ის კი არ არის დიდებული, ვისაც სოფელი ადიდებს, არამედ ის, ვისაც ღმერთი განადიდებს - კვირის პალიტრა

ის კი არ არის დიდებული, ვისაც სოფელი ადიდებს, არამედ ის, ვისაც ღმერთი განადიდებს

წმინდა ინოკენტი ხერსონელი ბრძანებს: "დიდება ცარიელი კვამლია, რომელსაც შეუძლია დროებით თვალი დაგიბინდოს, მაგრამ არ ღირს, მთელი სიცოცხლე მას ეძებდე". წმინდა დიმიტრი როსტოველი კი გვასწავლის: "ნუ გაგიტაცებს დიდება, რომ არ მოგატყუოს საკუთარმა კეთილდღეობამ, ისევე როგორც ხშირად ცდებიან გაზაფხულის ყინულზე შემდგარნი.“და მაინც ბევრჯერ ტყუვდებიან ადამიანები და ამსოფლიური დიდების მოხვეჭისათვის მზად არიან, სულიც კი გაყიდონ". გავიხსენოთ რამდენიმე დამაფიქრებელი მაგალითი და სწავლება მასზე, რომ კაცი წარმავალ დიდებას არ უნდა ეძიებდეს.

...ერთ ავაზაკს სურდა, მთელი სიცოცხლე დაუსჯელი ყოფილიყო და სატანასთან დაამყარა კავშირი. მანაც ჯოჯოხეთური აღთქმა მისცა, - ყოველთვის დაგეხმარებიო. მართლაც, ავაზაკი ყაჩაღობდა, იპარავდა, დროს ატარებდა. არაერთხელ ჩავარდნილა განსაცდელში, მაგრამ ეშმაკის ერთი გამოჩენა და - თავისუფალი იყო, ვერავინ იჭერდა. დაუდგა სიკვდილის ჟამი. დაიჭირეს და ხელფეხშეკრული ეშაფოტზე აიყვანეს.

ავაზაკს შიში არ ეტყობოდა - მეგობრის იმედი ჰქონდა. მართლაც, ეშმაკი ეშაფოტთან დახვდა. ჩემს დასახსნელად მოხვედიო?! - გაუხარდა ავაზაკს. არ გაბრაზდე, - ახითხითდა სატანა, - შენს დასახსნელად კი არა, საზეიმოდ მოვედი. საბოლოოდ გძლიე და ახლა შენი სული ჩემს ხელშია. დიდი ჯაფა დამადგა შენს ხელში ჩასაგდებად, აქამდე დასაღუპად გემსახურებოდიო. სატანამ გადაიხარხარა. უამრავი ეშმაკი შეესია ავაზაკს. ჯალათის ხმალმა მას თავი გააგდებინა, სული კი ეშმაკებმა ჯოჯოხეთში ზეიმით წაიყვანეს.

* * *

ქართლში სტეფანოზის (619 წ.) ერისმთავრობისას ასეთი ამბავი მოხდა: სტეფანოზმა, ღვთისმოსაობის საბაბით, წმინდა შიოს თაყვანისცემა მოინდომა. მისვლამდე მსახური გაუგზავნა მამასახლისს - მოვდივარო. მეორე დღეს კი კათალიკოს ბართლომეს უხმო შიომღვიმეში სალოცავად. მონასტრის ბერები კათალიკოსს ზარების რეკვით, ჯვრებით, სანთლებით და გალობით შეხვდნენ. ემთხვივნენ ხელზე და მისი ფეხდანადგამი მიწა ევლოგიად (სიწმინდედ, კურთხევად) აიღეს. ამის მნახველი სტეფანოზი შურით აღივსო. მოიხმო მონასტრის მამასახლისი და უსაყვედურა, - ბერო ბოროტო, ჩემი მოსვლა ერთი დღით ადრე იცოდით და სათანადოდ არ დამხვდით, თქვენს ეპისკოპოსს კი პატივი მიაგეთო.

წინამძღვარმა უთხრა: - ჩვენ ქრისტეს მაგივრად გვყავს ჩვენი მწყემსი და იმიტომ ვცემთ ამგვარ პატივსო. სტეფანოზი არ ცხრებოდა: - მე მეფეთა ტახტზე ვზივარ, ის კი კათალიკოსის საყდარზე უმეტესია. ქრისტეს ნაცვალი მე ვარ მიწაზეო. წინამძღვარმა შეჰკადრა: - მეფე, რომელიც სიმართლით, სახიერებით და მოწყალებით ემსგავსება ქრისტეს, მაშინ არის მისი ნაცვალი. მაგრამ ვხედავ, რომ ფრიად შორს ხარ ღვთის მსგავსებისგან, რამეთუ ამპარტავნება და შური გალაპარაკებს. განეშორე ღვთის წინააღმდეგობას და მიიღებ შენნაირ კაცთაგან პატივს. განრისხდა პატივმოყვარე სტეფანოზი, ორი აგარაკი წაართვა მონასტერს და მეტი სიავითაც დაემუქრა.

