არა კაც ჰკლა! - კვირის პალიტრა

არა კაც ჰკლა!

მას მერე, რაც კაენმა საკუთარი ძმა, აბელი მოკლა, ყოველი მოკლული უბრალო კაცის სისხლი ღმერთს სამართალს შესთხოვს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე და მოყვასს მოსაკლავად იმეტებენ. ეს კი ჩვენი ზერელე ქრისტიანობის ნიშანია. ქრისტიანთა ცხოვრებიდან მოხმობილი მაგალითებით გვსურს კაცის კვლის ცოდვაზე გესაუბროთ.

ვერ ვპოვე სულის მშვიდობა

სინას უდაბნოში წმინდა მამა ზოსიმესთან ერთი ავაზაკი მივიდა, თავისი ცოდვები გაანდო და სთხოვა, ბერად აღმკვეცეო. წმინდა ზოსიმემ მიხედა მის გულწრფელ სინანულს და ავაზაკი საბერო სამოსით შემოსა. ავაზაკყოფილის დაფარვა უდაბნოში ძნელი იქნებოდა, რადგან რომელიმე სტუმართაგანს შეიძლებოდა ეცნო იგი, ამიტომ ღირსმა მამამ განმარტოებულ სკიტში, მამა დოროთესთან გაგზავნა. ცხრა წელი ცხოვრობდა მამა დოროთეს სკიტში მონანული ავაზაკი. იყო ძალზე მორჩილი და ყველასთვის საყვარელი. ერთ დღეს კი დატოვა სენაკი, მამა ზოსიმეს მიადგა და სთხოვა, მისთვის ბერის სამოსი განეძარცვა. სურდა, ერისკაცის სამოსით დაბრუნებულიყო ერში.

დაბნეულმა მამა ზოსიმემ მიზეზი ჰკითხა. აი, რა უპასუხა ავაზაკყოფილმა: უკვე ცხრა წელია, რაც სკიტში ვცხოვრობ. ვმარხულობდი, როგორც შემეძლო, დავითმენდი ყოველგვარ სურვილს, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით ვმორჩილებდი ღირს მამებს, ვსასოებდი ღვთის მოწყალებას, რომელიც მომიტევებდა ჩემს აღურაცხელ ცოდვას, მაგრამ ვერა და ვერ ვპოვე სულის მშვიდობა და სიხარული. ყოველ წამს თვალწინ მიდგას ჩემგან მოკლული ბავშვი და გულისმომკვლელად მეკითხება, - რისთვის მომკალიო. ამიტომაც მინდა დავბრუნდე ერში, რათა შემიპყრონ და დამსაჯონო.

მამა ზოსიმე მიხვდა, სხვაგვარად არ დაუმშვიდდებოდა სული მონანულ ძმას და წასასვლელად აკურთხა. მივიდა ავაზაკყოფილი სოფელში. იცნეს, შეიპყრეს და თავი წარკვეთეს. ამგვარად, მხოლოდ საკუთარი სისხლით შეძლო მოებანა მტანჯველი ცოდვები, ვერანაირ სინანულის ცრემლს რომ ვერ წარეხოცა.

სინდისის ხმა

ოსტგუთთა მეფემ თეოდირიხმა, იტალია რომ დაიპყრო, ცილისწამებით პაპი იოანე საპყრობილეში გამოამწყვდია, ყველასგან პატივცემული სენატორი ბოეცია საშინელი წამებით მოკლა, მის სიმამრს, სიმაქს თავი წარკვეთა. თუმცა კი დიდი ხანია მიჩვეული იყო სისხლის ღვრას, მაგრამ პირუთვნელი მსაჯული - სინდისი - მაინც ამხილებდა, უბრალო კაცნი რატომ დახოცეო. თეოდორიხმა სცადა, სინდისის ხმის ჩახშობა, მაგრამ ამაოდ. სულიერმა შფოთმა გატანჯა მეფე და ბოლოს ჭკუიდან შეშალა. ერთხელ, სადილობისას, მეფეს მოეჩვენა, რომ თევზის მაგივრად ლანგარზე მის მიერ მოკლული სიმაქის თავი იდო და მრისხანედ შეჰყურებდა. შეშინებული ლოგინში ჩაწვა, თავზე საბანი წაიფარა და ატირდა. ის მწარედ ინანიებდა სიმაქისა და ბოეციას მკვლელობას. ამ სინანულში წაიყვანა უფალმა.

მიცვალებულმა ხელი გაიშვირა

ახალგაზრდა ვაჭარმა ქალაქში გაყიდა საქონელი და იმ საღამოსვე შინ გაბრუნდა. ერთმა ავაზაკმა მისი გაძარცვა მოინდომა და უკან გაჰყვა, მოკლა და გაძარცვა, გვამი კი ღირსი მამის, პალადი მოღვაწის სენაკის კართან დააგდო. მეორე დღეს ვაჭრის მკვლელობის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს. აღშფოთებულმა ხალხმა შეამტვრია სენაკის კარი და მამა პალადი შებორკა. სამართლის განჩინების მოსურნეთა შორის იყო მკვლელიც. მამა პალადიმ ილოცა, შემდეგ აიღო მიცვალებულის მარჯვენა და სთხოვა გარდაცვლილს, - უთხარი, ყმაწვილო, ამ ხალხს, ვინ აღმართა შენზე ხელი. ყველას გასაოცრად, მიცვალებული წამოჯდა და მკვლელისკენ მიუთითა, მერე კი მიიძინა საუკუნოდ. ეცნენ მკვლელს, გახადეს სამოსი და სისხლიან დანასთან ერთად ნაძარცვი ოქრო-ვერცხლი უპოვეს.

