ვინ არის დამნაშავე - ცოლი, ქმარი თუ საყვარელი? - კვირის პალიტრა

ვინ არის დამნაშავე - ცოლი, ქმარი თუ საყვარელი?

ქალს, რომელიც ცოლიან კაცთან იწყებს ურთიერთობას, ხშირად ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ, რომ როგორი გულახდილი ბლოგიც არ უნდა მქონდეს, მაინც უხერხულია აქ დაწერა, ხოლო მამაკაცს თუ გათხოვილი ქალის მიმართ გაუჩნდა გრძნობა, ის ნაძირალის იარლიყს იკიდებს და ცხოვრების ბოლომდე თუ არა დიდხანს უწევს ასე ცხოვრება.

ზედაპირულად თუ შევხედავთ მსგავს სიტუაციებს, შეიძლება მართლაც გაგვიჩნდეს მათ მიმართ პროტესტი და გავამტყუნოთ ისინი. ჩვენ ხომ გვჩვევია სხვაზე ლაპარაკი მაშინ, როცა არაფერი ვიცით... შეიძლება დავაბრალოთ, რომ ბედნიერ ოჯახს ანადგურებენ, რომ წლობით ნაშენები სიყვარულის შუაში დგებიან, ცილი დავწამოთ იმაში, რომ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების გამო ივიწყებენ მორალს და წყვილს ბედნიერებას უნგრევენ...

ბევრი ამ "მესამეზე" ალბათ იტყვის, რომ ის სხვის ცხოვრებას ისაკუთრებს, არანაირი ადამიანური სოლიდარობა არ გააჩნია და თავხედურად იჭრება სხვის ტერიტორიაზე, გრძნობებს ურევს სხვის პარტნიორს და ყველაზე საშინელი საქციელისკენ უბიძგებს მას.

ძალიან ადვილია გააკრიტიკო და განიკითხო ადამიანი, რომლის ცხოვრების შესახებ არაფერი იცი, მაგრამ რატომ არ გვიჩნდება ხოლმე კითხვა მაინც ვინ ანგრევს ოჯახს? რატომ მიდიან ამხელა რისკზე მეუღლეები, რატომ იწყებენ პარარელურ ურთერთობებს, მეორე ცხოვრებას, რატომ უქმნიან საფრთხეს ოჯახს, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

მაინც მგონია, რომ ადამიანს თუ არ უნდა, ის არც ღალატობს!

თუ ქალს ან კაცს პირად ცხოვრებაში არ აქვს ისეთი პრობლემები, რის გამოც ამ ნაბიჯს გადადგამს, არც დააყენებს სასწორზე წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას.

ხშირად, როცა ოჯახის დანგრევის ან უბრალოდ ღალატის ისტორიას ვიგებთ, ავტომატურად ვიწყებთ ე.წ საყვარლების ლანძღვას, მართალია კარგი საქციელისგან ძალიან შორს დგას დაოჯახებულ კაცთან (ქალთან) ურთიერთობის დაწყება და შემდეგ იმაზე ფიქრი, რომ აეწყოს თქვენი კავშირი, თან ამ ყველაფერს სიყვარულსაც თუ დავუმატებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალით ამას არავინ აკეთებს. მაშინ როდესაც ვიგებთ რომ გვიღალატეს, მიზეზებს სხვებში ვეძებთ, ჩვენს პარტნიორებში, მათ საყვარლებში, ნათესავებში, ყველას და ყველაფერს ვადანაშაულებთ ჩვენს უბედურებაში, გარდა საკუთარი თავისა.

ამაზე ადვილი ხომ არაფერია, ცხელ გულზე ავდგეთ და ვლანძღოთ ის "უნამუსოები" ჩვენს მეუღლეებთან რომ გაბედეს სექსი კი არა, თუნდაც გამოლაპარაკება, სერიოზულ ურეთიერთობებზე ლაპარაკიც ზედმეტია... არც ისაა ძნელი სკანდალი მოვაწყოთ გაბრაზებულებმა კარებში გავვარდეთ და განქორწინებაზე დავიწყოთ ფიქრი, მაგრამ, იქნებ, ზოგჯერ მაინც ცოტა რთული გზა ავირჩიოთ პრობლემების გადასაწყვეტად, რთული იმიტომ რომ როცა საქმე ამ თემას ეხება, ყველაფერი უკვე ძალიან რთულადაა..

იმის მაგივრად, რომ საყვარლების ლანძღვა დავიწყოთ, დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ასე? რა შეცდომები დავუშვით მეუღლესთან ურთიერთობის დროს? ვიფიქროთ ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე, იმათ, ვინც თანახმანი არიან ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი როლი მოირგონ თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ... მითუმეტეს თუ საქმე მხოლოდ ვნებას არ ეხება და გრძნობამაც მოასწრო ფესვების გადგმა. იქნებ, ჩვენი უყურადღებობის ბრალია, რომ სახლში მოსვლა აღარ უნდა? არ აქვს მნიშვნელობა ამას ქალი კითხულობს თუ კაცი, ჩვენ ყველანი ვუშვებთ ხშირად შეცდომებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მივხვდეთ ამას და მათი გამოსწორების გზა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ, სანამ დროა და სანამ ბოლომდე არ დაგვიკარგავს საყვარელი ადამიანი. რას აკეთებენ სხვები, იმისთვის რომ წაგვართვან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ამას საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა თუ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ის შევინარჩუნოთ.

... და ვიდრე ზოგი ჩემს გაკრიტიკებასაც დაიწყებს, საყვარლებს რატომ იცავს, ალბათ თავის თავზე არ გამოუცდია ასეთი პრობლემებიო, გეტყვით, რომ ჩემი ოჯახის დანგრევვის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, თუმცა არასოდეს გამილანძღავს არცერთი ქალი, რომელიც ჩემს ყოფილ მეუღლესთან იწყებდა ურთიერთობას, რადგან ეს უპირველესად ჩვენი ბრალია და არა იმ ქალების... - ეს ჩვენ დავუშვით, რომ ასეთი რამ მომხდარიყო...