19 აგვისტო-ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
19 აგვისტო-ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
იცოდა უფალმა, რომ მოახლოებულიყო ჟამი მისი ჯვარცმისა. ამიტომაც სურდა, თავისი მოწაფეებისათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, რათა ისინი არ დაბრკოლებულიყვნენ ჯვარცმული მაცხოვრის ხილვისას და სცოდნოდათ, რომ ეს საშინელი სასჯელი ქრისტემ საკუთარი ნებით მიიღო და არა უძლურების გამო.

გადაწყვიტა, მათთვის თავისი ღვთაებრივი ნათელი ეჩვენებინა, ოღონდ მხოლოდ იმდენი, რამდენის დატევასაც ცოდვილი ადამიანური ბუნება შეძლებდა. ამიტომაც, თაბორის მთაზე წასულმა თან სამი მოციქული გაიყოლა - პეტრე, იაკობი და იოანე, მხოლოდ სამი თორმეტთაგან, რადგან ისინი მოციქულთაგან
უმაღლეს საზომს იყვნენ მიღწეულნი - პეტრე სარწმუნოებით, იოანე - სიყვარულით, ხოლო იაკობი - მოწამეობით. "და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი" (მათე, 17, 1-2). ამ დროს უფლის წინაშე ზეციური ნათლით მოსილი ორი წინასწარმეტყველი
წარსდგა - ელია და მოსე, რომლებიც მაცხოვარს მოსალოდნელი ვნებისა და ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ. ამის მნახველი მოწაფეები საოცარმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: "მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფნაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა" (ლუკა, 9,33). პეტრეს ამ სიტყვების პასუხად ზეციდან გაისმა ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე, 17, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მაგრამ იესომ წამოაყენა ისინი, ანუგეშა  და გააფრთხილა, მის მკვდრეთით აღდგომამდე არავისთვის არაფერი ეთქვათ.

მართლაც იხილეს მოციქულებმა ღვთაებრივი დიდების ნათელი, რომელმაც საოცარი ნეტარებითა და სიმშვიდით აავსო მათი არსება. ამიტომაც შესთავაზა პეტრემ უფალს სამი კარვის აგება - სურდა, ეს სულიერი მდგომარეობა, რომელთან შედარებითაც სხვა ყველაფერი არარაობად მოსჩანდა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.

თაბორის მთაზე მოციქულებმა უფალთან ერთად ელია და მოსე წინასწარმეტყველებიც იხილეს. როგორც წმიდა გრიგოლ პალამა განმარტავს, თაბორი იქცა ერთგვარ ხატად ეკლესიისა, რომელშიც ქრისტემ, როგორც მომცემელმა ძველი და ახალი აღთქმისა, შეახვედრა და შეაერთა ორივე. წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით კი, ქრისტემ გვიჩვენა, რომ იგია მეუფე ცოცხალთა და მკვდართა - ამიტომაც წარმოადგინა აღსრულებული - მოსე, და ისიც, ვისაც არ უხილავს გემო სიკვდილისა - ელია. თანაც, მაცხოვარს სჯულის დამრღვევად სახელსდებდნენ ფარისევლები და მწიგნობრები. თაბორის მთაზე კი სჯულმდებელი მოსე და სჯულის აღმასრულებელი ელია ძრწოლით წარდგნენ უფლის წინაშე და ესაუბრებოდნენ მას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ქრისტე მხოლოდ აღასრულებდა მოსეს მიერ დაწერილს და ელიას მიერ აღსარებულს.

ფერისცვალებისას უფალმა მოციქულებს ცხადად უჩვენა საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა - ქრისტიანისათვის ცხონება სწორედ სულიერი ნათლით შემოსვასა და გაბრწყინებას გულისხმობს, რადგანაც ნათელია უფალი, ნათელი დაუღამებელი.
"წმიდა მამების თქმით, ქრისტიანის ცხოვრებაში არსებობს საკუთარი თაბორი, ე.ი. უფალთან შეხვედრა, და საკუთარი გოლგოთა, ე.ი. ჯვარი და სატანჯველი. თაბორი არამიწიერი ნეტარებისა და აღფრთოვანების წუთებია. რისთვის ეძლევა იგი ადამიანს? - იმისათვის, რომ ქრისტიანულმა სულმა, რომელიც ამგვარ მდგომარეობას გამოცდის, შემდგომში მშვიდად მიიღოს თავისი გოლგოთა, რომელიც აუცილებელია ჩვენი გულიდან ვნებებისა და ცოდვების ამოსაძირკვად" (სქემიღუმენი საბა).

მას შემდეგ, რაც უფალმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, 20 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე, ყოველ 19 აგვისტოს, მზიან, უღრუბლო ამინდში ამ მთას თეთრი, ქათქათა ღრუბელი ადგება, რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან. წირვის დასრულების შემდეგ კი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი..."

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)
Ilia tikaradze
08 აგვისტო 2015 22:08
Martalia
nino
19 აგვისტო 2011 13:27
ეცადეთ, წერილში ჩაურთოთ ხალხისთვის უცნობი ეპიზოდები.შეგეწიოთ ფერისცვალების მადლი და ამ მადლით ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგება დიდი სულიერი ფერისცვალების კეთილ გზას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?