"კვირის პალიტრასთან" ერთად თქვენს ოჯახში სააღდგომო საჩუქარიც შემობრძანდა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრასთან" ერთად თქვენს ოჯახში სააღდგომო საჩუქარიც შემობრძანდა

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხატი შემობრძანდა თქვენს ოჯახებში მფარველად და შემწედ!

წელსაც, როგორც ყოველთვის, სააღდგომოდ "კვირის პალიტრის" მკითხველმა საჩუქრად ხატი და მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები მიიღო. კიდევ ერთი ახალი ხატი შემობრძანდა თქვენს ოჯახებში მფარველად და შემწედ, კიდევ ერთი სანთელი დაინთო. ამ სანთლით შემოსული თანხა ქართულ ეკლესია-მონასტრებს მოხმარდება.

სამი წლის წინ გადატანილი ომის შემდეგ შეიცვალა საქართველო. იარაღის მოჟღარუნე მეზობლის გვერდით ცხოვრება იოლი არ არის. ამას დიდი სულიერი ძალაც სჭირდება. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის კურთხევით, მის მიერ დაწერილი წმინდა მეფის - ვახტანგ გორგასლის ხატი ჩაიდო "კვირის პალიტრაში". მეფე-მეომარი თექვსმეტი საუკუნის მიღმიდანაც კი ძალისა და სიმამაცის წყაროდ რჩება საქართველოსათვის.

KvirisPalitra.Geმემატიანემ შემოინახა ვახტანგ გორგასლის უკანასკნელი ბრძოლის სურათი: ვახტანგის სპა 240 ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - 780 ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, 100 ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იდგა. ცისკრისას შეაღწია მის კარავში. სპარსმა ცხენით გაასწრო... ვახტანგმა მის ძეს თავი მოჰკვეთა და სწორედ ამ დროს მტრის ჯარისკაცმა ისარი აძგერა...

თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვერაფერს უხერხებდნენ. ვახტანგს ჭრილობამ არ მისცა ბრძოლის გაგრძელების საშუალება, რადგან ისარი ფილტვში იყო შესული. უჯარმაში რომ მიჰყავდათ, სპასალართ უბრძანა, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი.

როცა მიხვდა, კვდებოდა, მოუხმო კათოლიკოსს, ცოლს, შვილებს, წარჩინებულთ და უთხრა:

"აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ".

ეს ვახტანგ გორგასლის ხატი ჩვენი პატრიარქის დაწერილია.

ხატები სტამბაში აკურთხა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახურმა, მღვდელ-მონაზონმა იოანემ. მათთან ერთად დიდი სიკეთე შემობრძანდა თქვენს ოჯახებში...

KvirisPalitra.Geსანთლები, რომლებსაც თავი წმინდა ცეცხლზე აქვთ მომწვარი, კურთხეულ მიწაზე - მცხეთაში, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოქნეს. ამ სანთლებს უკვე წლებია, რაც გთავაზობთ...

მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი იმ ეზოშია აშენებული, სადაც სიყმაწვილეში უწმინდესი და უნეტარესი ილია II ცხოვრობდა. მისი მშენებლობა ჩვენ თვალწინ დაიწყო და დასრულდა... ეზოში ახლა უკვე მეორე ტაძარიც შენდება - წმინდა ნინოს სახელობისა.

მღვდელ-მონაზონი იოანე: - ღმერთმა დალოცოს მართლმადიდებელი ერი. უფალმა მისცეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს თავისი ცოდვების დანახვის, მარხვის სწორად წარმართვის ძალი. უფალი შეგვეწიოს, რათა გავძლიერდეთ, უფალს დავუახლოვდეთ, ყველა მართლმადიდებელი, რომელიც ცდილობს ცოდვათა ძლევას, უფალთან მიახლოებას, გახადოს ღირსი ცხონებისა და უფლის სასუფევლისა. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მისცეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა.

ქრისტე აღდგა - ჭეშმარიტად აღდგა!