რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?! - კვირის პალიტრა

რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?!

დედობა რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ამაში დარწმუნებული ვარ არავინ შემედავება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იყო მშობელი - ეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.

ვიდრე ქალი გადაწყვეტს შვილის გაჩენას, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შესძლებს მის გაზრდას. ის უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან გყავდეს პატარა, ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.

ამბობენ, რომ რაც უფრო დიდი ხარ ასაკით, მით უფრო კარგი დედა იქნები, რადგან მეტი გამოცდილება დაგეხმარება კარგ მშობლად ჩამოყალიბებაში, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. დედობრივი ინსტიქტი შეიძლება 18 წლის ასაკშიც ჰქონდეს ადამიანს და შესაძებელია ცხოვრების ბოლომდე ვერ მოემზადოს ამისთვის.

თუმცა მხოლოდ იმაზე ზრუნვა რას შეჭამს, ჩაიცმევს და სად ისწავლის ჩვენი შვილი, არ არის საკმარისი ბავშვის გაზრდისთვის. მისი აღზრდა და ჩამოყალიბება ადამიანად, რომელიც იქნება ლოიალური, მიზანდასახული და რაც მთვარია საკუთარ თავში დარწმუნებული, იმაზე რთულია ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

სრულებით არ აქვს მნიშვნელობა გოგო გყავთ თუ ბიჭი, მაგრამ დღეს აქცენტი ბიჭის აღზრდაზე მინდა გავაკეთოთ. ის ქართველი კაცები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელი ხასიათით გამოირჩევიან, რომლებმაც არ იციან ქალთან მოქცევა ან უბრალოდ არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ხშირად ქალების შიშიც კი აქვთ, ოდესღაც პატარები იყვნენ და იმაში, რომ დღეს ისინი ასეთებად ჩამოყალიბდნენ, მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს მიუძღვით დიდი წვლილი. დედებს გამოვყოფ იმიტომ რომ, საქართველოში, უმრავლესი წყვილების შემთხვევაში პატარას აღზრდაში მეტი პასუხისმგებლობა ქალს ენიჭება, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის.

რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო და ხშირად მშიშარა მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში? იმის ხომ არა, რომ მათ ბავშვობიდან "თავზე გადაყოლილი", "გიჟი დედები" ზრდიდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ?

მიზეზი ის ხომ არ არის, რომ შვილებს არ აჩვევდნენ დამოუკიდებლობას, რომ მათ სახლში მოსულებს ყველაფერი დალაგებულ-გამზადებული ხვდებოდათ. არასოდეს უწევდათ საკუთარი ნივთებისთვის მოევლოთ, არ სჭირდებოდათ შეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს და თუნდაც დედას, რადგან ისინი ან ყველაფერს ისე უკეთებდნენ, როგორც შვილს სურდა, ანაც მის აზრს არავინ ითვალისწინებდა.

რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი წლების შემდეგ?

იმ პატარა საყვარელ ბიჭს აყალიბებს უპასუხისმგებლო, გაზარმაცებულ მამაკაცად, რომელსაც უჩნდება კომპლექსი ცოლთან ურთიერთობაში, რადგან ქალისგან ან ზედმეტ მოთხოვნებს და საკუთარი აზრის არაფრად ჩაგდებას არის მიჩვეული ან პირიქით, მისთვის რთულია შეეგუოს რომ რაღაც ისე არ ხდება როგორც მას სურს. მოკლედ, ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც ერთნაირად უნგრევს და უმახინჯებს მოზარდს აზროვნებას, რაც შემდგომ ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის პირად და კარიერულ ცხოვრებაზე.

ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს საკუთარი შვილი და უნდა მას მისცეს მაქსიმალური ცხოვრებაში და ამისთვის არაფერს იშურებს, მაგრამ ხშირად ზედმეტი ზრუნვა ან ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება ვნებს მათ ხასიათს და მალე ისინი ისეთ კაცებად ყალიბდებიან, როგორებიც მშობლებს თვითონ არ მოსწონთ.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოანი ოქროს შუალედის პოვნაა. შვილებს უნდა გავუმახვილოთ ყურადღება მათ ღირსებებზე და ვეცადოთ გზა ვაპოვნინოთ ამა თუ იმ ნაკლის გამოსასწორებლად. უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, თუმცა არ უნდა ეგონოთ, რომ ისინი ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან. უნდა მივცეთ თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვასწავლოთ რა არის პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ უნდა შეეძლოთ რთული და ზოგჯერ ძალიან საპასუხიმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრებაში, როგორც მაღლა ვახსენე, დედობა მხოლოდ იმაზე ზრუნვა არ არის რითი გამოვკვებავთ ბავშვებს.

სამწუხაროდ, არც თუ  ხშირად მხვდებიან მამები, რომლებიც იღებენ შვილის აღზრდაში მონაწილეობას. ქართველი კაცების უმეტესობას ჰგონია, რომ "კაი კაცად" მაშინ გაზრდიან შვილებს, როდესაც სმას, გინებას, ფეხბურთის თამაშს და მანქანის ტარებას ასწავლიან. ეს კი დამეთანხმებით მცდარზე მცდარი შეხედულებაა.

მთავარი ისაა, ნაკლები შეცდომა დავუშვათ ბავშვების აღზრდის დროს და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათთვის სარკესავით ვართ და ისინი ძალიან ხშირად გვბაძავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ნაკლი, გამოვასწოროთ ის და შემდეგ მოვუწოდოთ შვილებს ამა თუ იმ საქციელისკენ.