მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო - კვირის პალიტრა

მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო

დადგა ვნების შვიდეული - მართლმადიდებელი ეკლესია  ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მოიხსენიებს. დიდ ოთხშაბათს იუდა მოციქული 30 ვერცხლად გასცემს საკუთარ მოძღვარს.

დიდ ხუთშაბათს მაცხოვარი დააწესებს ზიარების საღვთო საიდუმლოს. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.  დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ამიტომაც გვსურს, ჩვენს მკითხველს ამ წმინდა დღეების შესაფერისი ამბები შევთავაზოთ:

არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) თავისი ერისკაცობის დროინდელ ამბავს ჰყვება: "დიდმარხვაში, საიდუმლო სერობის წირვის შემდეგ, სვეტიცხოვლიდან სამთავროს მონასტერში ამოვედით სატრაპეზოდ. კოშკიდან მამა გაბრიელის (ურგებაძე) ტირილი შემოგვესმა. ერთმა მონაზონმა გვითხრა: - ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას სთხოვსო. გულში ვთქვი, - ნეტავ ოდესმე თუ მექნება ისეთი რწმენა, რომ ამხელა სულიერებას მივაღწიო-მეთქი.

მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს იმ წუთში, მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი. ეუბნებოდა ხოლმე, - მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო.

*  *  *

ვაი, რომ ქართველებს აღდგომის დღესასწაულზე მადლისა და სიხარულის ნაცვლად ჩვენივე ცოდვების გამო ზოგჯერ მწუხარება მოგვიმკია...

...1088 წელს, დღესა აღვსებისასა, როცა ჟამი იყო სიხარულისა და განსვენებისა, იძრა მიწა, დაიქცა ქალაქები, სოფლები, ციხესიმაგრეები, ეკლესიები, სახლები... მიწისძვრა ერთ წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ კი შეგვიწყალა უფალმა და ნიშნად შეწყალებისა, მოგვივლინა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი.

...1275 წელს, ვნების კვირის ოთხშაბათს, კვლავ იძრა მიწა ჩვენი ურჯულოების სამხილებლად, მაგრამ არავინ გულისხმაყო. და აი, დიდ შაბათს, როცა ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საშინელმა მიწისძვრამ მესხეთი მიწასთან გაასწორა. მაშინ იყო, აწყურის ტაძრის გუმბათი რომ ჩამოვარდა და ქუდივით დაეფარა ეკლესიის შუაში დასვენებულ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს.

*  *  *

ზაქარია ჭიჭინაძემ მუსლიმი ქართველების ნაამბობი წიგნად აკინძა. ამ წიგნში ორი სააღდგომო ამბავი ვიპოვეთ.

აღდგომა ღამეს ქართველები ხერთვისის ეკლესიაში შეკრებილან, სანთლები დაუნთიათ და დაუწყიათ ლოცვა. განრისხებულ ოსმალთ ერთიანად ამოუჟლეტიათ ქრისტიანები. მაჰმადიანი ქართველები იტყოდნენ ხოლმე, - ჩვენმა წინაპრებმა წითელი კვერცხისთვის ასი კაცი მოაკვლევინეს ოსმალებსო...

ლივანაში, ბორჩხას ზემოთ, ჩხალის ხეობაში, ძველად დედათა მონასტერი ყოფილა. დასცემიან თათრები, გაუძარცვავთ და მონაზვნებიც გაუტაციათ. მონასტერში  მოხუცი დედაღა დარჩენილა. დიდი გაჭირვება გამოუვლია ამ მონაზონს, მაგრამ იქაურობა მაინც არ მიუტოვებია. ის კი არა, ოჯახებში დადიოდა თურმე და ახალგამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ისევ გაქრისტიანებისკენ მოუწოდებდა.

ერთხელ, სააღდგომოდ, მონაზონს კვერცხები შეუღებავს, სანოვაგე მოუმზადებია და ახალგამაჰმადიანებული ქართველი ქალები მოუწვევია. ქრისტიანულად მიულოცავს აღდგომა. ეს ამბავი ლივანის ბეგს შეუტყვია და მონაზვნისთვის შეუთვლია, - მანდაურობას გაეცალე, თორემ მოგკლავენო. სიკვდილი ყველგან მომაგნებს, - უთქვამს დედას, - აქედან არსად წავალ, ამ ეკლესიას უნდა ვუპატრონოო.  რამდენიმე დღის შემდეგ მონასტერს ოსმალები დასცემიან და მოხუცი მონაზონი მოუკლავთ...

