ბეთანიელი წმინდა მამები - კვირის პალიტრა

ბეთანიელი წმინდა მამები

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამავე დღეს ჩვენი ეკლესია მოიხსენიებს ბეთანიელ წმინდა მამებს: წმინდა იოანეს (მაისურაძე) და წმინდა იოანე-გიორგის (მხეიძე).

ბეთანიის სავანე ჩვენი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, მის კედელზე გამოსახულია ქართველთა დედა, წმინდა თამარ მეფე, იქვე, ტაძრის საკურთხეველთან, დაკრძალული არიან წმინდა მამები, რომლებიც უხილავად იცავენ მონასტერს და აკურთხებენ მის მცხოვრებთ თუ მომლოცველთ...

წმინდა იოანე (მაისურაძე)

XIX საუკუნის ბოლოს ვერეს ხეობაში მამა სპირიდონ კეთილაძე ბეთანიის უძველესი მონასტრის აღდგენას შეუდგა. სწორედ მას მიებარა მორჩილად ერედველი 14 წლის ვასიკო მაისურაძე. თვითონაც თავდაუზოგავად მუშაობდა, არც ხელოსნები ინდობდნენ... ხანდახან დაქანცული სადმე ბუჩქის ძირას დასტიროდა თავის დახეთქილ, სისხლიან ხელებს... მისი შემონაზვნება კი ათონზე მოხდა, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სავანის წინამძღვარმა მამა იონამ (ხოშტარიამ) დიდი სიყვარულით მიიღო იგი. სახელად იოანე დაარქვეს. ერთ წელიწადში მამა იონა გარდაიცვალა და ბერძნებმა ჯარს გამოაყრევინეს ქართველები სავანიდან. ურჯულოები არ მოგვქცევიან ისე, როგორც ბერძნები მოგვექცნენო, - ჰყვებოდა მამა იოანე. სამშობლოში დაბრუნებული არმაზის მონასტერში დასახლდა.

1921 წელს ჩეკისტებმა მამა იოანე, სხვა ბერთან ერთად გამოიყვანეს არმაზის მონასტრიდან  და თოფი ესროლეს. ბეჭში მძიმედ დაჭრილი მთელი ღამე სიკვდილს ებრძოდა. ასევე დაჭრილი მეორე ძმა მალევე მოვიდა გონს, მცხეთას ჩავიდა და, რაკი მამა იოანე მკვდარი ეგონა, ნაცნობებს სთხოვა, დამამარხვინეთო. მამა იოანე ცოცხალი აღმოჩნდა. სამი თვე უვლიდნენ სამთავროელი დედები... მერე ტიფი შეეყარა. გადარჩა. ერთხანს მარტყოფში ცხოვრობდა, მაგრამ კომუნისტებმა აღარ დააყენეს. ცოტა ხანს პატრიარქ ამბროსისთან ბინადრობდა, 1924 წელს ბეთანიას დაუბრუნდა, თან მიიყვანა  ხირსის მონასტრის ბერი გიორგი (მხეიძე).

წმინდა იოანე-გიორგი(მხეიძე)

ის მამა იოანეზე 5 წლით უმცროსი გახლდათ. რაჭველი იყო, სოფელ ქვემო კრიხიდან. მამა გიორგის სულიერ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოუხდენია უფროს ძმას, პოლიაქტორს. პოლიაქტორი ბერად აღკვეცილა. მას საიდუმლო ზეციური ხილვები ჰქონია. ძალიან მალე გარდაცვლილა. სიკვდილის წინ დედისთვის უთქვამს: - დედი, აი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი... მასთან მივდივარო. სანთლები დაუნთია, ყველა შინ მყოფი მოუხმია და ლოცვად დამდგარა. სანთლები რომ ჩამწვარა, პოლიაქტორს წარმოუთქვამს: უფალო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მიიბარე ჩემი სულიო“და სანთლების ჩაქრობისთანავე აღსრულებულა.

