როგორ მივუდგეთ ბავშვებს, ანუ ვესაუბროთ თუ არა მათ სექსზე, ორსულობასა და მსგავს თემებზე? - კვირის პალიტრა

როგორ მივუდგეთ ბავშვებს, ანუ ვესაუბროთ თუ არა მათ სექსზე, ორსულობასა და მსგავს თემებზე?

პრობლემაზე, რომელზეც ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ, ხშირად განვიხილავ ჩემს შვილიან მეგობრებთან. დრო ძალიან სწრაფად გადის, მოხედვასაც ვერ ვასწრებთ და ჩვენი ბავშვები უკვე ბაღში შედიან, როცა გვგონია რომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, სკოლის ზარიც ჩამოკრავს ხოლმე და ასე იწყებენ ცოტა ხნის წინ საფენებში გახვეული პატარები ახალ ცხოვრებას და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხდებიან.

მათ უფრო და უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ. ჩვენს საუკუნეში კი ინფორმაციის ვერ მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. მე პირადად ყველაფერი დაბლოკილი მაქვს კომპიუტერში და ბავშვს მხოლოდ საბავშვო არხებსა და საიტებზე აქვს წვდომა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული და ადრე თუ გვიან დადგება დღე, როდესაც ნებისმიერ მათგანს გარკვეული კითხვები შეაწუხებს.

უკვე აღარავის უკვირს, როდესაც ბაღის ასაკის ბავშვი ორსულობაზე, ბაშვის ჩასახვაზე თუ სხვა ასეთ თემებზე ლაპარაკობს, რაც ისევ და ისევ  უაზროდ დიდი ოდენობის ინფორმაციის დამსახურებაა.

თქვენი აზრით, უნდა დაელაპარაკოს თუ არა მშობელი მსგავს თემებზე შვილს?

მახსოვს, წლების წინ მეგობრებთან ერთად ვისვენებდი და საუბრისას რამდენიმე მათგანმა კატეგორიული უარი განაცხადა შვილებთან სექსზე ესაუბრათ. როდესაც ვკითხე, რას ფიქრობდნენ როგორ უნდა მიეღოთ ბავშვებს ინფორმაცია ამ თემასთან დაკაშირებით, მიპასუხეს - გაიზრდებიან და ისწავლიანო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მცდარი შეხედულებაა.

"გაიზრდება მიხვდება"-ს პრინციპით შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ბავშვს მცდარი, დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ. მასთან თუ გახსნილი ურთიერთობა არ გვექნება, დიდი შანსია მოერიდოს ჩვენთან ამაზე ლაპარაკი და დიდი ხნის განმავლობაში ეგონოს ის, რაც რეალობასთან კავშირში არ არის, რაც ხშირად იწვევს გარკვეულ კომპლექსებსა და არასრულწლოვანების ფსიქიკაზეც ცუდად აისახება.

მართალია, ხშირად ძალიან რთულია ასეთ სერიოზულ კითხვებზე ადეკვატური პასუხი გავცეთ 5-6 წლის ბავშვებს და დავუკმაყოფილოთ ინტერესი ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ.

რა არის გამოსავალი? მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს? წავიკითხოთ წიგნები, რომლებშიც მრავლადაა მოყვანილი მაგალითები და პრობლემების გადაჭრის გზებიც, თუმცა ვფიქრობ, რომ რამდენ სპეციალისტსაც არ უნდა დაველაპარაკოთ და სტატიები ვიკითხოთ, მთავარი მაინც შვილებთან ღია, გახსნილი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა.

მაშინ, როდესაც ბავშვებს ორივე მშობელთან ჯანსაღი კომუნიკაცია აქვთ, პრობლემის გადაჭრა უფრო იოლდება. გასაგებია, რომ ბიჭს შეიძლება მოერიდოს დედასთან მსგავს თემაზე საუბარი და იგივე შეიძლება მოხდეს გოგონას შემთხვევაშიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ორივე - დედაც და მამაც აქტიურად იყვნენ ჩართული შვილების აღზრდა-განვითარებაში.

დღევანდელი რეალობა კი ის არის, რომ ოჯახების უმრავლესობაში ეს ვალდებულება მხოლოდ დედას აკისრია და ხშირად რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაც მას უწევს და თუ ქალი მარტოხელა დედაა, პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს.

დრო მართლაც რომ ძალიან სწრაფად გადის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავუწყოთ ფეხი და არ გამოგვრჩეს არც ერთი ნიუანსი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი გავიმეროებ რომ შვილებთან ჯანსაღი, თავისუფალი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაა, რაც მომავალში ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

საინტერესოა თქვენ როგორ იქცევით? ესაუბრებით ბავშვებს მსგავს თემებზე?