ქალების ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს - კვირის პალიტრა

ქალების ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს

ტკბილეულის გარეშე წერა არ შემიძლია. დღეს უკვე მეექვსე ბლოგს ვწერ და ახლა მივხვდი ამას, თუმცა არ ვიცი რამდენად დაატკბობს შოკოლადი იმ თემას, რომელზეც მინდა გელაპარაკოთ. სათაურმა არ შეგაშინოთ, ისედაც დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა მსოფლიოში, თუმცა ზოგ ოჯახში განხეთქილება რძალსა და დედამთილს შორის ალბათ არც ჩამოუვარდება გლობალურ პრობლემებს.

ეს ის თემაა რომელიც არასოდეს მთავრდება რადგან თითქმის ყველა დედამთილს ჰგონია რომ ყველაზე ცუდი რძალი მას შეხვდა და რძლებიც თავის მხრივ ვერ ხვდებიან ასეთი რა დანაშაული მიუძღვით და რით დაიმსახურეს ასეთი "მეორე დედა".

არადა, ეს ქალი იმ კაცის დედაა რომელიც გიყვართ და ცხოვრებას გირჩევნიათ. რა თქმა უნდა, არსებობენ დედამთილები, რომლებსაც ვერანაირი მიზეზით ვერ გაამართლებთ და მათთან ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია, დედამთილები რომლებიც შვილსაც კი უმწარებენ ცხოვრებას რძლის გასაბრაზებლად და მათი ჩხუბი სიამოვნებას ანიჭებთ. ასეთ შემთხვევაში წყვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი ბედნიერება ქალის ახირების გამო არ დაინგრეს და მაქსიმალურად მოშორებით დაიწყონ ცხოვრება, მაგრამ თუ თქვენი დედამთილი მართლა ასეთი ურჩხული არაა რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გიმწარებთ ცხოვრებას, თუ მხოლოდ იმის გამო ჩხბუბობთ და "ჭამთ ერთმანეთს" რის გამოც დამშვიდებულ გულზე კინკლაობაც კი სისულელედ მოგეჩვენებოდათ, იქნებ, დროა დაფიქრდეთ, რა შეცდომებს უშვებთ მასთან ურთიერთობაში?

ალბათ, გეგონათ, რომ დედამთილების ლანძღვას და კრიტიკას დავიწყებდი, მაგრამ არა არავის მინუსებზე არ მინდა ყურადღების გამახვილება, მითუმეტეს ასეთ მტკივნეულ თემაზე წერისას. უბრალოდ, მჯერა რომ თუ ადამიანი მოინდომებს შეძლებს ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტას და მითუმეტეს ურთიერთობის დარეგულირებას, თან მასთან ვისთან ერთადაც ცხოვრობს, ან არ ცხოვრობს მაგრამ ხშირი ურთიერთობა აქვს და რაც მთავარია მისი საყვარელი ადამიანის დედაა. თუმცა კომპრომისზე წასვლა მხოლოდ ერთ მხარეს არ უნდა უწევდეს, მხოლოდ ურთიერთდათმობით შეიძლება ოქროს შუალედს მიაგნოთ.

თქვენ უნდა ისწავლოთ მასთან ლაპარაკი, უნდა დათმოთ ( თუმცა, არ ვგულისხმობ შეურაცხყოფის მოთმენას ), აგრძნობინეთ, რომ ის ისევ პირველია… განა რა დაშავდება თქვენთვის იმით, რომ არ დაუკარგოთ პოზიცია მას თქვენი ქმრის ცხოვრებაში? მას ხომ ძალიან უჭირს შვილთან განშორება (ეს კიდევ მისი კი არა, ქართული ტრადიციების ბრალია, შვილი დედისთვის ყოველთვის პატარა ბიჭად რომ რჩება); რთულია მისთვის შეეგუოს სხვა ქალის არსებობას მისთვის პირველი მამაკაცის ცხოვრებაში, მიიჩნევს, რომ მის ვაჟი ადრე უფრო კარგად იკვებებოდა, უკეთესად იყო მოვლილი და ა.შ…