გიორგის ხელთ ჩავარდნია ძმის ჩანაწერები, რომლის წაკითხვამ სხვა ადამიანად აქცია.

ბერად მიტროპოლიტ ნაზარს აღუკვეცია. ხირსის მონასტერში დასახლებულა, მაგრამ ეს მონასტერი 1924 წელს დაურბევიათ კომუნისტებს.

მამა გიორგი და მამა იოანე ბეთანიაში მამა სპირიდონის აშენებულ ორსართულიან სახლში დასახლდნენ. მამა სპირიდონს მოზრდილი ბაღიც დაეტოვებინა. ღირსმა მამებმა ბოსტანიც გააშენეს და ვენახიც ჩაყარეს. მამა გიორგი ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. სამუშაოს მთელი სიმძიმე მამა იოანეს დააწვა. მოგვიანებით საკუთარი მეურნეობა გამართეს. იწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, გაიჩინეს ძროხები, ფუტკარი. ნაკადულთან წისქვილიც მოაწყვეს...

მონასტერი ოფიციალურად მოქმედად არ ითვლებოდა - არქიტექტურის ძეგლად“მიიჩნევდნენ, ბერები მონასტრის საბინაო წიგნში დარაჯებად იყვნენ ჩაწერილნი. კულტურის სამინისტრო მათ ხელფასსაც კი უხდიდა. სამაგიეროდ, ტაძარში წირვა-ლოცვაც აღესრულებოდა და ნათლობა-ჯვრისწერაც. ომის დროს, როცა ყველა შიმშილობდა, მამები, ვინც არ უნდა სწვეოდათ, ყველას აპურებდნენ და შინაც ატანდნენ პროდუქტს, ხშირად ფულითაც უმართავდნენ ხელს და, რაც მთავარია, სულიერად აყენებდნენ ფეხზე რწმენაშერყეულ ქართველებს.

მამა იოანე განსაკუთრებული უბრალოებით, სირბილით გამოირჩეოდა. ნამდვილი ანგელოზი იყოო, ამბობდნენ, მამა გიორგი უფრო მკაცრი გახლდათ, ასკეტური. ის ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ მოღვაწეობა არ შეუწყვეტია: ეძინა ფიცარზე, თავის სენაკში ღუმელს ზამთარშიც არ ანთებდა. ღამით ბევრს ლოცულობდა, მცირე საზრდელს იღებდა.

ღირსი მამები ყოველთვის მკაცრად მარხულობდნენ, მაგრამ სტუმარს გაუმასპინძლებლად არ გაუშვებდნენ. ტაძრის წინ გამოჰქონდათ მაგიდა და კაკალს, თაფლს და ახალგამომცხვარ პურს სთავაზობდნენ ბეთანიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა თუ ერისკაცებს.

როგორ უხაროდათ, თუ მორწმუნე ახალგაზრდას ნახავდნენ! ერთხელ ბეთანია სემინარიელმა ირაკლი ღუდუშაურმა (მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა) მოილოცა. როცა მამა იოანემ შეიტყო, რომ ახალგაზრდა მორწმუნე იყო და სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო.

1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. მალევე აღკვეცეს ბერად ვასილის სახელით და მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი. მამა ვასილი დიდად მოღვაწე გამოდგა. ბევრს კითხულობდა და შესანიშნავად ქადაგებდა.

1957 წლის 12 ივლისს მამა იოანე გარდაიცვალა. მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა, დავობლდიო, - შესჩიოდა თურმე მამა გიორგი მორწმუნეებს. აღდგომა დღეს მამა გიორგი მამა იოანეს საფლავზე გასულა და -”ქრისტე აღდგა!”- მიულოცავს. ჭეშმარიტადო, - ამოუძახია საფლავიდან წმინდა იოანეს.

