სად იყავი აქამდე, სად? - ანუ რატომ აგვიანდებათ მამაკაცებს? - კვირის პალიტრა

სად იყავი აქამდე, სად? - ანუ რატომ აგვიანდებათ მამაკაცებს?

ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი თბილისის მზეს მონატრებულები ერთ-ერთი ღია კაფეში ვისხედით და ყავის საშუალებით გამოფხიზლებას ვცდილობდით.

მოულოდნელად მეგობრის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა, მანაც აუღელვებლად გახსნა და გაკვირვებულმა წაიკითხა შეტყობინება, რომლის ავტორი წარსულში დატოვებული, გაცურებული და შეუმდგარი სიყვარული აღმოჩნდა.

აი ასე, ვითომც არაფერი, თითქოს მათი ურთიერთობა ამდენი ხნის განმავლობაში ისევ ლაღად და სასიამოვნოდ გრძელდებოდა, ადგა და მიწერა. იტყვით რა მოხდა ასეთი უბრალოდ შეტყობინება იყოო, მაგრამ ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, რას ნიშნავს მიიღო მესიჯი წარსულიდან, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, ადამიანები ხომ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც საბოლოოდ რწმუნდებიან დანაკარგში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი ჩნდება... მერე უცბად ვხვდებით ისევ საინტერესო, სასურველები. უცბად ვენატრებით და აღმოაჩენენ, რომ თურმე რა სულელები იყვნენ, როდესაც უარი თქვეს ურთიერთობაზე.

არადა, რეალურად ბევრი რამე ხომ არ იცვლება? თითქმის არც არაფერი. ჩვენ ისევ ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით. იგივე ნაკლი და ღირსებები გვაქვს, ისევ ისე ვაზროვნებთ, ვფიქრობთ სხვადასხვა საკითხებზე და ცხოვრებაში პრიორიტეტებიც არ შეგვიცვლია. ერთადერთი რასაც მივხვდით ისაა, რომ არ ღირს არც ერთი ადამიანი ჩვენს ნერვიულობად, ცრემლად და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევად, მითუმეტეს ისეთი ადამიანი, რომელსაც უნარი არ ქვს დააფასოს ნამდვილი და ლამაზი, გულწრფელი და ძლიერი გრძნობა.

"რა უნდა ვუპასუხო?" - მკითხა მეგობარმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა მესიჯის ავტორს და იცოდა ეს მოკითხვა უბრალო საუბრით არ დასრულდებოდა მას რომ უფლება მიეცა, მაგრამ თვითონვე გასცა თავის კითხვას პასუხი და მიხვდა რომ აზრი არ ქონდა. აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი...

რომ ამბობენ სიყვარული ერთხელ მოდისო, არ მჯერა. ზოგჯერ ხდება, რომ ერთი გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს და ვერ ახერხებს მის დავიწყებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ.

ყველას ყველაფერის გადატანა შეუძლია, ყველა ეგუება მდგომარეობას და თუნდაც ყველაზე მტკივნეული განშორების შემდეგ ისევ იღიმის, ცხოვრობს და ხშირად ისევ უყვარდება.

უბრალოდ კითხვა რომელიც მსგავს სიტუაციებში მაწუხებს კიდევ პასუხგაუცემელი მრჩება. რატომ ახსენდებათ კაცებს ყოფილი ურთიერთობა მაშინ, როდესაც ის უკვე წარსულს არის ჩაბარებული და მათი ადგილიც სხვამ დაიკავა?!

ახლაც თვალწინ მიდგას ევგენი ონეგენის ბოლო სცენა, როდესაც მთავარი გმირი ტატიანას სიყვარულს და პატიებას სთხოვს, მაშინ როდესაც ქალის ცხოვრებაში უკვე სხვა მამაკაცი არსებობს. ონეგენი მართლაც რომ გულწრფელი და უბედურია ჩადენილი შეცდომის გამო, იმის გამო, რომ ვერ დააფასა თავის დროზე ახალგაზრდა ქალის სიყვარული, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო და როგორც ვთქვი, აღარაფერს ჰქონდა აზრი. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ რომანებში, ცხოვრებაშიც მრავლადაა და ეს ძალიან საწყენია.

დრო რომ გადის და ახალი ურთიერთობით თავს უკეთ გრძნობ, როდესაც ხვდები, რომ ახალმა გრძნობამ და მამაკაცმა მეტად შეძლო შენი დაფასება, როდესაც ბევრი წვალების შემდეგ დაივიწყებ მას და აღარ მოგინდება წარსულში დაბრუნება... მაშინ როდესაც იჯდები თბილისის ერთ-ერთ კაფეში ლატეს ჭიქით ხელში და აღარც გაგახსენდება, რომ ეს მისი საყვარელი ყავა იყო და ერთ დროს ერთად სვამდით სახლისკენ მიმავალ გზაზე - აი, ამ დროს როდესაც მოვა მისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც შეხვედრას და ურთიერთობის აღდგენა-გაგრძელებას გულისხმობს - უბრალოდ სინანულის გრძნობა დაგეუფლება და ეს ბუნებრივიცაა.

ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო?

ხომ შეიძლებოდა არ დაეგვიანა?

და ამ დროს ყოფილზე გაბრაზებული ახალ სიყვარულს ჩახედავ თვალებში, მიუხედავად წამიერი სინანულისა გააცნობიერებ, რომ რამდენჯერმე დანგრეული ურთიერთობის გამთლიანება უბრალოდ შეუძლებელია და ისევ გაჩნდება კითხვა, რომელიც ალბათ კიდევ დიდ ხანს გაგაწვალებს - სად იყავი აქამდე, სად?