ქართველების ირლანდიელი მოძღვარი - კვირის პალიტრა

ქართველების ირლანდიელი მოძღვარი

"ძალიან მიყვარს ქართველები. ისინი მეტს მაძლევენ, ვიდრე მე გავცემ მათთვის"

"თქვენ ულამაზესი პოლიფონია გაქვთ"

"თქვენს პატრიარქში  ღვთის არსებობა იგრძნობა და ვხვდები, რატომაც უყვარს ხალხს განსაკუთრებით"

დევიდ ლონერგანი ირლანდიაში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარია. მამა დავითი უკვე ორი წელია, ქართულ ეკლესიაში მსახურობს. ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და "კვირის პალიტრასაც" ეწვია.

ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რამდენიმე წლის წინ დუბლინში იურიდიულად დააფუძნეს მართლმადიდებლური ეკლესია. თავდაპირველად არ ჰქონდათ შენობა, ამიტომაც ხშირად სასტუმროშიც ქირაობდნენ ოთახს, რათა საკვირაო ლიტურგია ჩატარებულიყო. შეიძლებოდა, საკმევლის კვამლს სახანძრო სისტემის სენსორები გაეღიზიანებინა და განგაში გამოეწვია, ამიტომ საკმეველს გარეთ ანთებდნენ და საცეცხლური კვამლის გაქრობის შემდეგ შეჰქონდათ ოთახში. ირლანდიის ქართულ ეკლესიაში საქართველოს საპატრიარქომ ქართველი მოძღვარი, მალხაზ კუმელაშვილი გაგზავნა, რომელმაც ერთ დღეს ლიტურგიის აღსრულებაში დახმარება სთხოვა ირლანდიელ მართლმადიდებელ მღვდელ დევიდ ლონერგანს. შემდეგ მამა მალხაზს უცხოეთის დატოვება მოუხდა და მამა დავითს სთხოვა, მრევლისთვის დროებით ეპატრონა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ირლანდიელ მოძღვარს და ქართველ მრევლს უერთმანეთოდ ყოფნა ვეღარც წარმოუდგენიათ. მოძღვრის თბილისში ვიზიტის შესახებაც ემიგრანტებმა მაცნობეს. ქართველები ამბობენ, რომ მათ მოძღვარი უჩვენებს, როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. ის უკვე ორი წელია უანგაროდ ემსახურება ქართულ ეკლესიას. სექტემბრიდან იგი ქართული კულტურის დღეებს მართავს დუბლინში. მოძღვარმა ლიტურგიის ჩასატარებლად ფართიც უფასოდ იშოვა (მანამდე ემიგრანტები ქირის გადასახდელად ფულს აგროვებდნენ). ემიგრანტები ამბობენ, რომ მამა დავითის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 26 მაისს დუბლინში მასშტაბურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე... მამა დავითი ირლანდიის განათლების სამინისტროში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც მუშაობს.

- მამა დავით, როგორ გადაწყვიტეთ მართლმადიდებლად მონათვლა?