მოწმე წეროები

გერმანიაში ყაჩაღებმა ერთი მგზავრი გაძარცვეს და მოკლეს. ამ დროს თავზე წეროების გუნდმა გადაუფრინათ. მომაკვდავმა უფლის სახელით მიმართა მათ: გაფიცებთ შემოქმედს, მოწამენი იყავით ჩემი მკვლელობისა და საქვეყნოდ გაამჟღავნეთო.

ყაჩაღებმა ნაძარცვის გასაყოფად მახლობელ სასტუმროს მიაშურეს. მალე წეროები მოფრინდნენ, სასტუმროს სახურავზე შემოსხდნენ და აყაყანდნენ. ხმაურზე ავაზაკები გარეთ გავიდნენ. ერთმა მათგანმა იხუმრა: - მგონი, ეს ის წეროები არიან, ჩვენი მკვლელობაში მხილება რომ დაავალესო. ღვთის განგებით, მათ საუბარს ყური მოჰკრა სასტუმროს მეპატრონემ და ხელისუფალთ შეატყობინა. ავაზაკები შეიპყრეს. ისინი დანაშაულს უარობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ავაზაკს აღმოაჩნდა ბალთა, რომლის მეორე ცალი გარდაცვლილის სამოსზე იპოვეს. ეს უკვე ცხადი სამხილი იყო. ავაზაკები საკადრისად დაისაჯნენ.

ღალატის საზღაური

ბათო ყაენმა ურდოში დაიბარა დავით ულუ და კარგა ხანს გააჩერა. მეფეს სამეფო ერთგული ხალხისთვის ჩაებარებინა. კახეთის პატრონად დატოვებულმა თორღვა პანკელმა იფიქრა, მეფეს აღარ გამოუშვებენო და კახეთი თავისად დაიჭირა, აღარც დედოფალს მორჩილებდა და აღარც ვეზირს, მესტუმრე ჯიქურს.

შეიწყალა ყაენმა ბაგრატოვანი და სამშობლოში გამოუშვა. გვირგვინოსანს დიდებულები ჰერეთში მიეგებნენ. არ ჩანდა მხოლოდ თორღვა - შეშინებულს თავი პანკისისთვის შეეფარებინა. მრავალჯერ მოიხმო მეფემ, მაგრამ მან ხლება ვერ გაბედა. როცა ვერაფერს გახდნენ, მესტუმრე ჯიქურმა დედოფლის ნებით ხორნაბუჯელი წარავლინა პანკისს განდგომილის მისატყუებლად.

ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცე, რომ არას მავნებო, - სთხოვა თორღვამ მოციქულს. ხორნაბუჯელმა შეჰფიცა. რასაც ჩემთვის გაიმეტებ, - უთხრა პანკელმა, - ის გიყოს წმინდა გიორგიმ. თუ მიღალატებ, ჩემსავით უმემკვიდროდ გადაეგოს შენი გვარიო. ტაბახმელასთან დაარღვია ფიცი ხორნაბუჯელმა... შეიპყრო თორღვა ჯიქურმა და დედოფლის ნებართვით, მეფის უკითხავად, კლდეკარის ციხიდან გადააგდო.

ფიცის გატეხისთვის წმინდა გიორგის რისხვამ უწია ხორნაბუჯელს - ოჯახი ერთიანად ამოუწყდა, ერთადერთი ვაჟი თათრებმა მოუკლეს, თვითონ კი მწუხარებამ გადაიყოლა... ჯიქურს კი რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს და მეფის ბრძანებით, სიცოცხლეს გამოასალმეს.

არ მოკლა!

სერბეთში ვინმე რაიკომ ვენახის გამო ბიძის მოკვლა გადაწყვიტა. შუაღამისას გზის პირას, ბუჩქნარში მიიმალა და ბიძის ჩამოვლას დაელოდა. ბიძა რომ გაუსწორდა, ძმისშვილმა ნაჯახი მოიმარჯვა და უნდა მოექნია, რომ ჩაესმა:”არ მოკლა!”შეშინებულს ნაჯახი გაუვარდა. ბიძამ ისე გაიარა, არაფერი გაუგია. იმ ადგილას ძე-ხორციელის ჭაჭანება არ იყო. გაოცდა, - ნეტავ ვინ გადამარჩინა სასიკვდილო ცოდვასო. უცებ მიხვდა, რომ იგი მფარველი ანგელოზის ხმა იყო.

შენდობა

ავაზაკმა კონსტანტინე სიეგურისი მოკლა. კონსტანტინეს ახლობლები დაედევნენ, მან კი იმ მონასტერს შეაფარა თავი, რომლის წინამძღვარი იყო წმინდა დიონისე, მოკლულის ხორციელი ძმა. მკვლელმა აღიარა, კონსტანტინე სეგურისი მოვკალი და გთხოვ, გადამარჩინეო. დიონისეს თავზარი დაეცა, მაგრამ არ გაუმხილა მკვლელს ვინაობა, მხოლოდ ჰკითხა: - რა დაგიშავა იმ კეთილშობილმა ადამიანმა, ასე უსამართლოდ რომ გაუსწორდიო. შემდეგ დააპურა მკვლელი, შეევედრა: შეინანე ცოდვა, რომ ღვთისგან საუკუნო სასჯელს გადაურჩეო, წაუკითხა ცოდვათაგან განსხნის ლოცვა, კარს მომდგარ მდევარს უთხრა, არავინ დამინახავსო. მერე მკვლელს მისცა ფული, საგზალი და იქაურობას გააშორა.