როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ანუ რა სურთ ქალებს? - კვირის პალიტრა

როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ანუ რა სურთ ქალებს?

როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი. გვერდში უდგას საყვარელ კაცს, ცდილობს გაახალისოს, მისცეს მოტივაცია რომ გახდეს უკეთესი, შეაქოს, როდესაც ხედავს როგორი ძალისხმევის ხარჯზე აღწევს ამა თუ იმ მიზანს, ეუბნება, რომ ის ყველაზე კარგია, ყველაზე თბილია, სიმპათიურია და ა.შ.

მესმის, რომ კაცებს ქალებისგან განსხვავებით ნაკლები ლაპარაკი უყვართ, მაგრამ არის ასეთი ძალიან სასარგებლო გამოთქმა: "if you can't say something nice, say nothing at all" (თუ არ შეგიძლია თქვა კარგი რამ, სჯობია სულ არ თქვა).

აი, ასე მარტივად და ეს რომ კაცებს ესმოდეთ, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი არ იჯდებოდა რამდენიმე დღის წინ ცუდ ხასიათზე, ჩაის ჭიქით ხელში და არ მკითხავდა - რა უნდა უპასუხოს ქმარს, რომელიც მისით მუდამ უკმაყოფილოა? კარგი, შეიძლება ცოტას ვაჭარბებ და ყოველ დღე არ ეუბნება წონაში გაქვს დასაკლებიო (და თან მაშინ, როდესაც არ აქვს დასაკლები) მაგრამ ზოგადად, გარეგნულ ნაკლებზე ყურადღების გამახვილება საყვარელი ადამიანის მხრიდან ლამაზი საქციელი რომ არ არის, ალბათ დამეთანხმებით.

იდეალური ძალიან ცოტა ადამიანი თუ არის დედამიწაზე... სილამაზის აღქმა ხომ ძალიან ინდივიდუალური და არაობიექტურია - ზოგს ქერა მოსწონს, ზოგს - წითური, ზოგისთვის სიმაღლეს აქვს მნიშვნელობა, ზოგისთვის - წონას.. მოკლედ , ასე თუ ისე, ყოველ ჩვენგანს გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი როგორი კაცები(ქალები) მოგვწონს და როგორი - არა.

არ მოგწონს ე.წ "ფორმიანი" ქალები და გინდა რომ შენი ცოლი ძალიან გამხდარი იყოს? ან პირიქით, თვლი რომ ქალს ფორმები სჭირდება? მაშინ ძალიან მარტივად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება და მოიყვანო ისეთი, როგორიც გინდა.

"ადრე რა სხვანაირი ვიყავი? ახლა შევიცვალე"? - მკითხა მეგობარმა, რომელსაც მიუხედავად მეორე ბავშვის გაჩენისა, განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. წონაც მალე დაიკლო და ე.წ სტრიებიც არ ახსნებენ ორსულობის პერიოდს (ბედნიერია, ნამდვილად) მაგრამ მისი ქამრი სულ რომ წუწუნებს, რა ვუყოთ?

იმედი მაქვს, ჩემი მეგობარი მოაგვარებს პრობლემას მეუღლესთან, მე კი უბრალოდ მამაკაცებს მინდა მოგმართოთ, რომ ასე არ შეიძლება. რა თქმა უნდა ყველას არ გეხებათ, მხოლოდ მათ, ვისაც ელემენტარული ტაქტი არ გაქვთ და ვერ ხვდებით, რომ ქალის მოტივირება იმისთვის, რომ გახდეს უკეთესი ე.წ "ხუმრობით", რომელსაც თქვენ ასე ეძახით, არ გამოდის.

დამიჯერეთ, ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენთვის იდეალურები ვიყოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. დიახ, ხშირად გოგონა, რომელიც ცოლად მოგყავთ, შვილების გაჩენის შემდეგ იცვლება, აღარ აქვს ისეთი მოქნილი ტანი, ორსულობა კვალს ტოვებს მის სხეულზე და საერთოდ, დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან. თქვენც არ იქნებით 20 წლის შემდეგ ისეთები, როგორებიც ახლა ხართ. თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენი მეორე ნახევრები წამოზრდილი მუცლის მოცილებას და წონაში დაკლებას იმ სიტყვებით კი არ შეეცდებიან, რომლითაც გულს გატკენენ, არამედ გვერდში დაგიდგებიან და მოტივაციას აგიმაღლებენ.

და თუ გინდათ თქვენი შეყვარებულები, ცოლები და უბრალოდ საყვარელი ადამიანები ბედნიერები და გაღიმებულები ნახოთ, ყოველ დღე უთხართი მათ მეტი კომპლიმენტი, შეაქეთ დააფასეთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მსოფლიოში ყველაზე სასურველი და ლამაზები არიან! ეს მათ თვალში იმ კაცებად გაქცევთ, რომლის მსგავსი არსად მოიძებნება.

წარმატებები!