რატომ არის ჩვენ საზოგადოებაში მრავალცოლიანობა მიუღებელი, თუმცა ცოლისა და საყვარლის ერთდროულად ყოლა დასაშვები?! - კვირის პალიტრა

რატომ არის ჩვენ საზოგადოებაში მრავალცოლიანობა მიუღებელი, თუმცა ცოლისა და საყვარლის ერთდროულად ყოლა დასაშვები?!

რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა სურათი გამომიგზავნა. ფოტოზე კაცი და ორი ქალი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, ეს ორი ქალბატონი ამ მამაკაცის ცოლები ყოფილან და ასე სამნი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ.

სინამდვილეში რამდენად ზღაპრულია მათი ცხოვრება, ამას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფოტოზე აშკარად სამივე მშვენიერ ხასიათზე ჩანდა.

ისევე, როგორც ადამიანთა უმრავლესობას, ჩემს მეგობარსაც არ ესმის როგორ შეიძლება კაცს ჰყავდეს ორი ცოლი ან ქალს ორი ქმარი. მოკლედ ურთიერთობაში სამკუთხედის არსებობა მისთვის მიუღებელია. კი ბატონო, მართალია, ვეთანხმები მას და ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე ზედმეტია, მაგრამ, იცით, რა მაინტერესებს, რატომ არის ჩვენს საზოგადოებაში ასე მიუღებელი ორი ცოლის ყოლა, საყვარელი კი -  დაშვებული?

კარგით, შეიძლება დაშვებული ცოტა ზედმეტი ნათქვამია, უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანების რეაქციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან როცა იგებენ, რომ კაცს ორი ცოლი ჰყავს, როდესაც არავინ არავის არ ატყუებს, მას ორივეს მიმართ აქვს გრძნობა და ქალებსაც ურჩევნიათ დამალულ ურთიერთობას, ყველაფერი ღია და გახსნილი იყოს და არის მეორე სიტუაცია, როდესაც ქალები მშვენივრად ხვდებიან, რომ ქმარს პარალელური ურთიერთობა აქვს, დარწმუნებულებიც კი არიან ამაში, მაგრამ მათთვის მთავარია ოჯახი შეინარჩუნონ და ამაზე თვალს ხუჭავენ...

ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სწორად მიაჩნია, უბრალოდ, ვერ ვიგებ რატომ არის ღალატი "მიღებული" და ორცოლიანობა მიუღებელი?

იქნებ, ჩვენ მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილი გვირჩევნია? იქნებ, ვფიქრობთ, უმჯობესია, რომ არ დავინახოთ, არ გავიგონოთ და საერთოდ არც ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს ზურგს უკან ხდება?

ნუ გეგონებათ, რომ ორცოლიანობას ვამართლებ ან ვფიქრობ, რომ მეუღლის გარდა სხვა ქალთან ურთიერთობა ნორმალურია, არა და არა! ყოველთვის ვფიქრობდი, ვფიქრობ და მომავალშიც არ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ სიყვარული მხოლოდ ორი ადამიანის კავშირია და არ არის საჭირო მესამე, მეოთხე და მათ შორის კიდევ სხვა დამატებითი პირების არსებობა... მაგრამ როდესაც მეგობარს ვკითხე რა სჯობდა მის ქმარს საყვარელი ჰყოლოდა თუ მეორე ცოლი, მისგან პასუხი მივიღე, რომ ორივე საშინელებაა, თუმცა ფაქტია "გამხელილ ცოდვას" ბევრს დამალული ურჩევნია, რაც ალბათ ჩვენს სისუსტეზე მეტყველებს. ადამიანების სისუსტეზე, რადგან ძალიან ხშირად არ ვაღიარებთ სიმართლეს, ძალიან ხშირად ვხუჭავთ ბევრ ფაქტზე თვალს ზოგჯერ სიყვარულის, ზოგჯერ სხვა ვარიანტის არ ქონის, ზოგჯერ მენტალიტეტის და ბევრი სხვა მიზეზის გამო... თუმცა ერთმანეთის გაკიცხვის უფლება მაინც არ გვაქვს მითუმეტეს როცა საქმე სიყვარულს ეხება. ჩვენ არ ვიცით რა ხდება რეალურად წყვილების ცხოვრებაში...

და რატომ იტანენ ღალატს?

რატომ ღალატობენ?

რატომ არ იმჩნევენ ბევრ რამეს?

რატომ გვაჩვენებენ თავს ბედნიერებად მაშინ, როცა არ არიან და ა.შ?

გეყოლებათ ორი მეუღლე, იქნებით მესამე სხვათა ურთიერთობაში თუ მოახერხებთ და სიყვარულსა და პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობაში სხვას არ შეუშვებთ, თქვენი გადასაწყვეტია, მე კი მაინც ვერ ვხვდები რატომ ვირჩევთ ხშირად იმ ურთიერთობას, რომელიც ტყუილზეა აგებული და მომავალი არ აქვს...

ალბათ ესეც ადამიანური სისუსტეა... ყოველ შემთხვევაში თქვენ ისეთ სიყვარულს გისურვებთ, როდესაც სხვა პირები თქვენ ორის ცხოვრებაში არ გაჭაჭანდებიან...

იხილეთ ასევე: "ორი ცოლი მყავს და ორივეზე ვგიჟდები" - მრავალცოლიანობა საქართველოში