რომ დავფიქრდეთ არაფერია ცუდი იმაში, რომ დაურეკოთ ხოლმე და ჰკითხოთ რჩევა, როცა ქმარს საყვარელ კერძს უმზადებთ. მერე რა რომ იცით, რამდენი ხახვი გჭირდებათ ან რა რაოდენობის ხორცია საჭირო, მას ხომ ამით ასიამოვნებთ? ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ნაკლებად გაღიზიანებული იქნება, იგრძნობს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სახლში... ყოველდღიური საქმიანობით დაღლილი, თუ თქვენს შვილსაც ხშირად იტოვებს იმისთვის, რომ თქვენ მეგობრებთან ერთად დაისვენოთ, მისი გაგებაც შეიძლება.

იტყვით, ბებიაა და, აბა, რა უნდა ქნასო? - ცდებით. დამიჯერეთ, ზოგ დედამთილთან ბავშვის დატოვება უბრალოდ პატარას სიცოცხლის გარისკვის ტოლფასია. წარმოიდგინეთ, ადამიანს შვილს ანდობთ და სახლში დაბრუნებულს ატირებული ჩვილი გხვდებათ, რომელიც თურმე იმიტომ ტირის, რომ ბებიას დაავიწყდა საჭმელი ეჭმია. ასეთ შემთხვევაში დატოვებაზე კი არა, ხელში აყვანის უფლების მიცემაზეც კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ თუ თქვენ მშვიდად შეგიძლიათ მას შვილი ანდოთ, ჩათვალეთ, ძალიან გაგიმართლათ, და თან ის სულ არ არის ვალდებული... ეს მისი კეთილი ნებაა და არა მოვალეობა თქვენს წინაშე...

როცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ და თან დედა ხართ, ნამდვლად ბედნიერებაა გვერდით ადამიანის ყოლა, რომელიც გეხმარებათ, ამიტომ თქვენ თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ, ნამდვილად გაგიმართლათ, თუ თქვენს მეუღლეს ჰყავს დედა, რომელიც თქვენს დახმარებაზე უარს არ ამბობს... არა უშავს თუ თქვენი დალაგებული სახლი არ მოსწონს, დედათქვენიც ხომ ხშირად გსაყვედურობდათ ამის გამო, მერე რა რომ ყვავილების ლარნაკი სხვაგან გადადო, წავა და ისევ დააბრუნებთ თავის ადგილას, ამის გამო ჩხუბი ხომ არ შეიძლება?

ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის გააზრებაა, რომ ამ დაუსრულებელი ჩხუბით და ერთმანეთთან შეჯიბრებით, ორივე საყვარელ ადამიანს ტკენთ გულს, კაცს, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილია, მას ორივე ძალიან უყვარხართ და მისთვის ძალიან ძნელი და მტკვინეულია თქვენი უთანხმოების ყურება.

ხშირად, დედამთილს არ უნდა თქვენთვის ცუდი და მითუმეტეს საკუთარი შვილისთვის, უბრალოდ თქვენი ხასიათები განსხვავდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ მოძებნოთ გზა ამ ყველაფრის დასარეგულირებლად, თუ არ იქნებით ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი, ბოლოს და ბოლოს რა გირჩევნიათ იყოთ მართალი თუ ბედნიერი? ზოგს ხომ უბრალოდ ოცნებაც არ შეუძლია თავის საყვარელ მამაკაცთან და დედამისთან ერთად გაატაროს საღამოები, თქვენ კი ამის შესაძლებლობა გაქვთ და გამოიყენეთ ეს შანსი, შანსი რომ გქონდეთ ბედნიერი და ძლიერი ოჯახი და რაც მთავარია, დედამთილებმაც და რძლებმაც უნდა გაიგონ, რომ მათი დაუსრულებელი უთანხმოება მათთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს აყენებს ტკივილს.

საინტერესოა, თქვენ როგორ არეგულირებთ ურთიერთობას დედამთილთან ან რძალთან?