- თეოლოგიურ სემინარიაში სწავლის დროს, ერთ-ერთმა ლექტორმა, რომელიც მღვდელი იყო, მითხრა, რომ ჩემი აზროვნება ახლოს იყო აღმოსავლურ ქრისტიანობასთან და კარგი იქნებოდა, მივსულიყავი რომელიმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. უკრაინულ ტაძარში დავესწარი ლიტურგიას და მივხვდი, რომ მართლაც იქ იყო ჩემი ადგილი. ეს მოხდა 1992 წელს. 15 წლის შემდეგ, 2007 წელს, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა კალისტოს უერარიმ მღვდლად მაკურთხა. ქართულ ეკლესიაში მამა მალხაზის დროს მოვხვდი. ძალიან მიყვარს ქართველები და ისინი უფრო მეტს მაძლევენ, ვიდრე მე გავცემ მათთვის. ქართველები და ირლანდიელები ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათით, იუმორით, ოჯახისადმი დამოკიდებულებით. ძალიან მინდა ჩვენი მრევლის წევრ ერთ-ერთ ქართველ ქალბატონს დავაწერინო წიგნი თავისი ცხოვრების შესახებ - როგორ გაექცა სიღარიბეს საქართველოდან ირლანდიაში, დატოვა აქ მეუღლე და შვილები, შემდეგ კი ისინიც წაიყვანა... მსურს, ამ წიგნით ირლანდიელებმა გაიგონ, როგორ ჰგავს ჩვენი წარსული თქვენს აწმყოს - ჩვენს წინაპრებსაც ხომ უწევდათ გაქცევა საკუთარი სამშობლოდან ოჯახების გადასარჩენად. თვალში საცემია განსხვავებაც - ჩვენგან ემიგრაციაში ძირითადად კაცები მიდიოდნენ, საქართველოდან კი ქალები მიდიან.

- მრევლი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქართული კულტურა ირლანდიაშიც განავითაროთ.

- რელიგია და კულტურა განუყოფელია. აუცილებელია შეინარჩუნო რელიგია და კულტურა, რომ შეინარჩუნო ერი. დაგეგმილია, დუბლინის ყველა მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინოს ქართული დამწერლობისა და ფოლკლორის ნიმუშები, რათა ხალხმა გაიგოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა უძველესი ისტორიითა და მდიდარი წარსულით და არა, როგორც სამწუხაროდ, დღესაც ბევრს ჰგონია, ამერიკის ერთ-ერთი შტატი. სააღდგომო წირვის ტრანსლაციაც კი გადაიცა სატელევიზიო ეთერით. ირლანდიელებმა მოისმინეს ღვთაებრივი ქართული საგალობლები. თქვენ ულამაზესი პოლიფონია გაქვთ.

მე ინგლისურ ენაზე ვწირავ, საგალობლები კი ჩვენს ეკლესიაში მხოლოდ ქართულად სრულდება. საოცარია ქართული ღმრთის სადიდებელი, ან საგალობელი ღვთისმშობლისადმი. ორი წელია, მუდმივად ვუსმენ და მიმაჩნია, რომ ინგლისურ ენაზე ასე არ ჟღერს უფლის სადიდებელი ჰიმნი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ, ქართული ფოლკლორით მოჯადოებულმა ირლანდიელთა 28-კაციანმა გუნდმა გამოთქვა სურვილი, ისწავლოს ქართული სიმღერები. ქართული ცეკვაც ძალიან მომწონს. თვალში საცემია მკაფიოდ გამოკვეთილი ქალისა და კაცის როლები. დუბლინში რომ დავბრუნდები, ვაპირებ, ირლანდიის ტელევიზიის ერთ-ერთ პროგრამაში მომზადდეს გადაცემა, სადაც ქართველ სტუმარს მოვიწვევთ საქართველოზე სასაუბროდ. ესეც იმისათვის, რომ ირლანდიელებმა უკეთ გაიცნონ საქართველო. ჩვენი ქვეყნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმ განსხვავებით, რომ თქვენთან მზეა, ჩვენთან კი მზე არ არის. კიდევ ერთი განსხვავებაც არის - თქვენ წესრიგს არ ემორჩილებით, ეს კი იმ ხალხის ბუნებრივი მახასიათებელია, ვინც სხვის მიერ იყო, ან არის დაპყრობილი. ეს არ ნიშნავს კანონის უპატივცემულობას, არამედ პროტესტის გრძნობით არის გამოწვეული.

