სტრეოტიპებით სავსე ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია - კვირის პალიტრა

სტრეოტიპებით სავსე ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია

სტერეოტიპების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ახალი ამბავი არ არის. აქ 30 წელს ზემოთ გასათხოვარი ქალი შინაბერად მიიჩნევა, ოდნავ "ზედმეტი" კილოგრამები თუ აქვს, მსუქანია, თუ ვარჯშობს - მოდას აყოლილი, ბევრი ბავშვის ყოლა თუ არ უნდა, ცუდი დედა, 3-ზე მეტს თუ აჩენს და სად ეჩქარება, თუ მუშაობა არ უნდა - ზარმაცია, მუშაობს - ოჯახს ვერ უვლის. ქერაა - დებილია, თუ ლამაზიცაა ორმაგად დებილი და ასე შემდეგ... მამაკაცს ზრდილობის გამო თუ გაუღიმე, ანუ ფლირტი გაქვს მასთან; როდესაც რამეზე თანხმდები ფიქრობენ, რომ სხვა რამესაც გულისხმობ კიდევ... არა, როგორც უარყოფის აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობს, რადგან ჰგონიათ რომ ქალის "არა" - არა არ არის...

დაიბადო ქალად, თან იმ ქვეყანაში, სადაც შენს ყოველ ნაბიჯს განიკითხავენ და ეჭვის თვალით უყურებენ, ადვილი ნამდვილად არ არის. მით უფრო, იქ, სადაც კაცებს ყველაფერი რაღაცის ნიშანი ჰგონიათ. სადაც ქალებს, როგორც წესი, მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით აფასებენ.

კაცებს არ სიამოვნებთ, როდესაც "ყველაში" მოვიხსენიებთ, თუმცა თვითონაც ხშირად ამბობენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია. თანაც დიდწილად ეშინიათ ძლიერი ქალების, ქალების რომლებიც მუშაობენ, არიან უზრუნველყოფილები , საკუთარი შრომით აღწევენ წარმატებას, აქვთ მათზე მეტი შემოსავალი და არ საჭიროებენ დახმარებას.

ასეთი ქალის გვერდით ძალიან ბევრი კაცი თავს დაჩაგრულად და უსუსურად გრძნობს. რატომ ? - ისევ და ისევ კომპლექსების გამო. და ეს სტერეოტიპი, რომ კაცს მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ასევე კომპლექსებიდან გამომდინარეობს, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, მდიდარი კაცები, რომლებსაც ჰგონაით, რომ თავისი ქონებით "შეაბამენ" ნებისმიერ ქალს, არ უარვყოფ, რომ ქალების გარკვეული ნაწილი ფულის გამო ბევრ რამეზე მიდის, ასე კაცებიც იქცევიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცის მილიონებზე ყველა ქალი გონდაკარგული აკეთებს ყველაფერს, რასაც ეტყვიან.

არადა, ყველა ნორმალური ქალისთვის ყველა კაცი, რომელიც თავისი ძალაუფლებით, გავლენითა და ფულით მანიპულირებს, ან ჰგონია რომ ამ ყვეელაფრის გამო გზა ნებისმიერი ქალისკენ ხსნილი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს და უპატივცემულობას უნდა იწვევდეს.

მოკლედ რა გამოდის? კარგს აკეთებ სტერეოტიპების ქარცეცხლში ეხვევი, ისე თუ ცხოვრობ როგორც შენ თვლი სწორად, მაინც გაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ქალი ისე უნდა იქცეოდეს და არა ასე და ა.შ.

თუ ბუნებამ სილამაზით დაგაჯილდოვა მთელი ცხოვრება იმის მტკიცება გიწევს, რომ ლამაზი ქალებიც კითხულობენ, სწავლობენ და მდიდარ კაცებს არ ეძებენ.

თუ საქართველოში მღებული სილამაზის სტანდარტებში არ ჯდები, ხშირად შენს მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც ისმენ, განსაკუთრებით თუ ცნობადი სახე ხარ.

და ასე გრძელდება წლიდან წლამდე და ქალებს უწევთ შეებრძოლონ ყველა ამ სტერეოტიპს.

თუ არ გაითვალისწინებენ, მოისმინონ მაინც მეზობლის, დედის მეგობრის, თანამშრომლის მოკლედ, ყველას აზრი, ვისაც არ ეზარება სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკი.

ჰოდა, რისი თქმა მინდოდა, იცით?

ვიდრე ქერას დებილად შერაცხავთ, ლამაზს უტვინოდ, თქვენთვის მიუღებელ გარეგნობას მახინჯად, რეალიზებულ ქალს უხეშსა და მკაცრს დაუძახებთ, ვიდრე მისი სიძლიერე თქვენი სუსტი წერტილი იქნება, ვიდრე გეგონებათ, რომ მხოლოდ თქვენი სქესი გაძლევთ უფლებას ისე იყოს ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ და იმაზე მეტის უფლებას მისცემთ თქვენს თავს, ვიდრე მორალი ან კანონი გაძლევთ საშუალებას, თუნდაც ფულის, სქესის, სიძლიერის ან სხვა მიზეზის გამო, მანამდე არ გვეღირსება ჯანსაღი ურთიერთობები და ვიცხოვრებთ ამ სტრეოტიპებით სავსე ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია.