დაგვიდგა ჟამი სინანულისა... - კვირის პალიტრა

დაგვიდგა ჟამი სინანულისა...

"საყვარელო შვილო, - თუ კაცი მთელი გულით შეინანებს და აღარასოდეს მიუბრუნდება თავის ცოდვებს, უფლის მოწყალებით ყველა შეცოდება სამ დღეში მიეტევება"

შვიდ მარტს მართლმადიდებელ საქრისტიანოში დიდმარხვა იწყება, რომელსაც ვნების კვირა მოჰყვება და უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დასრულდება. ამ წმინდა დღეებს ქრისტიანები სინანულის მარხვასაც უწოდებენ. ეს არის ჟამი, როცა კაცი უნდა ჩაუკვირდეს განვლილ წელიწადს, თავის ცოდვებს და შეინანოს ღვთის წინაშე.

წმინდა დიდმარხვის დღეებს თან ლოცვა, თავმდაბლობა, მიტევება და, რაც მთავარია, მოძღვართან ცოდვათა აღსარება  უნდა სდევდეს. თორემ ამის გარეშე მარხვა დიეტას დაემსგავსება, რომელმაც შესაძლოა ხორცს არგოს, მაგრამ სულს სიკეთე ვერ მოუტანოს. გთავაზობთ ამბებს ქრისტიანთა სინანულისა, რათა მათით გამხნევებულნი, უფრო იმედიანად  შევუდგეთ წმინდა დიდმარხვას.

წმინდა იაკობმა  ანგელოზებრივი ცხოვრების სანაცვლოდ ღვთისგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო: ეშმაკებს განდევნიდა, კეთროვნებს განწმენდდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ უფალმა დიდი განსაცდელი მოუვლინა. ღამით მის სენაკს გზააბნეული მგზავრი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. მამა იაკობმა შეამჩნია, რომ მგზავრი ქალი იყო, მაგრამ შეებრალა და სენაკში შეუშვა, ატრაპეზა და განსასვენებლად ადგილი მიუჩინა. როცა ქალმა ტანთ გაიხადა, სძლია მამა იაკობს სიძვის ზრახვამ, ვეღარ დაითმინა, ეცა დედაკაცს და ძალით იმრუშა მასთან, მერე კი მოკლა.

გონს რომ მოვიდა, სასოწარკვეთილმა იაკობმა ბერობის დატოვება გადაწყვიტა. ქალაქისკენ მიმავალი, ღვთის განგებით, ერთ ბერს შეხვდა, გაენდო მას და სინანულის ცრემლით აღიარა თავისი შეცოდება. ბერმა ანუგეშა დაცემული: "უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევაო?" - ერთ ღრმა მღვიმეში დასახლება ურჩია და აღუთქვა, რომ საკვებს მიაწვდიდა.

ოცი წელიწადი იღვაწა მამა იაკობმა მღვიმეში. ერთხელ მხარეს, სადაც განდეგილი დასახლდა, გვალვა დაატყდა თავს. იმ მხარის ეპისკოპოსს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ წვიმას მხოლოდ იაკობ მღვიმელის ლოცვა მოიყვანდა. მწყემსმთავარი მრევლითურთ მიადგა მღვიმეს, ჩვენების შესახებ უამბო მამა იაკობს და შეწევნა სთხოვა. შეწუხდა წმინდანი: "შეცდითო ალბათ, უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათ, ვინაიდან დიდად ცოდვილი ვარო", - მაგრამ ფრიად რომ შეაჭირვეს თხოვნით, დაჰყვა მათ ნებას და ილოცა. ლოცვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზეციდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მაშინ კი მიხვდა წმინდანი, რომ შეუნდო უფალმა შეცოდება.

