ქალაქი, სადაც უნდა გიყვარდეთ… - კვირის პალიტრა

ქალაქი, სადაც უნდა გიყვარდეთ…

მოგესალმები, მკითხველო! ისეთი ადგილიდან გწერთ, სადაც პრობლემებზე ფიქრის არანაირი სურვილი არ მაქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ბლოგის მთავარი არსი სიყვარულია, ვფიქრობ, თემას არ გადავუხვევ, რადგან ქალაქი სადაც ახლა ვიმყოფები, ჩემი აზრით და ამაში ბევრი გარშემომყოფიც დამეთანხმება, სიყვარულის ქალაქია! არა, სიღნაღში არ ვარ...

იქ ვა, სადაც ყოველი მხრიდან ამ ქალაქისადმი მიძღვნილი სიმღერები ისმის და ხშირად წვიმას, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ბათუმს წვიმაც ძალიან უხდება.

რა მიყვარს განსაკუთრებით ბათუმში? სიმართლე რომ გითხრათ ყველაფერი. დაწყებული საოცარი ზღვითა, ულამაზესი შენობებით და დამთავრებული მომღიმარი ხალხით რომლებიც,  დაბნეულ დამსვენებელს ყოველ ჯერზედაუზარლად უხსნის სად არის ესა თუ ის კაფე და  ესა თუ ის ქუჩა და ა.შ. წარმოიდგინეთ, დღეში რამდენჯერ უწევთ ზოგჯერ ერთი და იგივე ადგილის მინიშნება, თუმცა ამას მაინც ყოველ ჯერზე დაუზარლად აკეთებენ და თან იმ საოცარი კილოთი, ერთი მოსმენით რომ გიყვარდება.

რატომ სიყვარულის ქალაქი?

იმიტომ, რომ აქ ძირითადად თვალი შეყვარებული წყვილებისკენ გამირბის, მზის ჩასვლას სანაპიროზე რომ უყურებენ ან როდესაც ხშირი წვიმისგან ცდილობენ ბიჭები გოგონების დაცვას, და ალბათ იმიტომაც, რომ წარმოუდგენელია ეს ქალაქი ერთი ნახვით არ შეგიყვარდეს.

მაპატიეთ, შეიძლება ამ ბლოგში კიდევ ერთი თემის და პრობლემის განხილვას ელოდებოდით, რომელიც, სამწუხაროდ, აქაც მრავლადაა და შეიძლება მეტადაც კი ჭირს პირადი ურთიერთობები, მაგრამ თითები არ მემორჩილებიან მსგავსი თემების დასაწერად, ალბათ ზოგჯერ როგორც ბევრი თქვენგანი მწერს ხოლმე, " მწარე ენის პატრონ ბლოგერსაც" სჭირდება განტვირთვა... ხუმრობა იქით იყოს და რაც მართალია მართალია - აჭარაში შეუძლებელია არ გიყვარდეს, თუნდაც მცირე ხნით, თუნდაც ერთი კვირით... უნდა გიყვარდეს ყველაფერი, რაც აქ გხვდებათ, უკიდეგანო ზღვით, ქათქაა თოლიებით და მათსავით ქათქათა შენობებით, ერთდროულად მზითა და წვიმით სავსე გარემოთი...

ზუსტად არ ვიცი, აქ ჩამოსული და აქედან წასული წყვილების თავს რა ხდება, მაგრამ ასე მგონია, რომ შეყვარებულ ადამიანებს აქ უფრო მეტად უყვარდებათ ერთმანეთი და ერთმენეთის სიყვარულის გარდა თეთრი ქალაქის ემოციებით დატვირთულები უფრო ბედნიერები უბრუნდებიან ყოველდღიურ რუტინას.

თუმცა მარტოხელებმაც არ გაიტეხოთ გული, ბათუმი ხომ ის ქალაქი, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება იპოვოთ გულისწორი და სხვა თუ არაფერი საკურორტო მძაფარი რომანი გააჩაღოთ...

მოკლედ, მეგობრებო, მთავარია, როგორც ამბობენ, გულის კარგი გქონდეთ სიყვარულისთვის გახსნილი და ბათუმი აუცილებლად გაჩუქებთ სიყვარულს!

თქვენის ნებართვით, ახლა წავალ ჩემს შეყვარებულ ქალაქს კიდევ ერთხელ მივესალმები და წვიმის ქვეში მის პალმებთან ვიცეკვებ... თქვენ კი გიხმობთ ამ საოცარ ქალაქში, რომელიც არასოდეს გიღალატებთ!

წარმატებები!