საკვირველი უშიშრობა - კვირის პალიტრა

საკვირველი უშიშრობა

გილოცავთ ყველას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას! ინებოს ღმერთმა, რომ მარადიულად გაგრძელდეს ეს სიხარული ჩვენს სულებში. გვსურს ამ წმინდა დღეების შესაფერისი ამბავი შემოგთავაზოთ.

სასწაული მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლისა პირველად მოიხსენიება IV საუკუნეში, ამ მოვლენაზე მოგვითხრობენ IX საუკუნის არაბი ისტორიკოსები - მასუდი და ბირუნი. ისევე, როგორც ახლა, ძველ დროშიც ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე ყოველ დიდ შაბათს გარდამოდიოდა ზეციდან. ცეცხლის ზეციურობა იქიდანაც ჩანს, რომ გარდამოსვლიდან რამდენიმე წუთი არაფერს წვავს, მცირე დროის მერე კი ჩვეულ თვისებას იძენს. ეს სასწაული, ჩუმი სიხარული მთელი მართლმადიდებელი სამყაროსი, აშკარა ნიშანია ღვთისგან, რომ იგი ჩვენთანაა.

მაგრამ 1579 წელს, სულთან მურად მართლის მმართველობისას, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს იერუსალიმის ფაშა, რომ დიდ შაბათს ქრისტეს აღდგომის ტაძარში მარტო ისინი ყოფილიყვნენ. მართლმადიდებლები ტაძარში არ შეუშვეს. ისინი, პატრიარქ სოფრონიოს IV-სთან ერთად ტაძრის დაკეტილი კარების წინ, მოედანზე იდგნენ აცრემლებულნი და გულშემუსვრილნი იმედოვნებდნენ, მადლმოსილი ცეცხლი ერეტიკოსების ხელთაგან მაინც მიეღოთ.

მათ იანიჩრები თვალს ადევნებდნენ მოსალოდნელი უწესრიგობისგან თავის დასაზღვევად. უფლის საფლავის ტაძრის გვერდით დაახლოებით იმავე სიმაღლის შენობა დგას. ამ შენობის ზედა სართულის ვერანდაზე, სადარაჯო პუნქტში, იდგა ოფიცერი ომარი თავის ჯარისკაცებთან ერთად.

ნათელი და მოწმენდილი იყო აპრილის ის დღე. გადიოდა საათები. უკვე კარგა ხანია გაიარა იმ დრომაც, როცა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის ხოლმე (ჩვენი დროით დაახლოებით დღის ორ საათზე), მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი კათოლიკოსი გულმოდგინედ ლოცულობდა უფლის საფლავის წინ, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გარდამოდიოდა. უეცრად მეხმა იქუხა, ტაძრის ერთ-ერთი მარმარილოს სვეტი გასკდა და ამ ბზარიდან ცეცხლი გამოვარდა. ტაძრის წინ მლოცველი მართლმადიდებელი პატრიარქი წამოდგა და თავისი სანთლები აანთო. მისგან მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი ყველა მართლმადიდებელმა და ტაძარში მოსულმა სხვა აღმსარებლებმა.

ყველას უხაროდა. მართლმადიდებელი არაბები სიხარულით ხტოდნენ და ყვიროდნენ: "შენ მხოლოდ ხარ ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე! მხოლოდ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენაა ჭეშმარიტი". ისინი მთელ იერუსალიმში დარბოდნენ, ყვიროდნენ და ხმაურობდნენ. მოდარაჯე თურქული ჯარი განაცვიფრა და შეაძრწუნა ამ სასწაულმა. ყველა დაიბნა.

ამ დროს ომარმა ხმამაღლა დაიძახა: დიდია მართლმადიდებელთა რწმენა და მეც ქრისტიანი ვარო!” წამისყოფაში მრისხანებისგან სახე აერიათ თურქებს და მას მისცვივდნენ. ომარი თამამად გადახტა ათ მეტრზე მეტი სიმაღლის აივნიდან დაბლა, ქრისტიანებთან. საკვირველი უშიშრობა, რაც ახასიათებს ქრისტესთვის ყველა მოწამესა და აღმსარებელს, მოწმობა იყო იმისა, რომ მან ჭეშმარიტად ირწმუნა ქრისტე.

ომარი უვნებლად დაეცა მიწაზე და სასწაულებრივად გადარჩა. თანამემამულეებმა შეიპყრეს და უმალ თავი მოჰკვეთეს, ეშინოდათ, მისთვის სხვებსაც არ მიებაძათ. თავისი სისხლით მონათლული წმინდა ომარის სხეული კი ტაძრის წინ მოედანზე დაწვეს.

მართლმადიდებლებმა წმინდა ომარის ფერფლი და ძვლები მოაგროვეს, ლარნაკში მოათავსეს და სათაყვანებლად დააბრძანეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერში, სადაც დღემდე საკვირველ კეთილსურნელებას გამოსცემს. იერუსალიმის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ომარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 19 აპრილი (2 მაისი ახ.სტ.) დააწესა.

გვერდებგამურული გახეთქილი მარმარილოს სვეტი (ამ სვეტზე უძველესი ქართული წარწერაა გამოსახული) დღემდე დგას აშკარა ნიშნად ღვთის ძალისა, რომელიც მხოლოდ  მართლმადიდებელი, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების დროს ვლინდება.