საქართველოში პირველად ვარ. თვალში საცემია მრავალსართულიანი შენობები, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენთან ასე არ არის. როგორც ცნობილია, ირლანდიაში ინგლისელები იტაცებდნენ მიწებს, ამიტომაც დღეს ყველას სურს, თავისი პატარა მიწა ჰქონდეს და ამ მიწაზე მტკიცედ დაიმკვიდროს თავი. საქართველოში ვნახე ზოგიერთ რაიონებში ცუდ პირობებში მცხოვრები ხალხი და ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. ირლანდიაში ასე არ ხდება. მთავრობა უამრავ პროექტს ახორციელებს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

უკვე ორჯერ ვნახე საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. ერთხელ ლონდონში შევხვდი, ქართული ეკლესიის გახსნაზე. ის არის საოცრად კეთილი ადამიანი, სხარტი იუმორით და სათნო ღიმილით. მასში ღვთის არსებობა იგრძნობა და ვხვდები, რატომაც უყვარს ხალხს განსაკუთრებით. მისი სულიერება ასევე ასახულია მუსიკაში, რომელსაც ქმნის.

- რამდენად რელიგიურია ირლანდიელი ერი?

- მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ითვლება კათოლიკურ ქვეყნად და 80% მიიჩნევს, რომ კათოლიკეა, რეალურად მხოლოდ 8%-ია აღმსარებელი ქრისტიანი. სამწუხაროდ, კათოლიკურმა ეკლესიამ ირლანდიაში ბევრ უღირს მღვდელს დააფარა ხელი, დახუჭა თვალი მათ უზნეობაზე. სასულიერო ხელისუფლება მდგომარეობის შეცვლას შეეცადა იმით, რომ უღირსი მღვდლები ერთი რაიონიდან მეორეში გადაიყვანა, მათ კი ავი საქმეები, მრუშობა განაგრძეს და ხალხს წარმოდგენა წაუხდინეს ეკლესიასა და მღვდლებზე. ხალხი ფიქრობს, რომ ქრისტიანობა ცუდია და არსებობენ მხოლოდ ცუდი მღვდლები. ასეთი ცნობიერების აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება.

- თქვენ მუშაობთ ხელისუფლებაშიც, საერო ცხოვრებაშიც მონაწილეობთ. ჩვენთან, ხშირად, საეკლესიო და საერო ხელისუფლება თანამშრომლობას ვერ ახერხებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, სკოლებში სექსუალური სწავლების შემოღება, ან მოზარდებში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრა.

- ირლანდიაში სექსუალური განათლების პროგრამა დაწყებითი კლასებიდან იწყება და ყველა კლასში ასაკის შესაბამის ინფორმაციას შეიცავს. ამ პროგრამის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ეკლესიამ, სხვა რელიგიურმა კონფესიებმა და მშობლებმა.

რაც შეეხება მღვდლების შესვლას სკოლებში, ჩვენთან არის კოლეჯის მღვდელი, რომელიც სპეციალურ ტრენინგსაც გადის იმისთვის, რომ სკოლაში მოზარდებთან ურთიერთობა შეძლოს. წინათ ირლანდიაში სკოლას ორი ეკლესია განაგებდა, ახლა ეს ფუნქციები სახელმწიფოს გადაეცემა, რადგან ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა - ემიგრაცია გაიზარდა, გაჩნდა რელიგიური უმცირესობა მუსლიმანების სახით. ყველას ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება ძალადობას, ასეთი რამ უფრო დამახასიათებელია მუშათა კლასის ოჯახის ბავშვებისთვის. მოზარდების აღზრდის პრობლემებს განაპირობებს ოჯახის ინსტიტუტის მოშლა. ახალგაზრდა ქალი შვილს აჩენს და მერე აღმოაჩენს, რომ არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი. ამიტომაც  განათლების სამინისტრო სკოლებში გზავნის ინსპექტორებს, რომლებიც პედაგოგებს ასწავლიან, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ასეთი ბავშვები სრულფასოვნად აღიზარდონ. ირლანდიას არ სურს მოძალადეების ყოლა! პრობლემების აღმოფხვრა ხდება კომპლექსური მიდგომის შედეგად - ბავშვი, მშობელი, სახელმწიფო და ეკლესია ერთად მოქმედებენ.