სტეფანოზს გამოეცხადა წმინდა შიო, ხელთ ოქროს კვერთხი ეპყრა: - სტეფანოზ, ბოროტო და მედგარო, თუ ჩემს მონასტერს წართმეულ მიწებს არ დაუბრუნებ, ღვთის რისხვას მოგივლენო. არ დაიჯერა სტეფანოზმა, მეორედაც გამოეცხადა ღირსი მამა და ამხილა. შეშინებულმა მთავარმა ერთი აგარაკი დაუბრუნა, მეორე არ ეთმობოდა. მესამედ უთხრა მას წმინდა შიომ: - თუ ორივე აგარაკს არ დააბრუნებ, დიდ მწუხარებას მოგაწევო. შეშინებულმა სტეფანოზმა განიზრახა მსახური გაეგზავნა მონასტერში და წინამძღვრისთვის შეეთვალა, - დაიბრუნე მიწებიო. მაგრამ გვიან იყო... მსახურს ფეხები შეებორკა და ვერსად წავიდა.

სტეფანოზსა და მის ცოლ-შვილს ცოფი შეეყარათ და გაიძახოდნენ, - შიოს მიერ ვიგვემებითო. თან დაბრმავდნენ. ეს რომ ნათესავებმა გაიგეს, მოჰკიდეს ხელი და მონასტერში წაიყვანეს.

შეებრალათ მამებს სტეფანოზი, უფრო კი მისი ცოლ-შვილი. წყალში გახსნილი მამა შიოს საფლავის მტვერი დაალევინეს. ცოფმა კი გაუარათ, მაგრამ თვალისჩინი არ დაბრუნებიათ. მაშინ წინამძღვარმა იოანემ მამა შიოს კვერთხის ნაბანი წყალი სტეფანოზს და მის ცოლ-შვილს თვალებზე სცხო. განკურნებულმა სტეფანოზმა ეკლესიას დაუბრუნა მიწები და სხვაც მრავალი უბოძა. ააშენა ჯვრის მონასტერი მცხეთას. ჯალაბით ყოველწლიურად ამოდიოდა და მადლობას სწირავდა ღმერთს და მის წმინდანს, ღირს მამა შიოს.

* * *

მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთ ზაფხულს მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი, საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა.

"გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - ადექი, თორემ განგგმირავ კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის". ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს უამბო სიზმარი. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. მიხვდნენ, რომ მწყემსი პატრიარქი იყო და საღამოს სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო.

* * *

ერთხელ ერთი ძმა ამბა თეოდორე ფერმელს სამი დღე ევედრებოდა დამოძღვრას, მაგრამ ამბამ არაფერი უპასუხა. ბერი დამწუხრებული წავიდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, - რატომ არ უთხარი ძმას სიტყვა, დამწუხრდაო. ღირსმა მამამ უპასუხა: - მას სიტყვა იმიტომ არ ვუთხარი, რომ იგი სიტყვით ვაჭარია და სურს, სხვისი ნათქვამით განდიდდესო.

დასასრულ, წმინდა იოანე ოქროპირს მოვუსმინოთ: "კაცთაგან დიდება განმადიდებლებივით არასაიმედოა... დიდების მისაღებად საუკეთესო ხერხი მისგან გაქცევაა... ისე, როგორც მდიდარია არა ის, ვისაც ბევრი რამ არ სჭირდება, არამედ ის, ვისაც აღარაფერი უნდა, ასევე დიდებულია არა ის, ვინც დიდებას ეძიებს, არამედ იგი, ვინც მას გაურბის... თუ გინდა მისწვდე დიდებას, მოიძულე დიდება. ნუ გამოეკიდები მას, თორემ დაკარგავ.

თავმდაბლობის მაგალითი

წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებდა: თავმდაბლობა, სიმამაცე გამოიჩინა და საკუთარი უძლურება აღიარა პრინცმა კონოემ, იაპონიის მთავრობის თავმჯდომარემ - 1936 წლის დეკემბერში გადადგა და თავისი გადაწყვეტილება იაპონიის იმპერატორს ასე აუხსნა: - ვერ გავიზარდე ამისთვის და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება არ შემიძლია, გთხოვთ გამათავისუფლოთ და დანიშნეთ ის, ვინც უფრო შესაფერისი იქნება სახელმწიფოს მართვისთვისო.

ევროპის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მსგავსი მაგალითი - ვინმეს პრემიერმინისტრობისთვის თავისი მოუმწიფებლობა და უუნარობა ეღიარებინოს...

"თუ გინდა გიცნობდეს ღმერთი, შეეცადე, შეძლებისდაგვარად უცნობი დარჩე კაცთათვის".

ამბა თეოგნისტე

"იზრუნე ყოველთვის საუკუნო დიდებისთვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღიურად გვატყუებს"

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

"სჯობს ამქვეყნად დიდებული არაფერი გააკეთო, ვიდრე გააკეთო და მერე უზომოდ იქო თავი".

წმინდა დიმიტრი როსტოველი

"გაექეცი დიდებისმოყვარეობას და მომავალ საუკუნეში ღვთისგან განდიდების ღირსი შეიქმნები".

ამბა ესაია