ქალი კაცისა სწორია! - კვირის პალიტრა

ქალი კაცისა სწორია!

გენდერულ თანასწორობას საქართველოს კანონმდებლობაში 4 თავი და ამ თავების ქვეპუნქტები აქვს დათმობილი. ამაზე მსჯელობენ, კამათობენ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანებში, ხოლო იქ, სადაც არ განიხილება მოსაზრება "ქალი კაცისა სწორია", ამ თემაზე ლაპარაკიც კი დანაშაულად მიიჩნევა.

და მაინც, რა არის გენდერული თანასწორობა? თეორიულად ყველამ იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს და ა. შ. თუმცა, ვაი, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ ნორმების დამკვიდრება საკმაოდ ჭირს. ხშირად მომისმენია, შეიძლება ითქვას, აგრესიული პასუხიც კი კითხვაზე - "უჭერ თუ არა მხარს გენდერულ ბალანსს?" - რის შემდეგაც არაერთხელ განმიმარტავს თუ რეალურად რას ნიშნავს ქალის გათანასწორება კაცთან, რომ ეს სრულებითაც არ ართმევს კაცს უფლებას მეორე ნახევრისგან მოითხოვოს (თუმცა ვთვლი, რომ ითხოვოს ჯობია) პატივისცემა და მასაზე ზრუნვა (აქვე დავამატებ, რომ ანლოგიური მოქმედებები მამრობითი სქესის წარმომადგნლებისგანაც აუცილებლია).

კანონი აძლევს ქალს უფლებას, იყოს კაცის თანასწორი პოლიტიკურ, ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს რომ ქალს და მამაკაცს, ერთ პოზიციაზე არ უნდა ჰქონდეთ არათანაბარი ანაზღარურება მხოლოდ იმიტომ რომ მათი სქესი განსხვავებულია, რომ ქალები არ უნდა კარგავდნენ სამსახურებს იმის გამო, რომ შვილების გაჩენა უნდათ, რომ ისინი არ უნდა იყვნენ დისკრიმინაციის, ძალადობის (როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური) მსხვერპლნი მხოლოდ იმიტომ რომ "სუსტი სქესის" წარმომადგენლები არიან და მაინც ვინ მოიგონა ეს "სუსტი სქესი" დღემდე გაუგონარია ჩემთვის.

კანონია ქალებს აძლევს უფლებას ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში ზუსტად ისე, როგორც კაცებს ეძლევათ ამის საშუალება. ძალიან უსუსურია ამ ყველაფრის გაიგივება ქალის პატივისცემასთან, მაგალითად, არსებობს მოსაზრებები, რომ თუ ჩვენ გვინდა გენდრეული თანასწორობა, რატომ უნდა დაგვითმონ კაცებმა ადგილი ტრანსპორტში, რატომ უნდა გაგვიღონ კარი გასვლის წინ და ა.შ. ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა, მიმაჩნია, რომ ეს ორი თემა ბევრს ერევა ერთმანეთში და ხშირად შეცდომაში შედიან, იმის არ იყოს, ფემინიზმი კაცთმოძულება რომ ჰგონიათ.

ეს ყველაფერი ისევ და ისევ განათლების, უფრო სწორად გაუნათლებლობის ბრალია, და სულაც არ მიკვირს ხოლმე, როდესაც ძალიან ნაკითხი ადამიანებისგან მესმის ასეთი უაზრო პარალელები, რადგან, ფაქტია, რომ უმრავლოსობა ამ კონკრეტულ თემაზე ცუდად არის ინფორმირებული. ისიც ფაქტია, რომ ეს პრობლემა არ დგას მხოლოდ საქართველოში, თუმცა იმითაც ვერ დავიმშვიდებთ თავს, რომ, მაგალითად, საფრანგეთში ქალებმა ხმის უფლება 1944 -ში მოიპოვეს, გვეყოფა წარსულით ცხოვრება და სხვებთან შედარება.

ცხადია, კაცების დადანაშაულება ძალიან ბევრ რამეში შეგვიძლია, ჯერ მარტო წინა წელს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული 23 ქალის შემზარავი ამბები რომ გავიხსენოთ. თუმცა , არის სიტუაციები, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს ვერ დავადანაშაულებთ.

