უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი? - კვირის პალიტრა

უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი?

"ბავშვს ისევ არ იტოვებს", - წაიწუწუნა ჩემმა ერთმა მეზობელმა, რამოდენიმე დღის წინ, როდესაც დედმთილისგან მორიგი უარი მიიღო შვილიშვილისთვის ღამის საათებში მიეხედა. "მეც დავღალე, სამსახურიდან მოვედი და სხვა დროს წადით გასართობად, არაფერი გიჭირთო", - ასე გამოისტუმრა რძალი და ბებიის "მოვალეობის" შესრულებაზე უარი განაცხადა.

თუმცა არის კი ეს ბებიის მოვალეობა და ვალდებულები არიან კი ისინი, ყოველ პარასკევ საღამოს დაიტოვონ ბავშვები იმისათვის, რომ დედ-მამა გასართობად წავიდეს?

რძალ-დედამთილს შორის  არსებული კონფლიქტის მიზეზი ხშირად ეს თემაცაა, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ერთი მხარე ფიქრობს, რომ ის ბებიაა და რა მოხდა თუ ბავშვს მიხედა, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ სრულებითაც არ არის ვალდებული შვილიშვილს მოუაროს თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ორივე მხარის გამართლება შეიძლება სხვადასხვა არგუმენტებით, თუმცა პრობლემის გადაჭრა ადვილი სულაც არაა. არიან ქალები, რომლების მოწოდებაც პატარებზე ზრუნვაა და მათ მოვლაში ისინი დიდ სიამოვნებას ღებულობენ, არ აღიქვამენ ამას ვალდებულებად და პირიქით ბედნიერები არიან, როდესაც შვილიშვილები მათთან არიან და თუნდაც ღამეს ატარებენ ერთად, უკითხავენ ზღაპრებს, თამაშობენ ეზოში, უყურებენ ტელევიზორს, აცხობენ გემრიელობებს და ალბათ, ამით ახალგაზრდობაში განცდილ გრძნობას, რომელიც შვილის გაზრდასთანაა დაკავშირებული, იბრუნებენ. ახალგაზრდობაში ხომ უმრავლესობას არ აქვს იმის დრო, რომ შვილთან დიდ ხანს იყოს, დროის დიდი ნაწილი სამსახურს მიაქვს, ამიტომ ბებიობის დროს მაქსიმალურად ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული დრო და პატარასთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღონ.

თუმცა, არსებობს მეორე კატეგორია. ქალები რომლებიც ადრეულ ასაკში გახდნენ ბებიები, ისინი კიდევ მუშაობენ და აქვთ საკუთარი აქტიური პირადი ცხოვრება, რომელიც მეგობრებთან ერთად შეხვედრებით, მოგზაურობით, კითხვით და სხვადასხვა აქტივობებით შემოიფარგლება.

მათაც ძალიან უყვართ შვილიშვილები და მათათან დროის გატარება, მაგრამ არ შეუძლიათ ყოველ კვირას ბავშვებთან ერთად იყვნენ და მხოლოდ მათზე იზრუნონ.

ცუდი, არც ერთია და არც მეორე, ეს უბრალოდ ორი რადიკალურად განსხვავებული ქალის ტიპაჟი და მათი ცხოვრების სტილია.

და რა უნდა ქანას ამ დროს რძალმა? დედას დაურეკოს? იქნებ, ამას ვერც დედამისი ახერხებს სხვადასახვა მიზეზის გამო...

მოკლედ, ასე ნელ-ნელა სიტუაცია უფრო იძაბება. რძალ-დედამთილის კონფლიქტი კი ქმარზეც გადადის და შემდეგ ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, რაც რა თქმა უნდა, რომ ურთიერთობას აფუჭებს ოჯახის წევრებს შორის და დამოკიდებულებაც იცვლება.

და სად არის გამოსავალი? ავიყვანოთ ძიძა? ვანდოთ მას ბავშვი თუ დედები მას შემდეგ გავხდეთ, რაც "კაფე-კაფე სიარულს" მოვრჩებით?

თქვენ როგორ იქცევით, როდესაც საღამოს სახლიდან გასვლა გინდათ და ბავში დასატოვებელი გყავთ?