"თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი" - კვირის პალიტრა

"თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი"

"ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან. აგერ ორიოდე ფეხის ნაბიჯზე ჩადრია და ჰარემი. თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული..." - ეს ჩემი სიტყვები არაა, მიუხედავად იმისა რომ ყოველ სიტყვას ვეთანხმები და ალბათ კონსტანტინე გამსახურდიას რომ არ დაეწერა, ამას აუცილებლად თვითონ დავწერდი.

რა გინდათ?

აი, ურთიერთობას რომ იწყებს ქალი კაცთან, ხომ უნდა იფიქროს, განსაზღვროს, დაფიქრდეს რას მოელოდოს ამ ურთიერთობისგან.

თუ თავისუფალი იქნება, უკომპლექსო, თანამედროვე ტრადიციებზე აღზრდილი, თუ მისთვის სექსი ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება და არ ჩათვლის, რომ საყვარელმა კაცმა "სექს-მუშაკებთან" უნდა იაროს იმის გამო, რომ საყვარელ ქალთან ვერ ახერხებს სურვილების დაკმაყოფილებას, თუ ჩათვლის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ორ ზრდასრულ ადამიანს შორის სექსის გარეშე წარმოუდგენელია და მისი სიმპატიის ობიექტიც ერთი შეხედვით განვითარებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და მერე უცბად აღმოჩნდება რომ უი, უკაცრავად თურმე მას "უბიწო" ქალი ნდომებია გვერდით რა გამოდის? - შეუმდგარი ურთიერთობა.

ოღონდ ეს ამბვი აქ არ მთავრდება, მოიყვანს კაცი ქალიშვილ გოგონას ცოლად, არ დააკმაყოფილებს მასთან სექსი, წავა მოძებნის სხვას, გაიჩენს საყვარელს და ასე აშენდება ნამდვილი ქართული ტრადიციული ოჯახი.

გეკითხებით, განა ეს ნორმალურია?

არსებობს მეორე მხარეც. ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ქორწინებამდე "სიწმინდე" უნდა დაიცვან (ეს რომ სიწმინდეა ეგ ცალკე თემაა) და ამიტომაც, ნიშნობამდე მინიმუმ, სექსით არ კავდებიან. და წარმოიდგინეთ, რომ მათ ხვდება კაცი, რომლისთვისაც სექსი მნიშვნელოვანია, თუმცა მამაკაცების უმრავლესობის აზროვნებით დაკომპლექსებული ქალი მტკიცედ იცავს თავის პოზიციას და უარს აცხადებს ყველაფერზე. მაქსიმუმ კოცნაა დაშვებული. ისიც მხოლოდ ტუჩებში. კაცს ბეზრდება ასეთი ურთიერთობა, იმიტომ, რომ დიდი ხანია აღარაა 13 წლის და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მისთვის აუცილებელია. შედეგი? ისევ შეუმდგარი ურთიერთობა.

ისევ გეკითხებით, ეს ნორმალურია?

რა უნდა გაიგოს ქალმა, როდესაც უნდა ნორმალური ურთიერთობის აწყობა მამაკაცთან?

არავინ გთხოვთ ხელი მოჰკიდოთ და სახლში დაისვათ, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობაა საჭირო. ერთად სეირნობა, კინოში წასვლა, ვახშმის მომზადება, მეგობრებთან ურთიერთობა, სექსი, ძილი, ჭამა, ლაპარაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ყველაზე ცუდი და გაურკვეველი ზუსტად, რომ კაცების პოზიციაა, რასაც ქალები ხშირად ვერ იგებენ. შეიძლება ქალების ბრალიც იყოს რაღაც მომენტში და ზედმეტი ულტიმატუმების წაყენების უფლებას აძლევდნენ კაცებს, მაგრამ ფაქტი ერთია და როგორც დიდი კონსტანტინე ბრძანებს: "თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას…"