გავიხსნებ შემთხვევას, როდესაც სამარშრუტო ტაქსიში ორი მეგობრის დიალოგი მოვისმინე, გოგონა, ძალიან მშვიდი და დალაგებული ტონით უყვებოდა თანამოსაუბრეს თუ როგორ იძალადა ქმარმა მასზე  და ამ ყველაფერს მისი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო, ზოგადად არ მიყვარს სხვისი ლაპარაკის მოსმენა, მაგრამ ამ შემთხვევამ გამაოგნა.. ახალგაზრდა ქალი სრულიად ჩვეულებრივად აჩვენებდა გატეხილ თავს და ყვებოდა წინა ღამის ამბებს, არც მას და არც მის მეგობარს ერთხელაც არ გასჩენიათ აზრი, რომ ან პოლიციისთვის მიემართათ ან მსგავსი აგრესიის გამო შინაგანი პრტესტი მაინც გამოეხატათ და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად არ აღექვათ. იფიქრებთ, ალბათ ეგეთი კი უნდა სცემონ, თავის ფასი რომ არ იცისო, მაგრამ ეს ყოვლად არასწორი დამოკიდებულებაა...

საჭიროა ქალებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მათი უფლებების თაობაზე, იმაზე, რომ ოჯახური ძალადობა დასჯადია... მათთვის ტრენინგები უნდა ჩატარდეს, უნდა შეიქმნას ოჯახის ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან ქალებს, კაცებს, ბავშვებს, ყველას, ვისაც სჭირდება ხელის შეშველება. როგორც კაცებმა უნდა ისწავლონ გენდრეული თანასწორობის მნიშვნელობა და ქალის პატივისცემა მხოლოდ სუფრაზე ჭიქის დაცლით არ უნდა გამოიხატებოდეს, ასევე ქალებმა უნდა დაიწყონ თავის დაცვა და ვიდრე არ ისწავლიან "არა"-ს თქმას და თავისი მოთხოვნილებების, კარიერის, პრიორიტეტების და გრძნობების წინა ფლანგზე დაყენებას, ვიდრე არ გამოვლენ კაცების ჩრდილიდან და ეგონებათ, რომ ნორმალურია შეურაცხყოფა, ღალატი და ჩაგვრა, მანამდე არც გენდერული თანასწორობა გვექნება და არც გადანაწილებული მოვალეობები.

აქვე დავძენ, რომ მსგავსი სისუსტე ქალების მხრიდან ხშირად გამოწვეულია არა მხოლოდ ნაკლები ინფორმაციისგან, არამედ ნაკლები მხარდაჭერისა და შიშისგანაც. ალბათ თქვენც არ გეპარებათ ეჭვი, რომ ნებისმიერი ადამიანი მეტად შეძლებს თავის დაცვას, როცა გრძნობს, რომ მის გვერდით ვიღაც არის და ზურგს უმაგრებს... სამწუხაროდ, ყველას არ ჰყავს ოჯახი ან ჰყავს, მაგრამ მათგან მხარდაჭერის ნაცვლად უარეს ძალადობას იღებს... ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, ეს ვალდებულება თავის თავზე იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, ვისაც აქვთ რესურსი ძალა და სურვილი, სურვილი იმის, რომ საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირველ რიგში აზროვნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! თუ კაცები მიხვდებიან რაშია პრობლემა და ქალები შეძლებენ მიიღონ მეტი თავისუფლება, მაშინ დედობაც უფრო ადვილი გახდება, მეტი პროფესიონალი ქალი ეყოლება ქვეყანას და თუნდაც ჩვენი პარლამენტი არ დაემსგავსება სახინკლეს, სადაც მამრობითი სქესის აშკარად მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია შევცვალოთ მენტალიტეტი და გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან, რომლებშიც არცთუ ბედნიერმა წლებმა მოაქცია საქართველო.

... და რატომაც არა ? ამით ხომ არაფერი დაშვადება. თუნდაც ინტერესის გამო მაინც მივცეთ ერთმანეთს მეტის და "თავის"უფლება რა იცით, რა მოხდება.