როცა გვარის მიცემა მამობას არ ნიშნავს... - კვირის პალიტრა

როცა გვარის მიცემა მამობას არ ნიშნავს...

ქალები, მარტოხელა დედების სტატუსს მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ შვილების დაბადების მოწმობაში მამის გვარი არ არის მითითებული. არადა, მხოლოდ გვარის მიცემა მამობას არ ნიშნავს.

რამდენი ქალი ზრდის შვილს დახმარების გარეშე. მამაკაცების ნაწილს, ვინც ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს, ჰგონია, რომ შვილის ყოლა ადვილი საქმეა და შემდეგ ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ცხოვრებას როგორც ცოლებს, ასევე შვილებსაც უნგრევენ.

გოგონები, რომლებიც სიყვარულით და იმ იმედით გათხოვდნენ, რომ მათი საყვარელი ადამიანები ოჯახს მიხედავდნენ, გვერდში დაუდგებოდნენ და შვილებზე იზრუნებდნენ, ბოლოს მკაცრი რეალობის წინაშე, შვილით ხელში პრაქტიკულად სრულიად მარტონი, ხშირად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩებიან.

რისი ბრალია მამაკაცების ასეთი უპასუხისმგებლობა?

ასაკის? - თუმცა მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებთ... ჩემი აზრით, ადამიანს 20 წლის ასაკში თუ არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ძნელად წარმოსადგენია ეს მომავალში ჩამოუყალიბდეს.

მშობლების? - ეს შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მიზეზად, ანუ რასაც ხედავენ სახლში, როგორი დამოკიდებულებაც აქვთ მათ მშობლებს, იგივეს იმეორებენ უკვე საკუთარ ოჯახშიც. ამ შემთხვევაში მამას ალბათ მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ბიჭის აღზრდისას, მან უნდა ასწავლოს პატარა ასაკიდანვე ოჯახის მნიშვნელობა, ქალის პატივისცემა, ცოლსა და შვილებზე ზრუნვის აუცილებლობა... მიაქციოს ყურადღება შვილს და ყველაფერი გააკეთოს, რათა მეუღლესთან პირადი ურთიერთობა და პრობლემები ბავშვებზე არ უნდა აისახოს, თუმცა ფაქტია, ბევრი მამა შვილებთან ამ თემებზე არ ლაპარაკობს და შედეგად, დანგრეულ ოჯახებს, უმამოდ გაზრდილ შვილებს და გაუბედურებულ ქალებს ვიღებთ.

პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება შვილის აღზრდაში ერთ - ერთი დიდი პრობლემაა, მაშინ როდესაც ხედავენ ბებია-ბაბუების დამოკიდებულებას შვილიშვილის მიმართ, იმას, თუ როგორ ცდილობენ პატარების განებივრებას - ასეირნებენ, ასწავლიან, აცმევენ, აჭმევენ... მამაკაცები ამ ყველაფერს ეჩვევიან და შემდეგ უკვე უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ეს პატარა არსება მათი შვილია და პირველ რიგში მშობლების ვალდებულებაა მასზე ზრუნვა.

ისინი არ ფიქრობენ მომავალზე. არადა, დრო რა მალე გადის. ვერც მოასწრებ მოხედვას და პატარა უკვე ბაღში მიდის, მერე სკოლაში... უცებ ბოლოს ზარის დროც დგება და ა.შ... აი, ამ უპასუხისმგებლო მამებს კი რომლებიც მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ 30 წლის ასაკშიც კი, ჰგონიათ, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ, რომ ჯერ ადრეა, არადა, ძალიან ცდებიან...

იმ შემთხვევაში თუ წყვილი ერთმანეთს შორდება, ხშირად ქალები თავს იკავებენ და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების სურვილით არ მიმართავენ სასამართლოს, არ აიძულებენ ყოფილ ქმრებს შვილისთვის ალიმენტის გადახდას, ჰგონიათ, რომ ეს მათი შეურაცხყოფა იქნება და იმედი აქვთ, მეგობრული, კარგი ურთიერთობის გაგრძელების, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ცდებიან. მამები თავიანთ გზაზე მიდიან, ისინი ისევ ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას და თან ზუსტად იციან, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდება...

აბა, ხომ არ აშიმშილებენ? - განათლებაზეც იზრუნებენ და თვითონ თავი რატომ შეიწუხონ?

ქალები კი, რომლებმაც, როგორც ვახსენე, იმ იმედით შექმნეს ოჯახი, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად დაეგეგმათ და გაეტარებინათ ცხოვრება, ამხელა პასუხისმგებლობით მარტონი რჩებიან და თვითონ უწევთ უამრავი პრობლემის გადაჭრა და შვილის გაზრდა, რაც ნამდვილად ადვილი არ არის.

გამოსავალი რაშია?

ალბათ ამის რეცეპტს ვერავინ გვეტყვის, ერთადერთი რაც შეგვიძილა არის ის, რომ ჩვენ მაინც გავზარდოთ ჩვენი შვილები სწორად. ჩამოვაყალიბოთ ისინი პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და სამართლიან ადამიანებად და ვასწავლოთ, რომ ცხოვრებაში, ამხელა პასუხისმგებლობის აღების წინ კარგად, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე ნამდვილად უნდათ ან შეძლებენ  გახდნენ ისეთი მშობლები, რომლებითაც მათი შვილები იამაყებენ...