ფული თუ სიყვარული? - კვირის პალიტრა

ფული თუ სიყვარული?

შემოდგომის ცივი და ნესტით გაჟღენთილი ამინდებია თბილისში და ეს პერიოდი საუკეთესოა ფილმების საყურებლად. მეც გუშინ ღამით, ერთ ფილმს წავაწყდი ტელევიზორში, ჩვეულებრივი ჰოლოვუდური მელოდრამა იყო, თუმცა დასასრულმა ძალიან დამაფიქრა.

შეიძლება ნანახიც გაქვთ, "მექალთანე," რომელშიც მთავარ როლს ეშტონ კაჩერი ასრულებს. სიუჟეტის მოყოლით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მთვარ თემაზე გადავალ, ფინალზე, სადაც გოგონა სიყვარულს ფულში ცვლის, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვა ეშტონის გმირს, მომხიბვლელ ახალგაზრდა, შეყვარებულ, თუმცა უპერსპექტივო ბიჭს ტოვებს და ცოლად მდიდარ, წარმატებულ, საშუალო ასაკის კაცს მიჰყვება, თუმცა ეს კაცი არ უყვარს და გადაწყვტილებმა მომავალი ქმრის ფინანსურმა კეთილდღეობამ მიაღებინა..

ფული თუ სიყვარული?

ეს კითხვაა რომელიც დარწუნებული ვარ ძალიან ბევრს დაუსვამს საკუთარი თავისთვის და უკვე წლების შემდეგ მიმხვდარა სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ - არა, როცა არჩევანს კომფორტსა და სიყვარულს შორის აკეთებდა. თუმცა ალბათ ორივე გადაწყვეტილების გამართლება შეიძლება რადგან ვერ დავდანაშაულებთ ქალს, რომელიც სიყვარულით დაბრმავებული მიჰყვება საყვარელ კაცს და ჰგონია, რომ ეს გრძნობა ყველაფერს მოერევა, ფიქრობს, რომ ყოფით პრობლემებს კი არა, საყვარელ მამაკაცთან ერთად ძალიან დიდ სიძნელეებსაც კი გაუმკლავდება... ასევე ვერ გავამტყუნებთ ადამიანს, რომელიც სხვა კუთხით უფრო მეტს ფიქრობს და ურთიერთობის დასაწყისშივე ხვდება მისი პარტნიორი არის მონდომებული უკეთესი მომავლის შესაქმნელად, თუ - არა, და თუ დარწმუნებდა რომ მასთან კომფორტულად ცხოვრებას ვერ შეძლებს, მტკივნეულ, მაგრამ მისთვის სამართლიან ნაბიჯს დგამს და უხეშად რომ ვთქვათ, სიყვარულს კეთილდღეობაში ცვლის.

რა გადაწყვეტილებას მივიღებთ მსგავს სიტუაციაში ჩვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, ფასეულობებზე, რომლითაც ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, გამოცდილებაც დიდ როლს თამაშობს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას.

მეგობარს ველაპარაკებოდი ამ თემაზე და მითხრა: - ძალიან ცუდია, როცა მხოლოდ ფული უნდა ქალს, მაგრამ უფულობაც აქრობს გრძნობას; ყოველდღიური , ელემენტარული პრობლემებით დაღლილ წყვილს ერთმანეთის მიმართ უჩნდება აგრესია, არ ვამბობ, რომ სულ ასეა, მაგრამ ხშირდა ამის გამოც ინგრევა ოჯახები.. ფულს კი იმის შანსი მაინც აქვს, რომ გონდაკარგული გრძნობა თუ არა, ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნას ოჯახს, მითუმეტეს როცა საქმე შვილებს შეეხებათ.

ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს, თუმცა ალბათ საუკეთესო გამოსავალი ოქროს შუალედის პოვნაა.

ქალისთვის ძალიან რთულია, როცა უყურებ ქმარს, რომელიც არაფერს აკეთებს სახლში ჯდომის გარდა, ან მუშაობს, მაგრამე ოჯახს არ ეტყობა. შენი შრომა არ ფასდება და ამას კი იქამდე მივყავართ, რომ სიყვარულიც ქრება. თუმცა არც ისაა კარგი, როცა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზეა ქალი ორიენტირებული, დავიჯერო არ გინახავთ უბედური მდიდრები და ბედნიერი ღარიბები?

რა არის გამოსვალი ამ დროს? ჩემი აზრით, ის, რომ საჩუქრების და ფულის გამო არ უნდა დავიწყოთ კაცებთან ურთიერთობა და მითუმეტეს ოჯახი არ უნდა შევქმნათ მხოლოდ ამ მიზეზებზე დაყრდნობით. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს სამსახური, საკუთარი საქმე და შემოსავალი, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლები ვიყოთ. შეიძლება ეს ყველაფერი ერთად არ მოხდეს და გარკვეული დრო დაგვჭირდეს ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მაგრამ სულ უნდა ვეცაადოთ ამას, უნდა წავიდთ წინ ჩვენს პროფესიებში და კაცის შემხედვარე მის საფულეს არ უნდა ვხედავდეთ...

გადაწყვეტილების მიღებიდან წლების შემდეგ თუ ვინანებთ არჩეულ გზას, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს დაშვებულ შეცდომებზე სხვა არ აგებს პასუხს და უნდა გვქონდეს ძალა რომ ცხოვრება გავაგრძელოთ.

მაშინ, როცა ქალი დამოუკიდებელი და წარმატებულია, მამაკაცის შეძლებულობასთან ერთად სხვა ფაქტორებიც ხდება მისთვის პრიორიტეტი და უსიყვარულოდ ურთიერთობის დაწყებაზე არ ფიქრობს.

ფული თუ სიყვარული ? - ვფიქრობ, რომ ეს კითხვა მანამ დარჩება აქტუალური ქალების ცხოვრებაში, ვიდრე ადამიანები იარსებებნ ამ პლანეტაზე.