"მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს" - კვირის პალიტრა

"მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს"

მართლმადიდებელი ეკლესია 15(28) აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დატოვა წამიერი სამყარო და მარადისობაში დაემკვიდრა. მაცხოვარმა თავისი საყვარელი დედა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა, ამიტომაც მის გარდაცვალებას ეკლესია მიძინებას უწოდებს. ღვთისმშობელმა სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღდგა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხსნას მარადიული სიკვდილისაგან.  ვულოცავთ "მარიამობას“ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს და სანუგეშოდ მისი მეოხების რამდენიმე ამბავს შემოგთავაზებთ.

KvirisPalitra.Geკუნძულ პელოპონესზე ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის უმთავრესი სიწმინდე ვერცხლით მოპერანგებული ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატია. ეს სასწაულიც ამ ხატს უკავშირდება: ერთ სპარტელ გოგონას მენინგიტის მძიმე ფორმა ჰქონდა. ექიმები ბავშვს ვერ შველოდნენ. დედას შვილი ხელიდან ეცლებოდა და ღვთისმშობელს სასწაულებრივ განკურნებას სთხოვდა. ერთ ღამეს, როცა ლოცულობდა, კარი გაიღო და შავოსანი, მაღალი, ლამაზი ქალბატონი შემოვიდა. სწრაფად მიუახლოვდა ავადმყოფის საწოლს, თავზე ხელი გადაუსვა, შუბლზე ჯვარი გამოსახა, უთქმელად მობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ დედამ სამოსელზე მოქაჩა: - ვინ ხარო? მშვენიერმა ქალბატონმა ხელი გააშვებინა და უთხრა, - მე კურთხეული მალევის ღვთისმშობელი ვარ. მინდა, ჩემს სახლში მოხვიდეო და გაქრა. მეორე დღეს ექიმს და მღვდელს გოგონა სრულიად ჯანმრთელი დახვდათ. რამდენიმე დღის მერე დედა-შვილი  მალევის ღვთისმშობლის მოსალოცად გაემგზავრა. ქალიშვილის განკურნებისათვის მადლიერების ნიშნად, დედა სამი წლის მანძილზე ქალიშვილს მხოლოდ შავ სამოსს აცმევდა, ანუ ისეთს, როგორითაც გამოეცხადა მას ღვთისმშობელი.

***

ათონური გადმოცემით, ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს, -კ.კ.), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - მონასტრის ეზოს გვიდა. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს, მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა, რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო.

მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, თვითონ გავასუფთავებო.

***

მამა არსენმა (კაპადოკიელი) ერთხელ ღვთისმშობლის მღვიმეში წირა. მღვიმის წინ პატარა მოედანი ხის დაფებით გაეფართოებინათ. მღვიმემდე 160-საფეხურიანი კიბე უნდა აგევლო. ნაწირვებს მამა არსენი აივანზე გამოვიდა. უეცრად დაფა ჩავარდა და მამა არსენი უფსკრულში ჩაიყოლა. ხევის გაღმიდან ეს ერთმა გლეხმა დაინახა. დაბლა ჩაირბინა. ეგონა, მამა არსენი სასიკვდილოდ დამტვრეული დახვდებოდა, ბერი კი სრულიად უვნებელი ნახა. გაუნძრევლად იწვა. გლეხმა ხელის შეხება გადაწყვიტა. "ნუ შემეხები, არაფერი დამმართვია", - უთხრა მამა არსენმა. გაუნძრევლად კი იმიტომ იწვა, რომ სული მისი აღტაცებული იყო ზეცად. თვითონ ჰყვებოდა: როცა უფსკრულში ვვარდებოდი, ერთმა დიდებულმა ქალბატონმა ხელი შემაშველა და მიწაზე ნელა დავეშვით. მერე კი გაუჩინარდაო. აღელვებული მამა არსენი მღვიმეში მიბრუნდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს.

***

1853 წლის მიწურულს საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს სწერდა: გენერალ-მაიორმა ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელმაც თურქებთან  ბრძოლაში გამოიჩინა თავი, გვიამბო ტყვე თურქების მეტად საინტერესო მონათხრობი: როცა ალექსანდროპოლისთან გაჩაღდა ბრძოლა, დავინახეთ ზეციდან მომავალი ბრწყინვალე ქალბატონი, ხელთ დროშა ეპყრა და გვერდით ორი მეომარი მოჰყვებოდა. ქალბატონი მზეზე უბრწყინვალეს სინათლეს აფრქვევდა და თვალს ვერავინ უსწორებდა. შიშით თავზარდაცემულებმა ცხადად დავინახეთ, რომ ღმერთი რუსებს შეეწეოდა. ამან ისე იმოქმედა ჩვენზე, რომ თავს გაქცევით ვუშველეთო.

რუსებს ეს მოვლენა არ შეუნიშნავთ, თურქები კი ირწმუნებიან, რომ ყველა მათი ჯარისკაცი ხედავდა, მაგრამ უფროსობამ სიკვდილის შიშით აუკრძალა ამის გამხელა. ბევრმა თურქმა აღიარა ქრისტე და მოწამებრივი სიკვდილით დაამოწმა ჭეშმარიტებაო", - ბრძანა გენერალ-მაიორმა.