ერთმა კაცმა მიატოვა სოფელი და ნიტრიის უდაბნოში დაეყუდა. მისი სენაკის მახლობლად სხვა ბერი სახლობდა. ესმოდა იმ ბერს, რომ ახალდაყუდებული გამუდმებით ტიროდა თავისი ცოდვების გამო, მაშინ კი, როცა ცრემლი არ მოსდიოდა, აიღებდა შოლტს და ამ სიტყვებით: "რად განარისხე ღმერთი, ბოროტო ჩემო თავოო?!" - მანამდე იცემდა ტანზე, სანამ სიმწრისგან არ ატირდებოდა. გაოცდა ბერი, ილოცა და შეევედრა უფალს, ენიშნებინა, სათნო იყო თუ არა მისთვის განდეგილის საქციელი. იმავე ღამეს სიზმრად იხილა, რომ ის ძმა მოწამეთა შორის იდგა. "ხედავ იმ მშვენიერ მოწამეს, რომელმან ქრისტეს შიშისა და სიყვარულისთვის დაიტანჯა თავი? - ჩაესმა ხმა, - და აჰა, ესერა მოწამეთა თანა გვირგვინოსან იქმნაო".

ღირს მამას ვინმე დიდებული ეახლა და ჰკითხა: "მამაო პატიოსანო, ადამიანი დიდ ცოდვაში რომ ჩავარდეს, ნუთუ ღმერთი შეუნდობს აღსარებისა და სინანულის სანაცვლოდ?" "საყვარელო შვილო, - კითხვითვე უპასუხა ღირსმა მამამ, - ფეხსაცმელი რომ გაგეხეს, გადააგდებ?" "რატომ, მამაო, - გავკერავ და კვლავ ჩავიცვამ", - მიუგო აზნაურმა. "მაშ, თუკი შენ სამოსელი გენანება გადასაგდებად, განა უფალს არ შეებრალება თავის ხატად და მსგავსად შექმნილი სული? მან ხომ საკუთარი ძეც კი გაიმეტა, ცოდვათაგან რომ ვეხსენით", - უთხრა ბერმა. "სამი წლის სინანული თუ კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?" - კვლავ ჰკითხა სტუმარმა. "მე მწამს, შვილო, - მიუგო ბერმა, - რომ თუ კაცი მთელი გულით შეინანებს და აღარასოდეს მიუბრუნდება თავის ცოდვებს, უფლის მოწყალებით ყველა შეცოდება სამ დღეში მიეტევება".

ღირსი მამა ჩვენი დავითი თავიდან ავაზაკი იყო. თავის რაზმთან ერთად მრავალი ბოროტება ჩაიდინა, მრავალი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ, უკვე ასაკოვანს, სუფრასთან მჯდომს, გაახსენდა ღვთის სასჯელი, შეშინდა, ადგა, მიატოვა ტრაპეზი და მონასტერს მიაშურა - ბერობა მწადიაო, წარუდგა წინამძღვარს.

წინამძღვარმა ხანდაზმული კაცი რომ დაინახა, გაგიჭირდებაო ძმებთან ერთად ღვაწლი და შრომა, ვერც მონასტრის კანონს აღასრულებო, უთხრა. დავითი ისევ შეევედრა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მაშინ ასე უთხრა ბერს: "უწყოდე, წმინდაო მამაო, მე ავაზაკთა მეთაური ვარ. გაფრთხილებ - მოსული ვარ გულით, რათა ვიტირო და შევინანო ჩემი ცოდვები. თუ არ მიმიღებ, გავბრუნდები უკან, მოვიყვან ჩემს ხალხს, ამოგხოცავთ და ამ სავანესაც მოვაოხრებო". წინამძღვარმა, ეს რომ გაიგო, დავითი მყისვე შეიყვანა მონასტერში და მალე ბერადაც აღკვეცა.

განსაცვიფრებელ ღვაწლს მიეცა დავით ავაზაკყოფილი და სულ მალე ყველა ძმას წარემატა სათნოებით.

ერთხელ სენაკში იჯდა და შემუსვრილი გულით გლოვობდა თავის ცოდვებს. უეცრად წარმოუდგა მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, რომ შეუნდო ღმერთმა ყოველივე. "ვერ დავიჯერებ, - თქვა დავითმა, - რომ ასე მალე მომიტევა უფალმა ურიცხვი ცოდვა". "ზაქარიას ურწმუნოებისთვის ენა შევუკარი, - გააფრთხილა მთავარანგელოზმა, - იცოდე, არც შენ მოგერიდებიო". შეწუხდა ბერი, თაყვანი სცა უფლის მოციქულს და შეჰბედა: "წმინდაო, ოდეს ავაზაკი და ბოროტთა საქმეთა მოქმედი ვიყავი და მრავალი სისხლი დავღვარე, მაშინ არ შემიკარი არც ენა და არც ხელი და ნუთუ ახლა დამსჯი, როცა სინანული და უფლის ქება მწადიაო?" "მაშ, მხოლოდ მაშინ შეგეძლოს მეტყველება, ოდეს ღმერთს ადიდებდე და ლოცვის კანონს აღასრულებდე, - ბრძანა ანგელოზმა, - სხვა დროს კი დუმდეო".

ამ ამბის შემდეგ წმინდა დავითმა მრავალი სასწაული აღასრულა: სნეულნი განკურნა, ბრმათ თვალები აუხილა. მხოლოდ ეკლესიაში გალობდა, სხვა დროს კი ვერაფერს ამბობდა. ასე სინანულითა და სიწმინდით შეჰვედრა სული უფალს.

ერთი ახალგაზრდა ბერი სულიერი მამის კურთხევით მონასტრის ჯორებს მწყემსავდა. ერთ დღეს, ეშმაკის მანქანებით, ჯორებმა გზად ბავშვი გადათელეს. მწყემსმა გვიან შეამჩნია მკვდარი ყრმა. შეწუხდა დიდად, განეშორა იქაურობას, მთაში განმარტოვდა და უნებლიე შეცოდების გამო გლოვას მიეცა. "მე მოვკალი ეს ყრმა და სასჯელი მეკუთვნის განკითხვის დღეს! - იტყოდა გულშემუსვრილი, - მეუფეო, მე, ვითარცა კაცმა, უგუნურებით ვცოდე, მაგრამ შენ, როგორც სახიერმა ღმერთმა, შემინდე!" იქვე, ხევში, ლომს დაედო ბინა. განდეგილი ყოველდღე მიდიოდა და სცემდა - აიძულებდა, შეეჭამა იგი, მაგრამ მხეცი არ ეკარებოდა. ბოლოს, სხვა რომ ვეღარა მოახერხა რა, განიმოსა და მის წინაშე გაწვა მორჩილად, მაგრამ ლომი გადაახტა და თავისი გზით წავიდა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ მიუტევა ღმერთმა შეცოდება.

არავინ უნდა შეაძრწუნოს თავისმა დაცემამ ისე, რომ წამოდგომის სურვილი არ ჰქონდეს. წმინდა ამბროსი ოპტელი ჰყვებოდა: "ერთი ბერი მთელი სიცოცხლე სცოდავდა და ინანიებდა. შესცოდავდა - მაშინვე შეინანებდა... სიკვდილის წინ შეინანა და მოკვდა. ბოროტი სული მოვიდა მის წასაყვანად - ჩემია ეს სულიო. უფალმა უთხრა: - არა, ის ინანიებდაო. - ინანიებდა, მაგრამ ისევ სცოდავდა, რატომღა მიგყავსო? - შეედავა ეშმაკი. მაშინ უფალმა უთხრა, - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ცოდვებს ინანიებდა, შენ ხომ მაინც იღებდი და გვერდით იყენებდი ამ ცოდვილს? აბა, მე როგორღა არ მივიღებ მის სინანულს, დაგავიწყდა, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი სახიერი და მოწყალეო".