"აღდგომიდან ამაღლებამდე" - ფესტივალი იწყება - კვირის პალიტრა

"აღდგომიდან ამაღლებამდე" - ფესტივალი იწყება

2005 წელს პატრიარქის ინიციატივითა და მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე". წელს ფესტივალი ეძღვნება პატრიარქის მიერ გამოცხადებულ შერიგების წელიწადს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და აკაკი რამიშვილის ფონდი "ტრადიცია და ინოვაცია".

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია:

-  ფესტივალი  თბილისში დაიწყება, გაგრძელდება გორში და დასრულდება ბათუმში. გვინდა ფესტივალი  მშვიდობის გზავნილი იყოს მათთვის, ვინც  მრავალწლიანი პროვოკაციის მსხვერპლია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

- ფესტივალს ყოველწლიურად სხვადასხვა ხელმძღვანელი ჰყავს. წელს ვინ იქნება ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი?

- ალექსანდრე კორსანტია. ეს სახალხო ფესტივალია, ამიტომ საშუალებას ვაძლევთ კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, შეასრულონ ეს საპატიო მისია.

ფესტივალს ეწვევიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალექსანდრე ფელსმანი, სერგი ბაბაიანი. კონსერვატორიაში ჩატარდება  ალექსანდრე კორსანტიას სტუდენტთა ჯგუფის კონცერტი, ხოლო ჩვენი თანამემამულე იოსებ ბარდანაშვილის საავტორო კონცერტი - 30 აპრილს.

ფესტივალის კულმინაცია იქნება გალა-კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც პირველად შესრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოები "სანქტუსი",  რომელიც ძველი ქრისტიანული საგალობელია და ორი ნაწილისგან შედგება: პირველი - ესაია წინასწარმეტყველის, მეორე - მათეს სახარების ტექსტიდან. ამ საგალობელზე შექმნა ექვსწუთიანი კომპოზიცია პატრიარქმა.

- ვინ შეასრულებს "სანქტუსს" გალა-კონცერტზე?

- 150-კაციანი გუნდი და ოთხი სოლისტი. ამ ნაწარმოების შესასრულებლად უცხოეთიდან ჩამოვლენ შალვა მუქერია, ლადო ათანელი, ანიტა რაჭველიშვილი და თეონა დვალი. პატრიარქის მეორე ნაწარმოებს - "ავე მარიას" შეასრულებს მაყვალა ასპანიძე. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ორი სიმფონიური ორკესტრიც.

ალექსანდრე კორსანტია შეასრულებს რახმანინოვის მესამე კონცერტს. ასე რომ, მსმენელს ნამდვილი ზეიმი ელის. გალა-კონცერტს უდირიჟორებენ: ნიკა მემანიშვილი, ჯან-ლუკა მარჩიანო, ვახტანგ კახიძე, ზვიად ბოლქვაძე.

- ასეთი დონის კონცერტით ბევრი დაინტერესდება, ბილეთები გაიყიდება?

- ფესტივალზე ვარიგებთ მოსაწვევებს, მაგრამ გალა-კონცერტზე ნაწილი ბილეთებისა გაიყიდება. ამჯერად შემოსული თანხა მოხმარდება ნოდარ ანდღულაძის იდეის განხორციელებას - თოჯინების ოპერის შექმნას. მთელი სპექტაკლი 25 წუთზე მეტხანს არ გაგრძელდება. ბავშვები ამ თეატრით მიეჩვევიან ოპერის მოსმენას.