როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?! - კვირის პალიტრა

როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

მაინტერესებს როდემდე უნდა იაზროვნოს ქართველი კაცების გარკვეულმა ნაწილმა ასე დეგრადირებულად? სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ისეთი ინტერვიუ შემხვდა სოციალურ ქსელში, გამცინებოდა, თუ მეტირა, არ ვიცოდი.

"რამდენსაც მინდა იმდენ შვილს გავაკეთებ"; "სახლში რომ მოვალ, ქალი შინ უნდა დამხვდეს";  "ქალმა განათლების მიღება ბავშვების აღზრდაში უნდა გამოიყენოს, რა საჭიროა მუშაობა" და მსგავსი "სიბრძნეები" დაუსრულებლად...

ისე, როგორც ეს 25-30 წლის ახალგაზრდა კაცი აზროვნებს, ჩემი მეზობელი გელაც კი აღარ აზროვნებს, რომელიც დიდი ხანია 60 წელს გადაცდა.

გასაგებია, რომ ყველას თავისი აზრი და ცხოვრება აქვს, არც არავინ ერევა არავის პირადში თუ თვითონ არ გაგვანდობენ ხოლმე საკუთარ შეხედულებებს, უბრალოდ, ძალიან ცუდი ის არის, რომ ასეთ აზროვნებას უნერგავენ საკუთარ შვილებსაც და რა გამოდის? - აღარაა საშველი და საღად მოაზროვნე ახალი თაობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?!

მართალია, შეიძლება მოხდეს სასწაული და ბავშვმა თვითგანვითარებას მიჰყოს ხელი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივეზე, - მკითხავთ ალბათ?

იქამდე, ვიდრე, აი, ასე ვიაზროვნებთ.

მაინც, რატომ ჰგონია ბევრს რომ ქალს არ შეუძლია მუშობა, ბავშვების აღზრდა, სახლის მიხედვა და თავის მოვლა ერთდროულად? ან რატომ უნდა იყოს მხოლოდ დედა ჩართული შვილებს გაზრდაში და მამა 24 საათი გავარდნილი იყოს "სამუშაოდ" ?

თუ იმის ახსნა გვიწევს კიდევ ერთხელ რამდენს ნიშნავს და როგორ ჭირდება ქალს (ისევე როგროც კაცს) თავისი საქმე, სამსახური, სახლიდან გასვლა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება.

ან რა მოხდა თუ კაცი დაეხმარება ცოლს თუნდაც სადილის მომზადებაში? თუ ის კაცები რომლებიც ასე აკეთებენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან ან თუნდაც ქართულ ტრადიციებზე ნაკლებად აღზრდილები?

როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე და როდემდე გადავწიოთ ქალი მეორე ფლანგზე. მერე იტყვიან აგრესიული რატომ ხარო? აგრესიული არა, მაგრამ გაოგნებული ნამდვილად ვარ ბოლოს წაკითხული ინტერვიუს გამო.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ჩვენი ბრალი ხომ არ არის? ხო, ჩვენი, ქალების ბრალი, ამდენს რომ ვაბედინებთ კაცებს? (არ ჩამქოლოთ ახლა, ყველა კაცი ერთნაირია-მეთქი არ ვამბობ, გარკვეულ სეგმენტს ვგულისხმობ).

იქნებ, უფრო მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი სურვილები, უფლებები და მოთხოვნილებები, რომ მერე "რამდენიც უნდათ იმდენი არ გვაჩენინონ" - აი ეს წინადადება საერთოდ ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში.

სამწუხაროდ, ხშირად წყლის ნაყვას ემსგავსება ეს ყველაფერი, კაცი რომელიც ასე აზროვნებს მითუმეტეს ზრდასრულ ასაკში, ეჭვი მეპარება ოდესმე მიხვდეს, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა ქალის მიმართ. ქალი რომელიც ამას ეგუება და არ აქვს პროტესტის გრძნობა, როგორ ვთქვა ღირსია ასეთი მეორე ნახევრის-მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მერე მაინც ნუ წუწუნებენ ეს ვის გავყევითო...

მე მაინც იმ კაცების იმედი მაქვს, რომლებიც მცირედ მაინც აზროვნებენ იმ ჩემი მეზობელივით, რომლის ცოლიც მუშაობდა იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას ასაკი აძლევდა, ბორშის გაკეთებაშიც ეხმარებოდა მეუღლეს და სახლში თუ მისვლას მიასწრებდა კი არ ჩხუბობდა, ვახშამს უმზადებდა და ეს მის კაცობას და თავმოყვარეობას ნამვილად არ ლახავდა, პირიქით მოსიყვარულე, თბილი, შეგნებული ადამიანის და კარგი ქმრის სახელი ამდენი წლის მერეც შერჩა და ძალიან დამსახურებულადაც.