჩეულ ადგილას ბრძანდება – ბერებმა სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და ხატიც იქ დააბრძანეს. ხატს "კარიბჭისა" სწორედ ამის გამო ეწოდა, ხოლო "ივერიის ღვთისმშობელი" იმიტომ, რომ სამყოფელად ივერთა მონასტერი აირჩია.

არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელი ქვეყნიერებისთვის მართლმადიდებლობის ლამპარი იქნება და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი ისევე გაუჩინარდება, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა. ეს მაშინ მოხდება, როცა ათონის მთაზე ქალი შედგამს ფეხს და ეს მოვლენა უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი იქნება. ათონის მთიდან გაუჩინარებული ხატი კი საქართველოში ჩამობრძანდება და მას ანტიქრისტესგან დაიფარავს.

1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც ათონელმა ბერებმა დაწერეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, თხოვნით. ხატი ორმოცი დღე დედანთან ესვენა, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია: სამთავროს დედათა მონასტერში დავანებულ ხატს XX საუკუნის 90-იან წლებში მირონი წარმოსდინდა; ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დასერილი სახე ყველას აქვს ნანახი – ეს სწორედ ის ხატია, კომუნისტი ექიმები საოპერაციო მაგიდად რომ იყენებდნენ...

25 თებერვალი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ამ ხატის მადლი ჰფარავდეს ივერიას!

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად სატისთვის)