*  *  *

1800 წლის აღდგომის ღამეა. თბილისის სიონის ტაძარში კათალიკოსი ანტონი სწირავს. თანამწირველად არსენ თბილელი და მიხეილ ნინოწმინდელი ჰყავს. მობრძანდა მეფე გიორგი ცისკრის ლოცვის წინ. ჩვეულებისამებრ თვითონ აღანთო "სანთელი კელაპტარი ყვითლისა სანთლისა" სიონის ღვთისმშობლის ხატის წინაშე და მოულოდნელად, ხმამაღლა შესძახა: - ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა!”- "ესრეთი აქვნდა ტრფიალება ქრისტეს სიყვარულისა  მორწმუნე მეფეს.

მისმა ხმამ, თითქოს ზეგარდმო მოღებულმან,”შეარყივნა გონება და სხეული იქვე მყოფთა. ეგონათ, თითქოს ღმერთის ხმა მოესმათო. შეძრწუნებული, ვითარცა საყვირის ხმითა, დღესაც ვძრწი და ვლმობიერობ დღესასწაულისათვის ქრისტეს ეკლესიისა, ესრეთ ბრწყინვალედ თვით მეფისაგან გარდახდილთა", - იგონებს გენერალ-მაიორი ზაქარია იოსელიანი.

*  *  *

წმინდა იოანე ახალ ქოზიბელს (+1960), ერისკაცობაში ილიას, მშობლები ადრე დაეხოცა. მალე გამზრდელი ბებიაც გარდაეცვალა... ერთხელ, აღდგომა დღეს, მთელი სოფელი სასაფლაოზე გავიდა, რათა გარდაცვლილი ახლობლებისთვისაც ეხარებინათ ბრწყინვალე აღდგომა. ხალხი მხიარულობდა, მხოლოდ პატარა ილია ტიროდა ბებიის საფლავთან. მწუხარე ბიჭს უეცრად ზარივით ხმა მოესმა: "ნუ ტირი, შვილო, ნუ მწუხარებ, რამეთუ მე ვარ შენთან, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე".

შეშინებული ბიჭი წამოხტა და მიმოიხედა, ცდილობდა, მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ხმა. უცებ შეამჩნია საკურთხევლის კედელზე გამოსახული მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხატი, რომელიც თითქოს გაცოცხლებულიყო და უღიმოდა. ბიჭმა ტირილი შეწყვიტა, მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა.

*  *  *

დეკანოზი რუფინუსი მოგვითხრობს: მამა აპოლონიოსი ძმებთან ერთად მღვიმეში ცხოვრობდა. ერთ აღდგომას ბერებმა ცისკრის ლოცვა აღავლინეს, სწირეს, ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს, მერე კი ტრაპეზი გააწყვეს. რა ჰქონდათ? - მცირეოდენი დაობებული პური და ხილი. მაშინ წმინდა აპოლონიოსმა თქვა: - თუ რწმენა გვაქვს, როგორც ქრისტეს ერთგულ მსახურთ, დაე, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის ღვთისგან საჭმელი გამოითხოვოსო.

ღირსმა მამამ სულიერ ძმებთან ერთად გულმხურვალე ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. დასასრულ, როცა ყველამ ერთხმად თქვა, -"ამინ", მღვიმის კარს ვიღაც ხალხი მიადგა ურიცხვი სანოვაგით ხელში. ყველაფერი ბერებს გადასცეს და უკან გაბრუნდნენ.

*  *  *

მამა პაისი ათონელსაც მოვუსმინოთ: ამა სოფლის ხალხი ცდილობს, ქრისტესშობის აზრს ღორის ხორცის მწვადებით ჩასწვდეს, აღდგომისას - გამომცხვარი კრავის (პასქის) დახმარებით, ყველიერის აზრს კი კანფეტით იგებენ. მაგრამ ჭეშმარიტი მონაზონი ყოველდღიურად განიცდის ღვთაებრივ მოვლენებს და მარადის უხარია. ყოველ კვირას ისე ცხოვრობს, როგორც ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს იმასვე განიცდის, რასაც დიდ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ანუ ქრისტეს ვნებებს, ყოველ კვირადღეს კი პასექის სიხარულს, ანუ ქრისტეს აღდგომას.

ვნების შვიდეულის მოსვლას უნდა დავუცადოთ, რომ ქრისტეს ვნებები გავიხსენოთ? ანდა ერისკაცების მსგავსად, ველოდოთ პასექის მოსვლას, პასქით რომ გავიგოთ, რას ნიშნავს "ქრისტე აღსდგა"? რა თქვა ქრისტემ? "იყვენით განმზადებულ"... მას შემდეგ, რაც უფალმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ყოველი კაცი და განსაკუთრებით მონაზონი, მუდმივად მზად უნდა იყოს, მუდმივად უნდა გამოიკვლევდეს და განიცდიდეს საღვთო მოვლენებს...