***

მამა იაკობ ევბეელი (1991) ჰყვებოდა: - ჩემს სამშობლოში, მცირე აზიაში, ერთი თურქი მწყემსი საღამოობით ცხვარს რომ მოწველიდა, რძის ქოთანს ზევიდან სქელ ფიცარს აფარებდა, რომელზეც ადრე ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, მაგრამ ცუდად მოპყრობის გამო ფერები გამქრალიყო. დილაობით მწყემსს ქოთანი გადმობრუნებული ხვდებოდა, რძე - დაღვრილი, ფიცარი კი ხეზე მიყუდებული. თურქი გაბრაზდა, - სულ ამ ფიცრის ბრალია, ესა ღვრის რძესო (იცოდა, რომ ეს ძველი ხატი იყო). დაჰკრა ნაჯახი დასაჩეხად და ხატიდან სისხლი წყაროსავით წამოვიდა. ცულის ამოძრობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. შეშინებულმა ხატი ცულიანად მოიკიდა ზურგზე და სოფელში მიუტანა ქრისტიანებს, რომელთაც გამოართვეს და სათანადო პატივი მიაგეს ღვთისმშობელს.

***

ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს. ყმაწვილი სამი დღე მარხულობდა, ათასჯერ მოიყარა მუხლი ხატის წინ. ტაძრის დაკეტვისას იქვე მიიმალა. მერე გამოვიდა და მხურვალედ ევედრა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს - უფლის დედაო, შემაძლებინე ანბანის სწავლაო. უეცრად ტაძრის რკინის კარები გაიღო და დიდებული ქალბატონი შემობრძანდა. მოჰკიდა ხელი ყმაწვილს, მიიყვანა მაცხოვრის ხატთან და შესთხოვა: - ძეო ჩემო, შეაძლებინე ყრმას ანბანის სწავლაო. შემდეგ ბიჭი აკურთხა, ნება მისცა ხელზე მთხვევისა და უთხრა, - ახლა შენ კითხვა უკვე იციო. ამის მერე ჩრდილოეთის კარით საკურთხეველში შევიდა. ქალბატონი იქიდან რომ არ გამობრძანდა, ყმაწვილიც საკურთხეველში შევიდა. იქ არავინ დახვედრია. დაათვალიერა ტაძარი და ვერსად ნახა. დილით მოსულმა მნათემ დიდად გაიკვირვა ბიჭის ტაძარში ყოფნა. ბიჭმა ყველაფერი უამბო. მნათემ წიგნი მიაწოდა: აბა, ერთი, წაიკითხეო. ბიჭმა გამართულად წაიკითხა. ეს უბრალო დედაკაცი კი არა, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილაო, - უთხრა მნათემ.

***

მამა პაისის ერთხელ ჰკითხეს: - რამდენად სწორად ვიქცევით, როცა ღვთისმშობელს ვევედრებით ცხონებას, როცა ვიცით, რომ მხოლოდ ქრისტე აცხოვნებსო. მიუგო: - ქრისტე ერთადერთი ჩვენი მაცხოვარია, მან ჩვენთვის თავი გაწირა. მაგრამ შენ რომ იყო დიდი კაცი და დედასთან ერთად ეწვიო ქალაქს, სადაც გელოდებიან, მოგესალმონ შენც, დედაშენსაც და აქონ ის, თუმცა შესაძლოა, არც კი იცნობდნენ, განა არ გაგიხარდებოდა და არ იამაყებდი შენი მშობლით? ქრისტესაც ასე უხარია და ამაყობს თავისი დედით, როცა ესმის, რომ მასზე კარგს ვამბობთ. გლახაკმა ქალმა დედაშენს რომ სთხოვოს, დაითანხმე შენი შვილი, კარგი ადგილი მომცესო, ხომ შეასრულებდი ამას დედის ხათრით, თუნდაც ეს ქალი თავის მხსნელად შენს მშობელს თვლიდეს? ასევე ჩვენც ვამბობთ, ღვთისმშობელმა გვიხსნაო, თუმცა ხელმწიფება ამისა მისი ძის ხელშია, რომელიც მდაბალია და უხარია, როცა ესმის ჩვენგან დედის ქება.

***

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იან წლებში ბულგარეთში მომხდარ ამბავს: ერთ სოფელში 14 წლის ბიჭი მომკვდარიყო. წესის აგებისას ანაზდად კუბოდან წამოიმართა და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი მორთო. გახარებულმა ახლობლებმა ძლივს დაამშვიდეს. ჰკითხეს კიდეც ტირილის მიზეზი. ბიჭი მოჰყვა: როცა მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. იმ საშინელების გადმოცემა შეუძლებელია. მერე სამოთხისკენ წამიყვანეს. ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვნახე, როგორ ლოცულობდა ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსთვის. არაამქვეყნიური მშვენიერებით გაბრწყინებულ სახეზე მწუხარება ეტყობოდა და ცრემლი ნაკადულად ჩამოსდიოდა. როცა დამინახა, მითხრა: - შენ აქ არ დარჩები, უკან დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით. უკვე აღარ ძალმიძს მათთვის ლოცვა, ძალ-ღონე მეცლება... დაე, შემიბრალონო. ამ ამბავმა შეძრა მთელი ბულგარეთი და ალბათ თქვენი გულიც, ჩვენო მკითხველო. ათგზის მართალი იყო წმინდა ამბროსი ოპტელი, როცა ამბობდა: - მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო.

კახაბერ კენკიშვილი