ქალებსაც შეგვიძლია! - კვირის პალიტრა

ქალებსაც შეგვიძლია!

"კარგად უნდა გათხოვდე", "პატრონს ჩავაბარებ და დავისვენებ", "სწავლა- სწავლად , მაგრამ კარგი ქმარი აუცილებელია", "თუ გაყევი, უნდა ითმინო კიდეც, აბა, ოჯახს ხომ არ დაანგრევ", "მარტო დარჩენის არ გეშინია?.." - ეს და კიდევ რამდენი ასეთი სტერეოტიპი არსებობს ქართველი ქალის ცხოვრებაში.

მაინც, რატომ ფიქრობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ ქალიშვილი სიძეს უნდა ჩააბაროს, რომ ქალი თუ ხარ, აუცილებლად უნდა გყავდეს ოჯახი, რატომ შთააგონებენ დედები ბავშვებს პატარა ასაკიდანვე, რომ სამაგალითო ცოლები და შვილებზე გადამკვდარი დედები უნდა გახდნენ მომავალში და რატომ ფიქრობენ ჯერაც, რომ კაცის გარეშე ქალი ვერაფერს მიაღწევს?! რომ კაცმა უნდა არჩინოს ცოლი, ფული შემოიტანოს ოჯახში, სახლში უფროსი ის უნდა იყოს და ა.შ. არადა, ცოტა ქალი გინახავთ, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას თვითონ განაგებენ, არ არიან არავისზე დამოკიდებული და ოჯახს მხოლოდ იმიტომ არ ქმნიან, რომ "კარგად იცხოვრონ?"

მთავარ პრობლემად მაინც ქალის მიერ საკუთარი ფუნქციისა და ადგილის თვითგანცდა რჩება. უმრავლესობას ჰგონია, რომ ოჯახის დანგრევა პირდაპირ კავშირშია მათ მარტოობასთან. ამასწინათ მეგობარს ზუსტად ამ თემაზე ველაპარაკებოდი, რომელმაც მკითხა, როცა გადაწყვიტე, რომ ურთიერთობა უნდა დაგემთავრებინა, მარტო დარჩენის არ გეშინოდაო?

არა, არ მეშინოდა!

ცხოვრება ადამიანთან, რომელიც აღარ გიყვარს, რომელთანაც საერთო აღარაფერი გაქვს, ჩხუბი კი ყოველდღიურ რუტინადაა ქცეული, ვფიქრობ, რომ არ არის ქალის საუკეთესო არჩვენი. დავიჯერო, მხოლოდ გარეგნულად ლამაზად შეფუთული ოჯახის შენარჩუნებაა ბედნიერების საწინდარი? მგონი, რომ არა, და ქალებსაც შეგვიძლია! დიახ, შეგვიძლია  დამოუკიდებლად ბედნიერები ვიყოთ. შეგვიძლია, რომ "მივხედოთ ჩვენს თავს", შეგვიძლია ვიმუშავოთ, შეგვიძლია ვატაროთ მანქანა, ვიყოთ წარმატებულები ჩვენს საქმეში, ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ რა ჩავიცვათ და რაც მთავარია, ვიყოთ დამოუკიდებლები, ვფიქრობ, ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ იყოს თავისუფალი და საკუთარი თავის პატრონი.

რაც შეეხება ოჯახს, იქ სადაც სიყვარული აღარ არის, ალბათ დამეთანხმებით, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტია ურთიერთობის შენარჩუნებაზე, ამიტომ მარტო დარჩენის შიშზე არ უნდა დავკარგოთ დრო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთხელ გვეძლევა საშუალება ვიცხოვროთ და ჩვენ, ქალები ვიმსახურებთ ბედნიერებას, ხოლო ეს უკანასკნელი ყველასთვის ინდივიდუალურია და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს ის, რაც უნდა თვითონ და არა ის, რასაც ფიქრობს საზოგადოება - მშობელი, მეგობარი მეზობელი... შეიძლება მათი აზრი მნიშვნელოვანია ბევრისთვის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და სურვილების რეალობად ქცევა უნდა იყოს მთავარი.

შეგვიძლია კაცის გარეშე ვიყოთ ბედნიერები? - ეს ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რადგან ბევრ ქალს უნდა სიყვარული, სჭირდება სითბო და ბედნიერია, როდესაც გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავს, როდესაც გრძნობს მის ძალას და შეუძლია დაეყრდნოს, ენდოს და მისი იმედი ჰქონდეს , თუმცა არ აგერიოთ "ღირსეული მამაკაცი" არსებაში, რომელიც დილიდან საღამომდე ქალის ნერვიულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. ე.წ ქმარი, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებს შენიშვნების მიცეს იმის გარდა, კაცი რომელსაც ავიწყდება დაბადების დღე, ახალ წელს საჩუქრის ყიდვა და ა.შ. ეზარება ელემენტარული სითბოს და ყურადღების გამოჩენა. ცუდად არ გამიგოთ, სრულებით არ ვგულისხმობ იმას, რომ ქალებმა ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, დამიჯერეთ ეს არც ისე ადვილია, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი თქვენგანი იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე ამ მომენტში აქვს.

(იხილეთ ასევე: მოღალატე ქალები)

იმაზე მეტ სიყვარულს და სითბოს, ყურადღებას და დაფასებას იმსახურებთ თქვენი მეორე ნახევრებისგან, ვიდრე ახლა გრძნობთ და რაც მთავარია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეთ, რომ ქალები არ ვართ სუსტები, მერე რა რომ ფიზიკური ძალა მამრობით სქესს უფრო მეტი აქვს, ჩვენ, სამაგიეროდ ფსიქოლოგიურად მეტის ატანა შეგვძილია, არაფერი რომ ვთქვათ ფიზიკურ ტკივილის გაძლებაზე, ამიტომ არასოდეს დაგავწყდეთ, რომ მარტო არ ხართ, რომ თუ ჩათვლით, რომ გვერდით არ გყავთ ის ვინც გინდათ, რომ მის გარეშე უფრო ბედნიერები იქნებით, გააკეთეთ ეს თქვენთვის იმიტომ, რომ გუშინ დათქმული " ხვალ" უკვე დადგა.

ყოველ დილას ჩაიხედეთ სარკეში და დაინახავთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ! თქვენ შეგიძლიათ იყოთ იმაზე კარგი, ვიდრე გუშინ იყავით, შეგიძლიათ გახდეთ უფრო ძლიერი  და ცხოვრებაში მიაღწიოთ ყველაფერს, ოღონდ მთავარია მოინდომოთ. არ გჭირდებათ გვერდით ადამიანი, რომელიც არ გაფასებთ და იმის მაგვირად, რომ მოტივაცია აგიმაღლოთ, უკან და უკან გწევთ ცხოვების გზაზე.

ჩაიხედეთ სარკეში და დაინახავთ, რომ თქვენს წინ ჭკვიანი, ძლიერი, ლამაზი, მომხიბვლელი და ნამდვილი ქალი დგას, ქალი რომელიც იმსახურებს ბედნიერებას და ეს თქვენ ხართ, საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი და როცა ამას მიხვდებით, იმასაც გაიაზრებთ, რომ, დიახ, ქალებსაც შეგვიძლია, თან იმაზე მეტი, ვიდრე სხვებს წარმოუდეგნიათ!