1960 წელს მამა ვასილიც (ფირცხალავა) გარდაიცვალა ტუბერკულოზით. მანამდე თურმე ტყეში ყაჩაღებმა ისე სცემეს, რომ მერე ფეხზე ვეღარ წამოდგა. ქალაქში სამკურნალოდაც არ წასულა. ჩემი ცხედარი არავის გაატანოთ, მამა იოანეს გვერდით დამმარხეთო, - უთხოვია სიკვდილის წინ, მაგრამ ნათესავებმა გაიტაცეს ცხედარი, გახადეს ბერის სამოსი, კოსტიუმი ჩააცვეს, წვერი მოჰპარსეს... მამა გიორგის უთქვამს, - მამა ვასილი ორგზის მოწამეა. პირველად ავაზაკთაგან  ეწამა, მეორედ  გარდაცვალების შემდეგ ნათესავებისგან, ამიტომ ღვთისგან ორმაგ ჯილდოს მიიღებსო.

ახლოა მარადისობა

მამა გიორგისთან ბერი გაბრიელი (ურგებაძე) დარჩა. ის ემსახურებოდა თავის სულიერ მოძღვარს, თუმცა ნუგეში არც უფლისგან მოჰკლებია წმინდა მამას. ერთხელ თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა და ხელის შეხებით საშინელი ტკივილი დაუცხრო. ბოლო დროს ახალნაოპერაციები ქალაქში ძმასთან ცხოვრობდა. უფლის ანგელოზი უხილავს, - აქ რა გინდა, გიორგი, შენი ადგილი მონასტერშიაო, - უთქვამს. უფალო, ხომ ხედავ, რაოდენ სნეული ვარ! - შეღაღადა თურმე მამა გიორგიმ, მაგრამ ანგელოზმა გაუმეორა, - არა, მონასტერში უნდა იყოო. მიუხედავად ნათესავების დაჟინებული თხოვნისა, მონასტერში დაბრუნებულა. მამა გიორგი დიდ სქემაში შეუმოსავთ იოანეს სახელით.

1962 წელი იდგა. მამა იოანე-გიორგის სულიერმა შვილმა, ბერმა გაბრიელმა (ურგებაძემ), რომელიც ამ დროს ქალაქში საქმეზე იყო, უეცრად იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ბეთანიაში და მაშინვე მონასტერს მიაშურა. "დიდება უფალს, შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრება!" - წარმოთქვა მოძღვარმა მამა გაბრიელის დანახვაზე. რაღაც უჩვეულოდ ეჭირა თავი. ყველაფერი ახალი და სუფთა ჩაეცვა, თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებაო. მალე წავალო, - უთქვამს გაბრიელისთვის, - თუმცა სხეულით მივდივარ, სულით ყოველთვის აქ ვიქნები, ბეთანიას არასოდეს მივატოვებო. ბოლოს,  სთხოვა, ლიტურგია აღესრულებინა და ეზიარებინა. მამა გაბრიელმა ყოველივე აღასრულა. ღამის 3 საათზე (12 სექტემბერს) სული თვისი ჩააბარა უფალს. მაშინ 75 წლისა გახლდათ... სულიერი ძმის გვერდით მიუჩინეს ადგილი მამა გიორგის.

* * *

KvirisPalitra.Geგამყე ბეთანიისაკენო, - ეტყვი ვინმეს და გაუყვები ბილიკს. გზადაგზა თითქოს მადლის მობერვას იგრძნობ, განცვიფრდები,”- ღმერთო ჩემო, ეს რა მემართებაო?!” - იკითხავ... მიადგები კლდის ქიმს, სადაც ხის უზარმაზარი ჯვარი აღუმართავთ და გადახედავ ხეობას, დაინახავ სანატრელ ბეთანიას და გულს მღელვარება მოიცავს... ნელ-ნელა ჩაუყვები კლდეზე ჩამავალ ბილიკს, უახლოვდები მონასტერს და ასე გგონია, შინ ბრუნდები...

კახაბერ კენკიშვილი