"არ არსებობს უშნო ქალი... არსებობენ მხოლოდ ზარმაცი ქალები" - კვირის პალიტრა

"არ არსებობს უშნო ქალი... არსებობენ მხოლოდ ზარმაცი ქალები"

ქალს დიდი მკერდი, მაღალი ფეხები, თხელი ხელები, გრძელი თმა და ლამაზი სახე უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებში ჩაჯდეს და "გათხოვება მოახერხოს". ზედმეტი კილოგრამები თუ აქვს, მსუქანია, თუ თხელი აღნაგობა აქვს, დისტროფიკი, მაღალია - ქუსლს ვერ ჩაიცვამს, დაბალია - ულამაზოა. მოკლედ, ქალების მიმართ ისეთი მკაცრი წესები და მოთხოვნებია როდესაც სილამაზეზე ვლაპარაკობთ, რომ კაცებს არც კი დაესიზმრებათ.

არადა, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ მთავარია ჩვენ, საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, სარკეში ჩახედვისას გვესიამოვნოს ანარეკლის დანახვა და 50 კილოს ვიწონით თუ სპორტსმენივით დაკუნთული სხეული გვაქვს, ეგ ჩვენი საქმეა მხოლოდ და სხვისი არავისი...

"ქალი ხარ და ქუსლებზე უნდა ჩაიცვა"! - თქვა ერთხელ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (ბიჭმა), როდესაც ჩაცმის საყვარელ სტილს განვიხილავდით.

ვინმემ გამაგებინეთ, რატომ? ვინ მოიგონა, ვინ მოიფიქრა, ვინ დაამტკიცა, რომ რადგან ქალები ვართ, მთელი დღე სამსახურში და სამუშაო დღის შემდეგ 10-სანტიმეტრიან ქუსლებზე უნდა დავიტანჯოთ?

კი ბატონო, შეიძლება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყველასთვის ტანჯვასთან არ ასოცირდება, მაგრამ დამიჯერეთ, 12 საათის განმავლობაში მათი ტარება, როგორც მინიმუმ, კომფორტული მაინც არაა.

ვის შემოაქვს ეს სტანდარტები? მოდას მივყვებით და გარეგნობას იმის მიხედვით ვიცვლით როგორი ქალებიც მოსწონთ კაცებს?! იქნებ აჯობებს, პირველ რიგში ჩვენს სურვილებზე, კომფორტზე და ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ. დიახ, ჯანმრთელობაზე რადგან არა ერთი გოგონა გარდაიცვალა ზედმეტი დიეტის გამო მსოფლიოში სწორედ იმიტომ, რომ მოდის სტანდარტებს დაწეოდა.

ჩემს გვერდით, ბევრი ქალია, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყოველ მათგანს აქვს ის, რისი გამოჩენაც უყვარს და რის დამალვასაც გემოვნებიანად ახერხებს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ისინი არ ყვებიან გავრცელებულ სტერეოტიპებს და არ ითრგუნავენ თავს იმის გამო, რომ არ აქვთ ის, რასაც სხვები სილამაზედ აღიქვამენ. და საერთოდ სილამაზის აღქმა ხომ ძალიან ინდივიდუალურია...

ერთს პუტკუნა მოსწონს, მეორეს - გამხდარი, სხვას - ქერა ან წითური. ეს გემოვნების ამბავია და რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება არჩევანი გააკეთოს და ჰყავდეს გვერდით ისეთი ქალი, როგორიც მისი გემოვნების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა ეს სრულებით არ აძლევს არავის უფლებას აგდებულად ილაპარაკოს მათთვის მიუღებელი გარეგნობის მქონე ქალებზე და მიუთითონ თუ როგორ უნდა მოექცნენ საკუთარ სხეულს.

გოგონები ხშირად არიან დაჩაგვრის მსხვერპლნი ზედმეტი წონის ან სიგამხდრის გამო სკოლებში, რაც ზრდასრულ ასაკში მათ კომპლექსებს უყალიბებს და მაშინ, როდესაც ისინი ქალებად იქცევიან, თავდაჯერებულობა და სიმამაცე აკლიათ. ეს ყვეალფერი კი სწორედაც რომ იმ მკაცრი და ხშირად უსამართლო დამოკიდებულების ბრალია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს.

რა არის სილამაზე? და როდის ვართ ლამაზები? - ლამაზები მაშინ ვართ, როდესაც საკუთარი თავი მოგვწონს და თუ მის შეყვარებას და მოწონებას შევძლებთ, ისეთივეს წარმოვაჩენთ საზოგადოებაში.

ლეგენდარულმა კოკო შანელმა ერთხელ თქვა, "არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს მხოლოდ ზარმაცი",  ამიტომ მოდით, არ ვიზარმაცოთ, ვიზრუნოთ საკუთარ ჯანრმთელობაზე, ჩავიცვათ ის, რაც მოგვწონს, შევიღებოთ თმა ისე, რა ფერიც გვინდა, ჩავიცვათ იმ სიგრძის კაბა, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და არასოდეს მივცეთ სტერეოტიპებს ჩვენი დათრგუნვის უფლება.

წარმატებას გისურვებთ!